წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს?

რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს?

ჩვენ, როგორც იეჰოვას მოწმეები, ვცდილობთ, ქრისტიანული ცხოვრების ისეთ გზას მივყვეთ, რომლის შესახებაც იესო ასწავლიდა და რომელი გზითაც მისი მოციქულები დადიოდნენ. ამ სტატიაში მოკლედ არის ახსნილი იეჰოვას მოწმეთა ძირითადი სწავლებები.

  1. ღმერთი. ჩვენ თაყვანს ვცემთ ერთადერთ ჭეშმარიტ და ყოვლისშემძლე ღმერთს, შემოქმედს, რომლის სახელიცაა იეჰოვა (ფსალმუნი 83:18; გამოცხადება 4:11). ის არის აბრაამის, მოსეს და იესოს ღმერთი (გამოსვლა 3:6; 32:11; იოანე 20:17).

  2. ბიბლია. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ბიბლია არის ღვთივშთაგონებული წიგნი და მასში მოცემული ცნობა ადამიანებისთვისაა განკუთვნილი (იოანე 17:17; 2 ტიმოთე 3:16). ჩვენ საკუთარ მრწამსს ვაფუძნებთ ბიბლიის 66-ვე წიგნზე, რომლებიც მოიცავს, როგორც „ძველ აღთქმას“, ისე „ახალ აღთქმას“. პროფესორი ჯეისონ ბედიუნი მართებულად აღნიშნავს თავის წიგნში: „[იეჰოვას მოწმეები] თავიანთ სწავლებებს იმაზე აფუძნებენ, რასაც სინამდვილეში ამბობს ბიბლია და ზედმიწევნით მიჰყვებიან მასში ჩაწერილს; ისინი არ ცდილობენ, მოირგონ მისი სწავლებები და წინასწარ არ საზღვრავენ, მათი გადასახედიდან რა უნდა ეწეროს ამ წიგნში“. *

    მართალია, ჩვენთვის მთელი ბიბლია ავტორიტეტულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფუნდამენტალისტები ვართ. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ბიბლიის გარკვეული მონაკვეთები გადატანითი ანუ სიმბოლური ენითაა დაწერილი და არ უნდა იქნას გაგებული პირდაპირი გაგებით (გამოცხადება 1:1).

  3. იესო. ჩვენ მივყვებით იესო ქრისტეს სწავლებებს და მის მიერ დატოვებულ მაგალითს და განვადიდებთ მას, როგორც ჩვენს მხსნელსა და ღვთის ძეს (მათე 20:28; საქმეები 5:31). ამგვარად, ჩვენ ვართ ქრისტიანები (საქმეები 11:26). მიუხედავად ამისა, ბიბლიიდან ვიცით, რომ იესო არ არის ყოვლისშემძლე ღმერთი და რომ სამების მოძღვრებას არა აქვს ბიბლიური საფუძველი (იოანე 14:28).

  4. ღვთის სამეფო. ეს არის რეალური ხელისუფლება ზეცაში და არა ქრისტიანთა გულის მდგომარეობა. ეს სამეფო შეცვლის ყველა ადამიანურ მმართველობებს და აღასრულებს ღვთის განზრახვას დედამიწასთან დაკავშირებით (დანიელი 2:44; მათე 6:9, 10). ეს სამეფო მალე დაიწყებს მოქმედებას, რადგან ბიბლიური წინასწარმეტყველება მიუთითებს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ „ბოლო დღეებში“ (2 ტიმოთე 3:1—5; მათე 24:3—14).

    იესო ზეცაში ღვთის სამეფოს მეფეა. მან 1914 წელს დაიწყო მმართველობა (გამოცხადება 11:15).

  5. ხსნა. ცოდვისა და სიკვდილისგან ხსნა შესაძლებელია იესოს მიერ გაღებული გამოსასყიდის საფუძველზე (მათე 20:28; საქმეები 4:12). ამ მსხვერპლმა ხალხის სასიკეთოდ რომ იმოქმედოს, მხოლოდ რწმენა კი არ უნდა გამოავლინონ იესოს მიმართ, არამედ შეიცვალონ ცხოვრების წესი და მოინათლონ (მათე 28:19, 20; იოანე 3:16; საქმეები 3:19, 20). ადამიანების საქმეები აჩვენებს, ცოცხალია თუ არა მათი რწმენა (იაკობი 2:24, 26). თუმცა ჩვენ ვერ დავიმსახურებთ ხსნას, რადგან ეს „ღვთის წყალობაა“ (გალატელები 2:16, 21).

  6. ზეცა. იეჰოვა ღმერთი, იესო ქრისტე და ერთგული ანგელოზები სულიერ სამყაროში, ზეცაში მკვიდრობენ (ფსალმუნი 103:19—21; საქმეები 7:55). * ადამიანთა შედარებით მცირე ჯგუფი, რომელთა რიცხვიც 144 000-ია, ზეცაში საცხოვრებლად აღდგება, რათა იესოსთან ერთად იმეფონ ღვთის სამეფოში (დანიელი 7:27; 2 ტიმოთე 2:12; გამოცხადება 5:9, 10; 14:1, 3).

  7. დედამიწა. ღმერთმა იმ მიზნით შექმნა დედამიწა, რომ კაცობრიობის მარადიული საცხოვრებელი ყოფილიყო (ფსალმუნები 104:5; 115:16; ეკლესიასტე 1:4). ღმერთი აკურთხებს მორჩილ ადამიანებს — მათ სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნებათ და მარადიულად იცხოვრებენ სამოთხეში დედამიწაზე (ფსალმუნი 37:11, 34).

  8. ბოროტება და ტანჯვა. ბოროტებამ მას მერე იჩინა თავი, რაც ღვთის ერთ-ერთი ანგელოზი ღმერთს დაუპირისპირდა (იოანე 8:44). ამ ანგელოზმა, რომელსაც ამ დაპირისპირების შემდეგ „სატანა“ და „ეშმაკი“ ეწოდა, გადაიბირა პირველი ადამიანები, ადამი და ევა, და ღვთის წინააღმდეგ განაწყო; სამწუხაროდ, დღეს მათი შთამომავლები სავალალო შედეგებს იმკიან (დაბადება 3:1—6; რომაელები 5:12). სატანის მიერ წამოჭრილი საკამათო საკითხები რომ გადაჭრილიყო, ღმერთმა დაუშვა ბოროტება და ადამიანთა ტანჯვა, მაგრამ მას არ სურს, რომ ეს სამუდამოდ გაგრძელდეს.

  9. სიკვდილი. ისინი, ვინც კვდებიან, წყვეტენ არსებობას (ფსალმუნი 146:4; ეკლესიასტე 9:5, 10). სიკვდილის შემდეგ ადამიანები არ იტანჯებიან ცეცხლოვან ჯოჯოხეთში ან საწამებელში.

    ღმერთი მილიარდობით ადამიანს მკვდრეთით აღადგენს (საქმეები 24:15). მიუხედავად ამისა, ისინი, ვინც უარს იტყვიან, გაეცნონ ღმერთს და მის ნებას, აღდგომის შემდეგ მარადიულად განადგურდებიან და მეტად აღარასდროს აღდგებიან (გამოცხადება 20:14, 15).

  10. ოჯახი. ჩვენ მივყვებით ღვთის მიერ დადგენილ თავდაპირველ ნორმას კაცის და ქალის კავშირთან, ქორწინებასთან დაკავშირებით; მათი გაყრის ერთადერთი საფუძველი სიძვაა (მათე 19:4—9). ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თუ ოჯახები ღვთის სიტყვაში ჩაწერილი სიბრძნით იხელმძღვანელებენ, მათ ბედნიერი ოჯახები ექნებათ (ეფესოელები 5:22—6:1).

  11. ჩვენი თაყვანისმცემლობა. ჩვენ არ ვეთაყვანებით ჯვარს ან ნებისმიერ სხვა გამოსახულებას (კანონი 4:15—19; 1 იოანე 5:21). ჩვენი თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილია:

  12. ჩვენი ორგანიზაცია. ჩვენ ორგანიზებული კრებები გვაქვს და სწორედ ამ კრებებში ვართ გაერთიანებულნი; თითოეულ კრებას ზედამხედველობს უხუცესთა საბჭო. უნდა აღინიშნოს, რომ უხუცესები არ წარმოადგენენ სამღვდელოებას და არც ანაზღაურებას იღებენ (მათე 10:8; 23:8). ჩვენ არ ვიხდით მეათედს და არც ფულს ვკრეფთ ჩვენი კრების შეხვედრებზე (2 კორინთელები 9:7). ჩვენი საქმიანობა ანონიმურად გაღებული ნებაყოფლობითი შესაწირავებით ფინანსდება.

    ხელმძღვანელი საბჭო, მოწიფული ქრისტიანებისგან შემდგარი პატარა ჯგუფი, რომელიც მთავარ სამმართველოში მსახურობს, ხელმძღვანელობას უწევს იეჰოვას მოწმეებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით (მათე 24:45).

  13. ჩვენი ერთობა. ჩვენ მთელ მსოფლიოში ერთი რწმენა გვაერთიანებს (1 კორინთელები 1:10). მეტიც, ძალ-ღონეს არ ვზოგავთ იმისთვის, რომ ჩვენ შორის ნაციონალიზმის, რასობრივი თუ ეთნიკური დისკრიმინაციის ყოველგვარი კვალი წაიშალოს, და არც ფენებად ვყოფთ ადამიანებს (საქმეები 10:34, 35; იაკობი 2:4). თუმცა ჩვენი ერთობა ხელს არ გვიშლის, პირადი არჩევანი გავაკეთოთ ამა თუ იმ საკითხში. თითოეულ მოწმეს შეუძლია ბიბლიით განსწავლული სინდისის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილებები (რომაელები 14:1—4; ებრაელები 5:14).

  14. ჩვენი საქციელი. ჩვენ ვცდილობთ, ნებისმიერი რამე, რასაც ვაკეთებთ, უანგარო სიყვარულით ვაკეთოთ (იოანე 13:34, 35). ჩვენ ვერიდებით ისეთ ქმედებებს, რაც ღვთის უკმაყოფილებას იწვევს, მაგალითად სისხლის უმართებულოდ გამოყენებას, ანუ მის გადასხმას (საქმეები 15:28, 29; გალატელები 5:19—21). ჩვენ მშვიდობისმოყვარენი ვართ და არ ვმონაწილეობთ ომებში (მათე 5:9; ესაია 2:4). ჩვენ პატივს ვცემთ იმ ქვეყნის მთავრობას, სადაც ვცხოვრობთ და ვემორჩილებით მათ მიერ დადგენილ კანონებს მანამ, სანამ არ მოგვთხოვენ ღვთის კანონების დარღვევას (მათე 22:21; საქმეები 5:29).

  15. სხვებთან ჩვენი ურთიერთობა. იესომ ასეთი მცნება მოგვცა: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“. მან აგრეთვე თქვა, რომ ქრისტიანები „არ არიან ქვეყნიერების ნაწილი“ (მათე 22:39; იოანე 17:16). ამიტომ ვცდილობთ, „ყველას სიკეთე გავუკეთოთ,“ მაგრამ, ამავდროულად, არ ვერევით პოლიტიკაში და მტკიცე ნეიტრალურ პოზიციას ვინარჩუნებთ; გარდა ამისა, არც სხვა რელიგიებთან ვთანამშრომლობთ (გალატელები 6:10; 2 კორინთელები 6:14). მიუხედავად ამისა, პატივს ვცემთ მსგავს საკითხებში სხვების არჩევანს (რომაელები 14:12).

თუ გსურთ, მეტი გაიგოთ იეჰოვას მოწმეების მრწამსის შესახებ, შეგიძლიათ ესტუმროთ ჩვენს ვებ-გვერდს, დაუკავშირდეთ ერთ-ერთ ჩვენს ფილიალს ან ოფისს, დაესწროთ კრების შეხვედრას უახლოესს სამეფო დარბაზში ან დაელაპარაკოთ თქვენ მახლობლად მცხოვრებ ერთ-ერთ მოწმეს.

^ აბზ. 4 იხილეთ წიგნი Truth in Translation, გვერდი 165 (ინგლ.).

^ აბზ. 10 ზეცა ბოროტი ანგელოზებისგან გაიწმინდა, თუმცა ისინი ჯერ კიდევ სულიერ სამყაროში განაგრძობენ არსებობას (გამოცხადება 12:7—9).

გაიგეთ მეტი

ვინ არის იეჰოვას მოწმეების ფუძემდებელი?

წაიკითხეთ და გაიგეთ, რატომ არ არის ჩარლზ ტეიზ რასელი ახალი რელიგიის დამფუძნებელი!

აქვთ იეჰოვას მოწმეებს საკუთარი ბიბლია?

ბიბლიის სხვადასხვა თარგმანების გამოყენება დაგეხმარებათ უკეთ გამოიკვლიოთ ბიბლია. სტატიაში მოყვანილი სამი მხარე დაგანახვებთ, რატომ ღირს შესწავლის დროს „ახალი ქვეყნიერების თარგმანითაც“ ისარგებლოთ.

რატომ არ აღნიშნავენ იეჰოვას მოწმეები დაბადების დღეს?

დაფიქრდით ამ სტატიაში განხილულ ოთხ მხარეზე და გაიგეთ, რატომ არის ღვთისთვის მიუღებელი დაბადების დღის აღნიშვნა.

სწამთ იეჰოვას მოწმეებს იესო?

გაიგე, რატომ არის ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანი, რომ სწამდეთ იესო!

ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?

რამდენ იეჰოვას მოწმეს იცნობთ? რა იცით სინამდვილეში მათ შესახებ?