არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ყოველწლიური შეხვედრის ანგარიში

„ღვთის წიგნი საუნჯეა“

ყოველწლიური შეხვედრის ანგარიში

2013 წლის 5 და 6 ოქტომბერს პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების 129-ე ყოველწლიური შეხვედრის პროგრამა 31 ქვეყანაში 1 413 676 ადამიანმა მოისმინა. ეს პროგრამა ჯერზი-სიტის (ნიუ-ჯერზი, აშშ) საკონგრესო დარბაზიდან პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა.

პროგრამას ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, გაი პირსი უძღვებოდა. დასაწყისში მან აღნიშნა, რომ ამ შეხვედრაზე პასუხი გაეცემოდა მნიშვნელოვან ბიბლიურ კითხვებს, მეტი ნათელი მოეფინებოდა ბიბლიურ სწავლებებს და ისიც დასძინა, რომ ყველა მიიღებდა დროულ სულიერ საზრდოს. აუდიტორიას ერთი სული ჰქონდა გაეგო, რა ელოდა წინ (მათე 24:45; იგავები 4:18).

„გამოფენა, რომელიც განადიდებს იეჰოვას“.

ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, მარკ სანდერსონმა ისაუბრა იმ ახალი გამოფენის შესახებ, რომელიც ბრუკლინში (ნიუ-იორკი, აშშ), მსოფლიო მთავარ სამმართველოში მოეწყო. ამ გამოფენას უწოდეს „ბიბლია და ღვთის სახელი“. ეს გამოფენა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ღვთის სახელი არაერთ ადგილას გვხვდება როგორც ებრაულ, ისე ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში. ამ გამოფენაზე წარმოდგენილია მრავალი ძველი ბიბლია, უძველესი არქეოლოგიური ძეგლების, არტეფაქტების, რეპროდუქციები და შუა საუკუნეების დროინდელი ბიბლიების ცალკეული გვერდები.

ამ კოლექციაში აგრეთვე შესულია ცალკეული გვერდები მე-16 საუკუნით დათარიღებული ბიბლიის თარგმანიდან, რომელიც უილიამ ტინდალის მიერაა შესრულებული. მან პირველმა თარგმნა ღვთის სახელი ინგლისურ ენაზე; აგრეთვე ერთი გვერდი ესპანურ ენაზე შესრულებული რეინა-ვალერას სახელით ცნობილი ბიბლიის 1602 წლის გამოცემიდან, სადაც არაერთხელ გვხვდება ღვთის სახელი, იეჰოვა. ამავდროულად, გამოფენაზე ნახავთ ინგლისურ ენაზე შესრულებულ „დიდ ბიბლიას“ (1549 წლის გამოცემა), ელიას ჰატერის თორმეტენოვანი ბიბლიის თარგმანის ასლს (1599 წლის გამოცემა, აგრეთვე ეწოდება „ნიურნბერგის პოლიგლოტი“) და „ჟენევის ბიბლიას“. ყველა ამ ბიბლიაში მოხსენიებულია ღვთის სახელი.

ძმა სანდერსონმა ყველას მოუწოდა, რომ დაეთვალიერებინათ ეს გამოფენა. „ჩვენ ვლოცულობთ... რომ ეს გამოფენა დაეხმაროს სუფთა გულის ადამიანებს, რა ასაკისაც არ უნდა იყვნენ და რა განათლებაც არ უნდა ჰქონდეთ მიღებული, შეიყვარონ ის ორი რამ, რაც ყველა ჩვენგანს ძლიერ გვიყვარს— ღვთის სიტყვა, ბიბლია და ღვთის დიდებული სახელი, იეჰოვა“.

2014 წლის მუხლი.

ამის შემდეგ ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, გერიტ ლოშმა მოკლედ განიხილა იმ კვირის „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატია. ძმა გაი პირსმა კი გამოაცხადა 2014 წლის მუხლი: „მოვიდეს შენი სამეფო“ (მათე 6:10). იეჰოვას მოწმეებისთვის ეს მუხლი ნებისმიერ წელს იქნებოდა დროული, მაგრამ ამ წელს განსაკუთრებული ელფერი შეიძინა, რადგან ზუსტად 100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ზეცაში ღვთის სამეფომ დაიწყო მმართველობა.

„ძვირფასი საჩუქარი იეჰოვასგან“.

შემდეგ აუდიტორიას უჩვენეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელშიც ასახულია, თუ რა უძღოდა წინ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემას. ეს თარგმანი, რომელიც იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს, ზოგის აზრით, ბიბლიის თარგმანებს შორის ყველაზე საუკეთესოა. როდესაც 1950 წელს ნეითან ნორმა საერთაშორისო კონგრესზე, სახელწოდებით „თეოკრატიული ზრდა“, ამ თარგმანის პირველი ტომის გამოცემა გამოაცხადა, მსმენელებს ისეთი რამ ურჩია, რაც ჩვენთვისაც საყურადღებოა: „გულდასმით წაიკითხეთ, საფუძვლიანად შეისწავლეთ და სხვებსაც დაეხმარეთ მის შესწავლაში, რადგან ამაზეა დამოკიდებული, მოუხმობენ თუ არა ისინი ღვთის სახელს, იეჰოვას!“.

„მოგზაურობა წარსულში“.

ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, სამუელ ჰერდმა თავის მოხსენებაში აუდიტორიას უჩვენა ინტერვიუების ჩანაწერი, რომელიც მან შეერთებული შტატების ბეთელის ოჯახის ოთხი წევრისგან აიღო. ეს და-ძმები 1950 წელს ესწრებოდნენ კონგრესს, სადაც გამოცხადდა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ პირველი ტომის გამოცემა. ეს იყო პირველი ტომი იმ ექვსტომეულიდან, რომელიც 1950—1960 წლებში გამოიცა.

და იუნეს ტიმმა გაიხსენა, როგორ იყენებდნენ „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ კრების შეხვედრებზე და როგორ ადგებოდა მას კვლევაში დამხმარე მარგინალური მუხლები. «კრებებზე ექვსივე ტომის ტარება ძალიან მიჭირდა, — ჰყვება იუნეს ტიმი. — ამიტომ მხოლოდ ის ტომი მიმქონდა, რომელიც შეხვედრაზე დამჭირდებოდა. თან ვატარებდი ჯიბის ზომის „მეფე ჯეიმზის თარგმანსაც“ იმ შემთხვევებისთვის, თუ ისეთი მუხლების ამოკითხვა მომიწევდა, რომელიც იმ მომენტში ჩემს ხელთ არსებულ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ არ იყო».

ძმა სამუელმა აღნიშნა, რომ ეს ახალი თარგმანი ძალიან ბევრ რამეში დაეხმარა იეჰოვას მოწმეებს. მაგალითად, ერთი ძმა, ფრედ რასკი იხსენებს, რომ 1950 წლამდე ბეთელში ძმები დაახლოებით ასე ლოცულობდნენ: „მოვედინ სუფევაი შენი“. ეს სიტყვები აღებული იყო „მეფე ჯეიმზის თარგმანიდან“. თუმცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემიდან არც ისე დიდი დრო იყო გასული, როცა ძმები ლოცვას ძველი ინგლისურით კი არა, ყოველდღიური სალაპარაკო ენით წარმოთქვამდნენ.

ჯონ ვისჩეკი აღფრთოვანებული იყო არა მხოლოდ ამ თარგმანის ხარისხით, არამედ ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანის კომიტეტის თავმდაბლობითაც. „მათ უნდათ, რომ როგორც სიცოცხლეში, ისე სიკვდილის შემდეგ ანონიმურად დარჩნენ, რადგან სურთ მთელი დიდება იეჰოვას მიაგონ“, — თქვა ძმა ჯონმა. ჩარლზ მოლოჰენმა ყველას სათქმელი შემდეგი სიტყვებით გამოხატა: « „ახალი ქვეყნიერების თარგმანმა“ უფრო ღრმად ჩაგვიბეჭდა გულებში ჭეშმარიტება და რწმენაც გაგვიძლიერა. ახლა ჩვენ შეგვიძლია, სხვებს დავეხმაროთ რწმენის შეძენასა და გაძლიერებაში“.

„გვესმის, როგორ ლაპარაკობენ ჩვენს ენებზე ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“

(საქმეები 2:11). ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ჯეფრი ჯექსონმა, თავისი მოხსენების დროს გამოაცხადა, რომ გამოვიდა ბიბლიის გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ (2013 წლის გამოცემა). მოხსენების ბოლოს ყველა დამსწრემ, მათ შორის მათ, ვინც ტრანსლაციის მეშვეობით უსმენდა პროგრამას, ბიბლიის პირადი ეგზემპლარი მიიღო.

ძმა ჯეფრიმ აღნიშნა, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ პირველი ტომის გამოცემიდან 60 წელზე მეტი გავიდა. ამ დროის განმავლობაში ინგლისურმა ენამ გარკვეული ცვლილებები განიცადა, თუმცა ბიბლიის თარგმნის მიზანი არ შეცვლილა. ჩვენ გვინდა, რომ ღვთის სიტყვის არსი რაც შეიძლება ზუსტად, ყოველგვარი დამახინჯების გარეშე გადმოვცეთ.

2005 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ უფრო მეტი ყურადღება დაუთმო ბიბლიის მრავალ ენაზე თარგმნას. ამ წლიდან მოყოლებული იმ ენების რიცხვი, რომლებზეც „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გამოიცემა, 52-დან 121-მდე გაიზარდა; ამასთანავე, სხვა 45 ენაზეც მიმდინარეობს თარგმნა. თარგმნის პროცესში მთარგმნელებმა უამრავი კითხვა დასვეს სხვადასხვა სიტყვისა თუ ფრაზის მნიშვნელობის დასაზუსტებლად. მთლიანობაში 52 000-ზე მეტ კითხვას გაეცა პასუხი; ბევრმა კითხვამ ცხადი გახადა, თუ რატომ გახდა საჭირო თანამედროვე ინგლისურ ენაში მომხდარი ცვლილებების მხედველობაში მიღება და რა კუთხით სჭირდებოდა ტექსტს გადამუშავება და დახვეწა.

ძმა ჯეფრიმ ისაუბრა იმ განსხვავებებზე, რომელიც „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ძველ და ახალ ინგლისურ ტექსტებს შორის არსებობს. მაგალითად, შეიძლებოდა თანამედროვე ინგლისურენოვან მკითხველს 1 სამუელის 14:11 არასწორად გაეგო. ამ შესაძლო დაბნეულობის თავიდან ასარიდებლად გადამუშავებულ თარგმანში თანამედროვე ფრაზები იქნა გამოყენებული. მსგავსი ცვლილება მოხდა მიქას 2:6-შიც, რომლის ძველ თარგმანში დაახლოებით ასეთი რამ ეწერა: „ნუ დააგდებთ სიტყვას! მათ დაყარეს სიტყვები“. მაგრამ გადამუშავებულ თარგმანში ეს სიტყვები აზრობრივად ითარგმნა: «„ნუ ქადაგებთ!“ ისინი ქადაგებენ».

ხუთი წლის წინ ხელმძღვანელმა საბჭომ დანიშნა სპეციალური კომიტეტი, რომელსაც უნდა გადაეხედა „ახალი ქვეყნიერების თარგმანისთვის“; და აი, მათი შრომის შედეგი დღეს უკვე სახეზეა! ბიბლიის გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ადვილად წასაკითხია; მისი გარეგნული იერი საგრძნობლად დაიხვეწა, თანაც იმდენად გამძლეა, რომ წლების შემდეგაც არ დაკარგავს თავდაპირველ პეწს. ძმა ჯეფრიმ ისიც გამოაცხადა, რომ მალე ეს თარგმანი ინგლისურ ენაზე დიდი შრიფტით და ჯიბის ფორმატითაც გამოიცემოდა.

„ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადაცემა“.

ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, სტივენ ლეტმა მიმოიხილა ახალი თარგმანის დამხმარე საშუალებები. მისი თემა დაფუძნებული იყო 2 ტიმოთეს 2:15-ზე. გამოთქმა „სწორად გადაცემა“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „სწორად გაჭრას“. ამიტომ, ჩვენ გვინდა, რომ „სულის მახვილი“ ანუ ბიბლია სწორად, აბსოლუტური სიზუსტით, გამოვიყენოთ (ეფესოელები 6:17). შემდეგ ძმა სტივენმა ახსნა, თუ როგორ შეიძლება ბიბლიის დამხმარე საშუალებებით ღვთის სიტყვის სწორად გამოყენება.

  1. წიგნის დასაწყისში მოცემულია „ბიბლიის მოკლე მიმოხილვა“, სადაც დასმულია 20 კითხვა ძირითად ბიბლიურ სწავლებებთან დაკავშირებით და პასუხები ბიბლიური მუხლებითაა გაცემული.

  2. დანართში „ა“ აღწერილია ახალი თარგმანის თავისებურებები, მაგალითად ის, თუ როგორ შეიცვალა წერის სტილი და სიტყვები; ამასთანავე, საუბარია იმაზე, თუ როგორ არის ამ ახალ თარგმანში გამოყენებული და ნათარგმნი ღვთის სახელი.

  3. დანართი „ბ“ შედგება 15 ნაწილისგან, რომელშიც შესულია ფერადი დიაგრამები, რუკები და პირად შესწავლასა და ქადაგებაში დამხმარე სხვა საშუალებები.

  4. ბიბლიის ყოველი წიგნის დასაწყისში მოყვანილია „მოკლე შინაარსი“, რომელიც აჯამებს ამ კონკრეტულ წიგნს და საშუალებას აძლევს მკითხველს, სწრაფად მოძებნოს სასურველი ადგილი ამ წიგნში. „მოკლე შინაარსმა“ ჩაანაცვლა კოლონტიტულები, რომელიც „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ წინა გამოცემებში ყოველი გვერდის თავში გვხვდებოდა.

  5. წიგნში მოცემულია „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“, რომელშიც მოკლედ არის ახსნილი ბიბლიაში გამოყენებული ასობით სიტყვა.

  6. ამ ახალ თარგმანს აგრეთვე აქვს „ბიბლიური სიტყვების საძიებელი“, სადაც საგრძნობლადაა შემცირებული სიტყვების რაოდენობა. მასში შესულია მხოლოდ ის სიტყვები და მუხლები, რომლებიც, ძირითადად, ქადაგებისა და სწავლების დროს გვჭირდება.

  7. შემცირდა აგრეთვე მარგინალური მუხლების რაოდენობაც, რომლებიც თითოეული გვერდის შუა სვეტშია მოცემული. სვეტში ახლა მხოლოდ ის ბიბლიური მუხლებია მოყვანილი, რომლებიც მსახურებაში გვჭირდება.

  8. სქოლიოებში მოცემულია სიტყვებისა და ფრაზების ალტერნატიული თარგმანები, სიტყვასიტყვითი მნიშვნელობები და დამატებითი განმარტებები.

JW ბიბლიოთეკა.

ამის შემდგომ შეერთებული შტატების კომიტეტის წევრმა, ჯონ ეკრანმა, ახალი კომპიუტერული პროგრამის, JW ბიბლიოთეკის გამოცემის შესახებ გამოაცხადა. ამ პროგრამას კითხულობს ისეთი ციფრული მოწყობილობები, როგორიცაა სმარტფონები და პლანშეტური კომპიუტერები. მისი საშუალებით შესაძლებელია ბიბლიის გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანისა“ თუ ბიბლიის სხვა ხუთი თარგმანის წაკითხვა ინგლისურ ენაზე. 2013 წლის 7 ოქტომბრიდან მისი გადმოწერა უფასოდ შეიძლება.

„ღვთის სიტყვის თარგმნა ზუსტი მნიშვნელობით“.

ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ენტონი მორისმა ისაუბრა იმაზე, თუ ბიბლიის გადამუშავებულ თარგმანზე მუშაობისას თარგმნის რა პრინციპებით იხელმძღვანელა ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანის კომიტეტმა. ამ კომიტეტმა თარგმანის გადამუშავების დროს 1 კორინთელების 14:8, 9-ში ჩაწერილი პრინციპი გამოიყენა; მათ სურდათ, ყველაფერი გაეკეთებინათ იმისთვის, რომ ეს თარგმანი ადვილი გასაგები გამხდარიყო. ბიბლიის იმ მონაკვეთებში, სადაც სიტყვასიტყვითი თარგმანი აზრს ამახინჯებდა, მათ სხვა მიდგომები გამოიყენეს.

მაგალითად, თუ დაბადების 31:20-ს ისინი ინგლისურ ენაზე სიტყვასიტყვით გადათარგმნიდნენ, ინგლისურენოვანი მკითხველისთვის ეს სრულიად სხვა აზრი გამოვიდოდა, რომ თითქოს ლაბანს იაკობი შეუყვარდა და არა ის, რომ „ჭკუით აჯობა იაკობმა ლაბანს“. ამიტომ, გადამუშავებულ თარგმანში ეს ფრაზა აზრობრივად ითარგმნა. მსგავსადვე, 1 კორინთელების 7:39-ის სიტყვასიტყვითი თარგმანი ასე ჟღერს: „ქალს შეუძლია გათხოვდეს სხვა კაცზე, თუ მისმა ქმარმა დაიძინა“. ვინაიდან წმინდა წერილებში ზოგჯერ სიტყვა „ძილი“ სიკვდილზე მიუთითებს, „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ დაბნეულობის თავიდან ასარიდებლად ეს სიტყვები თავისი მნიშვნელობისამებრ დაიწერა: „სიკვდილის ძილით დაიძინა“.

ძმა მორისმა აღნიშნა: „ბიბლია დაიწერა უბრალო ხალხის ენაზე, იმ ენაზე, რომელზეც ყოველდღიურად ლაპარაკობდა ჩვეულებრივი ხალხი — მიწათმოქმედები, მწყემსები თუ მეთევზეები. ამგვარად, ბიბლიის კარგი თარგმანი უადვილებს ბიბლიური ცნობის გაგებას სუფთა გულის ადამიანებს, განურჩევლად მათი წარმომავლობისა“.

„სასიამოვნო და ზუსტი სიტყვების გამოყენება“.

ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, დეივიდ სპლეინმა თავისი მოხსენება დააფუძნა ეკლესიასტეს 12:10-ში ჩაწერილ სიტყვებზე. ბიბლიის დამწერები დიდი სიფრთხილით იწერდნენ ღვთის აზრებს; ახალი ქვეყნიერების თარგმანის კომიტეტსაც მსგავსი მიდგომა ჰქონდა, როცა ახალი ქვეყნიერების პირველ თარგმანზე მუშაობდნენ. ბიბლიის გადამუშავებულ „ახალი ქვეყნიერების თარგმანზე“ მუშაობის დროსაც მთარგმნელები შემდეგ ბიბლიურ პრინციპს მიჰყვებოდნენ: „ზუსტი სიტყვებით დაწერე ჭეშმარიტება“. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ღვთის სიტყვა რაც შეიძლება ადვილი გასაგები გამხდარიყო მკითხველისთვის.

ძმა დეივიდმა აღნიშნა: „ბევრ ინგლისურ სიტყვას ერთზე მეტი მნიშვნელობა აქვს“. მაგალითად, ძველ გამოცემებში 2 ტიმოთეს 1:13-ში გამოყენებულ სიტყვა „ნიმუშს“ ინგლისურ ენაში რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან ეს სიტყვა ხშირად აბნევდა მკითხველს, გადამუშავებულ თარგმანში ისეთი სიტყვა გამოიყენეს, რომელსაც უფრო კონკრეტული მნიშვნელობა აქვს.

ძმა დეივიდმა აგრეთვე აღნიშნა, თუ რა ცვლილებები მოხდა ამ ახალ თარგმანში, რათა ფეხი აეწყო თანამედროვე ინგლისურ ენაში მომხდარი ცვლილებისთვის. მაგალითად, „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ძველ გამოცემებში გამოყენებული სიტყვა „გაკვრა“ ინგლისურად იესოს სიკვდილით დასჯის მეთოდს აღწერდა. მაგრამ ეს ინგლისური სიტყვა ხშირად ისეთ შთაბეჭდილებას უტოვებდა მკითხველს, რომ თითქოს სიკვდილმისჯილი იესო ძელზე წამოაგეს. ვინაიდან ეს სიტყვა არასწორ აზრს გადმოსცემს, გადამუშავებულ თარგმანში გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად იესოს დასჯა ასეთი სიტყვებით აღწერეს: „ბოძზე გააკრეს“ (მათე 27:22, 23, 31).

ძმა სპლეინმა თავისი მოხსენება ასეთი სიტყვებით დაასრულა: «ვლოცულობთ, რომ გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ კითხვამ და შესწავლამ დაგაახლოვოთ იეჰოვასთან ისე, როგორც არასდროს და იეჰოვა იყოს თქვენი მამა, თქვენი ღმერთი და თქვენი მეგობარი მარადიულად!».

დასკვნა:

ბოლო მოხსენებით აუდიტორიის წინაშე ძმა გაი პირსი წარდგა. მან ბიბლიის გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მთავარ კერძს შეადარა, რომლითაც იეჰოვა „მსუყე კერძებით გამართულ ნადიმზე“ გვიმასპინძლდება (ესაია 25:6). ბოლოს მან მსმენელებს მოუწოდა, შეესრულებინათ სიმღერა 114 „ღვთის წიგნი საუნჯეა“ სიმღერების წიგნიდან „უმღერეთ იეჰოვას“. ეს იყო ბოლო აკორდი, რომელმაც ღირსეულად დაასრულა ეს განსაკუთრებული პროგრამა!

 

გაიგეთ მეტი

ქადაგება

ყველაზე გამძლე ბიბლია

„ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ 2013 წლის გამოცემა ლამაზიცაა და გამძლეც.