წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ყოველწლიური შეხვედრის ანგარიში

„დროული საზრდო“

ყოველწლიური შეხვედრის ანგარიში

პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების 128-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე ათასობით დამსწრემ მოისმინა გამამხნევებელი ანგარიში და მათეს 24:45—47-ში ჩაწერილი სიტყვების განხილვა.

 

2012 წლის 6 ოქტომბერს ჯერზი-სიტის (ნიუ–ჯერზი, აშშ) იეჰოვას მოწმეების საკონგრესო დარბაზში დაახლოებით 5 000-მა კაცმა მოიყარა თავი ყოველწლიური შეხვედრის პროგრამის მოსასმენად. მათ გარდა, კიდევ 10 000 პროგრამას ვიდეოტრანსლაციის მეშვეობით ადევნებდა თვალყურს ბრუკლინის, პატერსონისა და უოლკილის კომპლექსებში, აგრეთვე კანადის ფილიალში.

 

პროგრამას იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭოს წევრი ენტონი მორისი უძღვებოდა, რომელმაც გაიხსენა გასული წლების განსაკუთრებული, ისტორიული მნიშვნელობის მქონე წლიური შეხვედრები. აუდიტორია ამ წელსაც განსაკუთრებულის მოლოდინშია; მათ აინტერესებთ, იქნება თუ არა წლევანდელი შეხვედრაც ისტორიული მნიშვნელობის.

 

ამის შემდეგ აუდიტორიას ორი ვიდეორგოლი უჩვენეს, საიდანაც ყველამ კარგად დაინახა, როგორ მიიწევს წინ ღვთის საქმე მთელს მსოფლიოში.

 

სამეფო დარბაზების მშენებლობა.

ამ ვიდეორგოლში ნაჩვენები იყო, თუ როგორ წარმატებულად მიმდინარეობს სამეფო დარბაზების მშენებლობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებში. ბოლო 13 წლის მანძილზე სამეფო დარბაზების სამშენებლო ჯგუფებმა ასეთ ქვეყნებში 25 402 სამეფო დარბაზი ააშენეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში 5-ზე მეტი სამეფო დარბაზი შენდებოდა. ეს სამეფო დარბაზები მთელ მსოფლიოში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების მიერ გაღებული შესაწირავების წყალობით აშენდა. გარდა ამისა, ის და-ძმები, რომლებიც ამ ჯგუფებში მსახურობენ, დაუყოვნებლივ მიემგზავრებიან ხოლმე სტიქიის ზონებში და დაზარალებულებს ეხმარებიან სტიქიის შედეგად დაზიანებული ან დანგრეული სამეფო დარბაზებისა და საცხოვრებელი სახლების შეკეთებასა თუ აღდგენაში.

 

სპეციალური კონგრესები.

2012 წელს იეჰოვას მოწმეებმა რამდენიმე სპეციალური კონგრესი ჩაატარეს, რომელსაც უცხოელი დელეგატებიც დაესწრნენ. რით განსხვავდება ეს კონგრესები საერთაშორისო კონგრესებისგან, რომლებიც გასულ წლებში ჩატარდა?

 

ვიდეორგოლში იხსნებოდა, რომ იმ კვირაში, როდესაც კონგრესი ტარდებოდა, დელეგატების დაბინავებას ადგილობრივი ფილიალი უწევდა ორგანიზებას და არა ტურისტული სააგენტოები; ფილიალი და-ძმების ტრანსპორტირებაზეც ზრუნავდა და იმაზეც, რომ მათ ყოველდღიურად ჰქონოდათ გემრიელი სადილი. თითოეულ ასეთ კონგრესს დაახლოებით 1 500 უცხოელი დელეგატი დაესწრო.

 

ადგილობრივ და უცხოელ მოწმეებს ერთმანეთთან დაახლოების შესაძლებლობა არა მარტო კონგრესზე, არამედ ქალაქის დათვალიერების, ერთად წახემსებისა თუ ქადაგების დროსაც მიეცათ. ვიდეოში აღნიშნული იყო: „ასეთ კონგრესებზე ნამდვილად ვხდებით იმის მოწმენი, რომ ძმური სიყვარული მართლაც გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“.

 

წარმოიდგინეთ, რა სიხარულს მოჰგვრიდა პროგრამაზე დამსწრეთ იმის გაგება, რომ ამიერიდან სპეციალური კონგრესები მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა ქალაქში ყოველწლიურად ჩატარდებოდა.

 

ქვემოთ ვისაუბრებთ ამ წლიური შეხვედრის რამდენიმე მნიშვნელოვან ფრაგმენტზე:

 

ინტერვიუები.

სხვადასხვა ფილიალის კომიტეტის სამმა წევრმა მეუღლეებთან ერთად, რომლებმაც მთლიანობაში სრული დროით მსახურებაში 342 წელი გაატარეს, აუდიტორიას გაუზიარა, როგორ ასწავლიდა იეჰოვა მათ არაერთი დავალების შესრულებას.

 

რიჩარდ კელსმა, გერმანიის ფილიალის კომიტეტის წევრმა, აღნიშნა, რომ სკოლა ფილიალის კომიტეტის წევრებისთვის და მათი მეუღლეებისთვის დაეხმარა მას, „ყოველთვის მიჰყოლოდა იეჰოვას ხელმძღვანელობას“. იეჰოვა მოსიყვარულე მამაა, რომელსაც მხოლოდ საუკეთესო სურს ჩვენთვის. „მას სურს, რომ მარადიულად ვიცხოვროთ, — თქვა ძმა კელსმა. — და ყოველმხრივ ზრუნავს ჩვენზე“. ამ სკოლამ კომიტეტის წევრებს ასწავლა, მიჰბაძონ თავიანთ მოსიყვარულე მამას.

 

1958 წელს, როდესაც ლინდა იოჰანსენი დაახლოებით ორი წლის მონათლული და ერთი წლის დაქორწინებული იყო, „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიურ სკოლა „გალაადში“ მიიწვიეს. „როცა დავინახე, რაოდენ გამოცდილ და მოწიფულ და-ძმებთან ერთად უნდა მესწავლა, ვიფიქრე, რომ იქ ნამდვილად არ იყო ჩემი ადგილი“, — გაიხსენა და ლინდამ.

 

ასეთი გრძნობების მიუხედავად, და ლინდა მთელი გულმოდგინებით განაგრძობდა სწავლას. სკოლის დამთავრების შემდეგ ის და მისი მეუღლე მალავიში დანიშნეს მისიონერებად. ამ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეებს სასტიკად დევნიდნენ. ამ დევნების ტალღამ რომ გადაიარა, და ლინდამ შესწავლა დაიწყო ერთ სახელმწიფო მოხელესთან, რომელიც წარსულში მოწმეების წინააღმდეგ გამოდიოდა. დღეს მისი მეუღლე და ქალ-ვაჟი იეჰოვას მონათლული მოწმეები არიან.

 

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგება.

იეჰოვას მოწმეების ერთ-ერთი სკოლის (ბიბლიური სკოლა ქრისტიანი წყვილებისთვის) ოთხმა კურსდამთავრებულმა და ერთმა მიმომსვლელმა ზედამხედველმა ნიუ-იორკიდან, გაიხსენეს შემთხვევები, რომლებიც ხალხმრავალ ადგილებში ქადაგების დროს ჰქონდათ.

 

იქ, სადაც ხალხმრავლობაა, სრული დროით მსახური იეჰოვას მოწმეები მაგიდებსა და სტენდებს დგამენ, რომლებზეც ბიბლიური ლიტერატურაა განთავსებული. გამვლელებს შეუძლიათ აიღონ ლიტერატურა, მიიღონ პასუხები ბიბლიურ კითხვებზე და მოითხოვონ ბიბლიის შესწავლა.

 

მოწმეები ამ მეთოდით ქადაგებენ მთელ ნიუ-იორკში, აგრეთვე ჩიკაგოსა და ლოს-ანჯელესში. მხოლოდ ერთ წელიწადში სტენდებთან და მაგიდებთან მდგომ მოწმეებს 2 700-მდე ადამიანმა სთხოვა უსასყიდლო ბიბლიის შესწავლა.

 

პატარების მიერ შესრულებული სიმღერა.

ბევრს თვალზე ცრემლი მოადგა, როდესაც 17 ბავშვისგან შემდგარმა გუნდმა სიმღერების წიგნიდან „უმღერეთ იეჰოვას“ შეასრულა (120-ე სიმღერა) „უსმინეთ, იყავით მორჩილები და მიიღეთ კურთხევები“.

 

შემდეგ მოხსენებათა სერიით, რომელიც ექვსი ნაწილისგან შედგებოდა, აუდიტორიის წინაშე წარდგნენ ხელმძღვანელი საბჭოს წევრები: ჯეფრი ჯექსონი, გერიტ ლოში, გაი პირსი, სამუელ ჰერდი, სტივენ ლეტი და დეივიდ სპლეინი. მათ განიხილეს მათეს 24:45—47-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები:

 

„ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც ბატონმა დანიშნა, რომ დროულად მიეცა საზრდო მისი შინაურებისთვის? ბედნიერია ის მონა, რომელსაც ბატონი თავისი მოსვლისას ასე მოქმედს პოვებს! ჭეშმარიტებას გეუბნებით: მთელ თავის ქონებას მას ჩააბარებს“.

 

მოხსენებათა სერიაში პასუხი გაეცა შემდეგ კითხვებს:

 

როდის დანიშნა იესომ „ერთგული და გონიერი მონა“ შინაურებისთვის მეთვალყურეობის გასაწევად?

მოდი, განვიხილოთ ამ მუხლების კონტექსტი. მათეს 24-ე თავში ჩაწერილი ქვემოთ მოყვანილი ყველა მუხლი უნდა შესრულებულიყო „ქვეყნიერების აღსასრულისას“ (მე-3 მუხლი), როცა იესო მოსული იქნებოდა.

 

  • „იმ დღეების გასაჭირი“ (29-ე მუხლი).

  • „ეს თაობა“ (34-ე მუხლი).

  • „დღე და საათი“ (36-ე მუხლი).

  • „დღე, [როცა] მოვა თქვენი უფალი“ (42-ე მუხლი).

  • „რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“ (44-ე მუხლი).

 

აქედან, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ „ერთგული და გონიერი მონა“ მას შემდეგ უნდა გამოჩენილიყო, რაც 1914 წელს ქრისტეს მოსვლის პერიოდი დაიწყებოდა.

 

უფრო მეტიც, იესომ მიგვანიშნა, რომ ეს „მონა“ მაშინ გამოჩნდებოდა, როცა ბუნებრივად დაიბადებოდა კითხვა: „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა?“. ახ. წ. I საუკუნეში არ არსებობდა ამ კითხვის დასმის საჭიროება, რადგან იესოს მოციქულებს წმინდა სულის სხვადასხვა სასწაულებრივი ძღვენი ჰქონდათ ბოძებული (1 კორინთელები 14:12, 24, 25). მართალია, პირველი საუკუნის მოციქულები და სხვა ქრისტიანები წმინდა სულით იყვნენ ცხებული, მაგრამ ისინი არ წარმოადგენდნენ „ერთგულ და გონიერ მონას“, რომლის შესახებაც იესო წინასწარმეტყველებდა.

 

ამიტომ გონივრულია, დავასკვნათ, რომ იესომ „ერთგული და გონიერი მონა“ „შინაურებისთვის“ მეთვალყურეობის გასაწევად „ქვეყნიერების აღსასრულისას“ დანიშნა, მაშინ როცა იგი მოსული იყო.

 

„ვინ არის ერთგული და გონიერი მონა?“

იესოს მიერ მოხსენიებული სიტყვა „მონა“ მხოლობით რიცხვში დგას, თუმცა ეს სიტყვა ერთზე მეტ ადამიანს ანუ ჯგუფს გულისხმობს, რომელიც როგორც ერთი მთლიანი, ისე იმოქმედებდა. როგორც იესომ თქვა, „ბატონის“ მიერ დანიშნული მონა ორ დავალებას შეასრულებდა: 1) „შინაურებს“ მეთვალყურეობას გაუწევდა და 2) დროულად მიაწოდებდა მათ სულიერ საზრდოს.

 

1919 წლიდან მოყოლებული იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარ სამმართველოში ყოველთვის მსახურობდა ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი პატარა ჯგუფი. ისინი მთელ მსოფლიოში სამქადაგებლო საქმეს ხელმძღვანელობენ და უშუალოდ მონაწილეობენ სულიერი საზრდოს მომზადებასა და განაწილებაში. ბოლო ათწლეულების მანძილზე ამ ჯგუფს წარმოადგენს იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო.

 

ზემოხსენებული მსჯელობის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ერთგული და გონიერი მონა“ „შინაურებისთვის“ მეთვალყურეობის გასაწევად 1919 წელს დაინიშნა. ამ მონას წარმოადგენს ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი პატარა ჯგუფი, რომელიც მთავარ სამმართველოში ქრისტეს მოსვლის პერიოდში მსახურობს და უშუალოდ არის ჩართული სულიერი საზრდოს მომზადებასა და განაწილებაში. როდესაც ეს ჯგუფი, როგორც ხელმძღვანელი საბჭო, ასრულებს თავის დავალებას, ის „ერთგულ და გონიერ მონას“ წარმოადგენს.

 

ვინ არიან „შინაურები“?

იესომ თქვა, რომ „მისი შინაურები“ დროულად მიიღებდნენ საზრდოს. იესოს ყველა ნამდვილი მიმდევარი „ერთგული და გონიერი მონისგან“ იღებს სულიერ საზრდოს. აქედან გამომდინარე, ქრისტეს ყველა მოწაფე, როგორც ცალკეული ცხებულები, ისე „სხვა ცხვრის“ წარმომადგენლები, „მის შინაურებს“ განეკუთვნებიან (იოანე 10:16).

 

მას შემდეგ, რაც მომხსენებელმა ახსნა იესოს წინასწარმეტყველების ეს განსაკუთრებული მხარე, დარბაზში ტაშმა იქუხა. პროგრამის დასრულების შემდეგ დამსწრეთაგან ზოგიერთმა თავისი ღრმა მადლიერება გამოხატა იმის გამო, რომ იესო მათაც „შინაურებად“ მიიჩნევს.

 

როდის ჩააბარებს იესო მონას „მთელ თავისი ქონებას“?

იესომ თქვა, რომ „ბატონი თავისი მოსვლისას“ (სიტყვასიტყვით — როცა მოსული იქნება) „მთელ თავის ქონებას მას [მონას] ჩააბარებს“. როდის მოდის „ბატონი“ ანუ იესო?

 

როგორც ზემოხსენებულ მუხლში, ისე მათეს 24-ე თავის 42-ე და 44-ე მუხლებში გამოყენებული სიტყვა „მოსვლა“ ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან „ერქომაი“; ეს მუხლები მიუთითებს დიდი გასაჭირის დროს იესოს, როგორც მოსამართლის მოსვლაზე (მათე 24:30; 25:31, 32).

 

აქედან გამომდინარე, ზემოხსენებული სიტყვებიც, რომ იესო „მთელ თავის ქონებას მას [მონას] ჩააბარებდა“, მომავალში, დიდი გასაჭირის დროს უნდა შესრულებულიყო.

 

რა იგულისხმება იესოს „ქონებაში“?

იესომ თქვა: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული“ (მათე 28:18). იესოს „ქონებაში“ მხოლოდ ის კი არ იგულისხმება, რაც დედამიწაზე სამეფოს ინტერესებს ემსახურება, არამედ მესიის სამეფოც (ფილიპელები 2:9—11).

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იესო „ერთგული და გონიერი მონის“ წარმომადგენლებს დააჯილდოებს, როცა ზეციური ცხოვრებისთვის აღადგენს, სამეფო ძალაუფლებას მისცემს და მთელ თავის ქონებას, ზეცაში თუ დედამიწაზე, მათ ჩააბარებს. ასეთივე ჯილდოს მიიღებს ყველა ერთგული ცხებული ქრისტიანი (ლუკა 22:28—30; გამოცხადება 20:6).

 

მოხსენებათა სერიის დასკვნით ნაწილში სპეციალური განცხადება გაკეთდა. მას შემდეგ, რაც ძმა დეივიდ სპლეინმა მათეს 28:20-დან იესოს გამამხნევებელი სიტყვები წაიკითხა, დასძინა: „ჩვენ ღვთისადმი ნდობის კიდევ ერთი საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს. სწორედ ამაზე საუბრობს 2013 წლის მუხლი, კერძოდ იესო ნავეს ძის 1:9: „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი ... შენთან იქნება იეჰოვა, შენი ღმერთი“.

 

„რას უნდა ველოდეთ მომავალ წელს? — ასეთი კითხვით მიმართა ძმა მორისმა აუდიტორიას დასკვნითი სიტყვების წარმოთქმისას. — შემდეგ წელს წლიური შეხვედრა, რომელიც 2013 წლის 5 ოქტომბერს ჩატარდება, ვიდეოტრანსლაციის მეშვეობით შეერთებული შტატების ზოგ საკონგრესო დარბაზსა და სხვა ინგლისურენოვან ქვეყნებში გადაიცემა“.

პროგრამის თარგმნა არ მოხდება და მისი ვიდეოტრანსლაცია მხოლოდ ინგლისურ ენაზე განხორციელდება.

 

ასეთი ამაღელვებელი და ისტორიული მნიშვნელობის პროგრამის დასასრულს დამსწრეებმა ერთად შეასრულეს 116-ე სიმღერა „სინათლე უფრო და უფრო კაშკაშა ხდება“ (სიმღერების წიგნი „უმღერეთ იეჰოვას“). ამ სიმღერის ტექსტი პროგრამის თემას „ეხმიანებოდა“:

 

„უფალმა დანიშნა ერთგული მონა,

მის მიერ გვაძლევს დროულ საკვებს,

იზიდავს ჩვენს გულს და გონებას მზარდი,

ღვთის ჭეშმარიტების სინათლე“.