ქართული
აქვთ იეჰოვას მოწმეებს საკუთარი ბიბლია?
https://cms-imgp.jw-cdn.org/img/p/502014131/univ/art/502014131_univ_sqr_xl.jpg
ijwfq სტატია 34

აქვთ იეჰოვას მოწმეებს საკუთარი ბიბლია?

აქვთ იეჰოვას მოწმეებს საკუთარი ბიბლია?

 იეჰოვას მოწმეები ბიბლიის გამოსაკვლევად სხვადასხვა თარგმანით სარგებლობენ. თუმცა, თუ მათ ენაზე ხელმისაწვდომია, უპირატესობას ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ ანიჭებენ. ეს თარგმანი იმით გამოირჩევა, რომ მასში გამოყენებულია ღვთის სახელი, ზუსტია და ადვილი გასაგები.

  •   ღვთის სახელი. ბიბლიის ზოგმა გამომცემელმა არაფრად ჩააგდო ამ წიგნის ავტორი. მაგალითად, ბიბლიის ერთ-ერთ თარგმანში მოხსენიებული იყო 70-ზე მეტი ადამიანის სახელი და გვარი, რომლებმაც წიგნის გამოცემაში მიიღეს მონაწილეობა. მაგრამ ამავე ბიბლიაში ერთხელაც არ არის ნახსენები წიგნის ავტორის – იეჰოვა ღმერთის – სახელი.

     ამის საპირისპიროდ, „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ათასობით ადგილას აღადგინეს ღვთის სახელი, ისე როგორც ეს დედნისეულ ტექსტში იყო. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტი, რომელმაც ეს თარგმანი გამოსცა, ანონიმური რჩება.

  •   სიზუსტე. სამწუხაროდ, ყველა მთარგმნელი ზუსტად არ გადმოსცემს აზრს, რომელიც დედნისეულ ტექსტში იყო ჩადებული. მაგალითად, ერთი თარგმანი მათეს 7:13-ს ასე თარგმნის: „შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც ჯოჯოხეთისკენ მიჰყავს, და ადვილია მასზე სიარული.“ მაგრამ დედნისეულ ტექსტში სიტყვა „ჯოჯოხეთი“ კი არა, „დაღუპვაა“ გამოყენებული. როგორც ჩანს, მთარგმნელებმა იმიტომ გამოიყენეს სიტყვა „ჯოჯოხეთი“, რომ მათი აზრით, ბოროტები სამუდამოდ უნდა დატანჯულიყვნენ ჯოჯოხეთის ცეცხლში. მაგრამ მსგავს აზრს ბიბლიაში ვერსად შევხვდებით. „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ აზრი ზუსტადაა გადმოცემული: „შედით ვიწრო ჭიშკრით, რადგან განიერია ჭიშკარი, რომელშიც მრავალი შედის, და ფართოა გზა, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს კაცი“.

  •   გასაგები. კარგი თარგმანი არა მხოლოდ ზუსტი უნდა იყოს, არამედ ადვილი გასაგებიც. მაგალითად, რომაელების 12:11-ში მოციქული პავლე იყენებს გამოთქმას, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „სულით მდუღარენი“. ვინაიდან ეს გამოთქმა თანამედროვე მკითხველს ბევრს არაფერს ეუბნება, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ამ სიტყვებს ისე გადმოსცემს, რომ გაცილებით ადვილი გასაგებია. ბიბლიის ამ თარგმანში წერია: „სულით აენთეთ“.

 გარდა იმისა, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ გამოყენებულია ღვთის სახელი, ადვილად გასაგები და ზუსტია, მისი მიღება სრულიად უსასყიდლოდაც შეიძლება. ამის წყალობით ბიბლიის წაკითხვა მშობლიურ ენაზე მილიონებს შეუძლიათ, მათ შორის მათაც, ვისაც ბიბლიის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს.