არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ჩემი ცხოვრების საუკეთესო ჯილდო

ჩემი ცხოვრების საუკეთესო ჯილდო
  • დაბადების წელი: 1967

  • ქვეყანა: ფინეთი

  • წარსულში: პროფესიონალი ჩოგბურთელი

მოკლე ბიოგრაფია

 გავიზარდე წყნარ და სიმწვანით მოსილ ფინეთის გარეუბანში, ტამპერეში. ჩემი ოჯახი რელიგიის მიმართ დიდი ინტერესით არ გამოირჩეოდა, თუმცა დიდ ყურადღებას აქცევდა აღზრდასა და განათლებას. დედაჩემი წარმოშობით გერმანელია, ამიტომ პატარაობაში პაპა-ბებიას ხშირად ვსტუმრობდი დასავლეთ გერმანიაში.

 სპორტი ბავშვობიდან მიყვარდა. თავიდან სპორტის თითქმის ყველა სახეობით ვიყავი დაკავებული, მაგრამ 14 წლისამ მთელი ყურადღება ჩოგბურთზე გადავიტანე. 16 წლის ასაკში დღეში ორჯერ ან სამჯერ ვვარჯიშობდი; ვარჯიშის სესიების დროს და საღამოობით — დამოუკიდებლად. ძალიან მომწონდა ჩოგბურთი. თამაშში მთლიანად ვიყავი ჩართული, ფიზიკურადაც და გონებრივადაც. მართალია, მეგობრებთან ერთად ხანდახან ლუდს ვსვამდი, თუმცა ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებული არასოდეს ვყოფილვარ. ჩემს ცხოვრებაში პირველ ადგილზე ჩოგბურთი იდგა.

 17 წლისამ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციაში (ATP) დავიწყე თამაში. a რამდენიმე წარმატებული ტურნირის შემდეგ ხალხში პოპულარობა მოვიპოვე. 22 წლის ასაკში უკვე მსოფლიოს საუკეთესო ორმოცდაათ ჩოგბურთელთა შორის მოვხვდი.

 წლების მანძილზე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მომიწია პროფესიონალური ჩოგბურთის თამაში. არაერთი გასაოცარი ადგილი ვნახე, თუმცა ამავე დროს უამრავი გლობალური პრობლემის მომსწრე გავხდი, როგორიცაა დამნაშავეობა, ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება და გარემოს დაბინძურება. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს გაგვაფრთხილეს, რომ ზოგიერთი ქალაქის კონკრეტულ უბნებში არ გაგვევლო, რადგან ამ ადგილებში დამნაშავეობის მაღალი მაჩვენებელი იყო. ეს ყველაფერი ძალიან მაღელვებდა. მართალია, საყვარელი საქმით ვიყავი დაკავებული, მაგრამ დღის ბოლოს სიცარიელეს ვგრძნობდი.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა

 ჩემმა მეგობარმა გოგონამ, სანამ, იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მისი რელიგიით დაინტერესება ცოტა არ იყოს გამიკვირდა, თუმცა წინააღმდეგობა არ გამიწევია. 1990 წელს დავქორწინდით; ერთი წლის შემდეგ სანა მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა. რაც შემეხება მე, რელიგიური პიროვნება არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა ღმერთის არსებობის მწამდა. მახსოვს, ბავშვობაში გერმანიაში ყოფნის დროს, ბებია ხშირად კითხულობდა ბიბლიას და ლოცვაც კი მასწავლა.

 ერთხელ მე და სანა ერთ იეჰოვას მოწმე წყვილს ვესტუმრეთ. ქმარს კარი ერქვა. მან ბიბლიიდან ბოლო დღეებთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება მაჩვენა (2 ტიმოთე 3:1—5). ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა; როგორც იქნა მივხვდი, თუ რატომ ხდებოდა მსოფლიოში ამდენი ცუდი რამ. იმ დღეს რელიგიის შესახებ აღარ გვისაუბრია. თუმცა მას შემდეგ, მე და კარი ბიბლიურ თემებზე ხშირად ვსაუბრობდით და ყველაფერს ნელ-ნელა ნათელი ეფინებოდა. ჩემი დატვირთული გრაფიკისა და ხშირი მოგზაურობის გამო, კარის ხშირად ვეღარ ვნახულობდი. მაგრამ მას ხელი არ ჩაუქნევია. ის წერილებით მპასუხობდა იმ კითხვებზე, რომლებსაც შესწავლის დროს ვუსვამდი ხოლმე. ბიბლიაში ლოგიკურად არის ჩაწერილი ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები. თანდათან ჩემთვის ცხადი გახდა ბიბლიის მთავარი თემა, რომ მალე ღვთის სამეფო სისრულეში მოიყვანს ღვთის განზრახვას. ჩემზე ძალიან იმოქმედა ღვთის სახელის გაგებამ და იმან, თუ რამდენი რამ გააკეთა ღმერთმა კაცობრიობისთვის (ფსალმუნი 83:18). განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო იმის გაგება, რომ ღმერთმა მსხვერპლი გაიღო ჩვენ გამოსასყიდად და ეს არ იყო მხოლოდ იურიდიული ფორმალობა, არამედ ეს ღვთის სიყვარულის უდიდესი გამოვლინება იყო (იოანე 3:16). აგრეთვე გავიგე, რომ შემიძლია ღმერთს დავუმეგობრდე და მარადიულად ვიცხოვრო სამოთხეში (იაკობი 4:8). საკუთარ თავს ვეკითხებოდი: „მე როგორ შემიძლია მადლიერება გამოვხატო ამ ყოველივეს მიმართ?“.

 ჩემს ცხოვრებას თვალი გადავავლე. ბიბლიიდან ვსწავლობდი, რომ უდიდესი ბედნიერება გაცემას მოაქვს და მეც გამიჩნდა სურვილი, რომ ჩემი რწმენის შესახებ სხვებთან მესაუბრა (საქმეები 20:35). რადგან პროფესიონალი სპორტსმენი ვიყავი და ტურნირებში ვმონაწილეობდი, წელიწადში დაახლოებით ორას დღეს სახლიდან შორს ვატარებდი. ჩემი ოჯახის მთავარი საფიქრალი ყოველთვის მე ვიყავი — ჩემი ვარჯიში, ჩემი გეგმები, ჩემი კარიერა. მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა.

 ვიცოდი, ბევრი ვერ გაიგებდა, რატომ ვთქვი რელიგიის გამო წარმატებულ კარიერაზე უარი. მაგრამ იეჰოვას გაცნობის და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მქონდა, ამას კი ვერანაირი ჯილდო ვერ შეედრებოდა, რომელიც შესაძლოა ჩოგბურთის თამაშის დროს მომეპოვებინა. ასე რომ, გადაწყვეტილების მიღება აღარ გამჭირვებია. მტკიცედ გადავწყვიტე, ყურადღება არ მიმექცია, რას იტყოდა ხალხი. ეს იყო პირადი გადაწყვეტილება. ამ დროს ყველაზე მეტად გამამხნევა ფსალმუნის 118:6-ში ჩაწერილმა სიტყვებმა: „იეჰოვაა ჩემ გვერდით, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?“.

 იმ პერიოდში რამდენიმე სპონსორმა სარფიანი გარიგება შემომთავაზა, რაც საშუალებას მომცემდა პროფესიონალური ჩოგბურთი წლების განმავლობაში თავისუფლად მეთამაშა. თუმცა გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა; ასე რომ, უარი ვთქვი შემოთავაზებაზე და საბოლოოდ წამოვედი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციიდან. გავაგრძელე ბიბლიის შესწავლა და 1994 წლის 2 ივლისს მოვინათლე.

კურთხევები

 ჩემს ცხოვრებაში რაიმე უბედური შემთხვევა არ მომხდარა, რაც ღმერთზე ფიქრს დამაწყებინებდა. არც ისეთი პიროვნება ვიყავი, ჭეშმარიტების ძიება დამეწყო. საკმაოდ კარგი ცხოვრება მქონდა და მეტი არც მინდოდა. თუმცა თურმე ბიბლიური ჭეშმარიტება მელოდა; აღმოვაჩინე, სინამდვილეში რა არის სიცოცხლის აზრი და ჩემი ცხოვრებაც გაცილებით უკეთესი გახდა. ამას ვერც კი წარმოვიდგენდი! ახლა ჩემი ოჯახი უფრო ძლიერი და ერთიანია. მახარებს, როცა ვხედავ, რომ ჩემი სამი ვაჟი ჩემს კვალს მიჰყვება, ოღონდ არა როგორც სპორტსმენის, არამედ — როგორც ქრისტიანის.

 ახლაც ვთამაშობ ჩოგბურთს. უკვე წლებია, ამ პროფესიას ოჯახის სარჩენად ვიყენებ. ხან მწვრთნელად ვმუშაობდი ჩოგბურთის ცენტრში, ხან მენეჯერად. თუმცა სპორტს ჩემს ცხოვრებაში მთავარი ადგილი აღარ უჭირავს. ადრე ყოველ კვირა საათობით ვვარჯიშობდი, რათა ჩოგბურთის ჩემპიონი გავმხდარიყავი. ახლა კი, როგორც სრული დროით მსახური, ბედნიერი ვარ, რომ დიდ დროს ქადაგებას ვუთმობ და ადამიანებს ბიბლიური პრინციპების გაგებაში ვეხმარები; იმ პრინციპების, რომლებიც ჩემი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში დამეხმარა. ენით აუწერელ სიხარულს მანიჭებს ის, რომ იეჰოვასთან ურთიერთობას ჩემს ცხოვრებაში პირველი ადგილი უჭირავს და სხვებს ნათელი მომავლის შესახებ იმედს ვამცნობ (1 ტიმოთე 6:19).

a პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია ორგანიზებას უწევს მსოფლიო ჩოგბურთის ტურნირს მამაკაცებისთვის. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ტურნირის დროს იმართება შეჯიბრებები, სადაც გამარჯვებულებს სარეიტინგო ქულები ენიჭებათ და ფულადი პრიზები გადაეცემათ. ამ შეჯიბრებებში დაგროვილი ქულები განსაზღვრავს მოთამაშის მსოფლიო რეიტინგს.