წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„საგუშაგო კოშკის“ სკოლა „გალაადის“ 137-ე კლასის გამოსაშვები პროგრამა

„საგუშაგო კოშკის“ სკოლა „გალაადის“ 137-ე კლასის გამოსაშვები პროგრამა

2014 წლის 13 სექტემბერს პატერსონში (ნიუ-იორკი) იეჰოვას მოწმეთა საგანმანათლებლო ცენტრში „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 137-ე კლასის გამოსაშვები პროგრამა შედგა. ეს სკოლა ეხმარება იეჰოვას მოწმეებს, რომელთაც უკვე დიდი გამოცდილება აქვთ, უფრო მეტად დაიხვეწონ, რათა განამტკიცონ ის კრებები და ფილიალები, სადაც გაიგზავნებიან. პროგრამა მთლიანობაში 12 333-მა ადამიანმა მოისმინა; ნაწილი უშუალოდ პატერსონში ისმენდა პროგრამას, სხვები კი პირდაპირი ტრანსლაციით — იამაიკაზე, კანადაში, პუერტო-რიკოსა და შეერთებული შტატების სხვა ადგილებში.

გამოსაშვებ პროგრამას იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, სამუელ ჰერდი უძღვებოდა. შესავალ სიტყვაში მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ იეჰოვას აზრები ჩვენსაზე გაცილებით აღმატებულია (ესაია 55:8, 9). როგორც მან თქვა, მიუხედავად იმისა, რომ „გალაადის“ კურსდამთავრებულები მთელი ხუთი თვე ღვთის აზრებით კვებავდნენ გონებას, მათი ცოდნა, შეიძლება ითქვას, ზღვაში წვეთია და ისინი, ბიბლიური ენით თუ ვიტყვით, მხოლოდ ღვთის გზების კიდეებს გაეცნენ (იობი 26:14). ძმა ჰერდმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ყოველთვის, როცა ღვთის მსახურები მისი აზრების განსახილველად იკრიბებიან, ეს მათ კეთილდღეობას ემსახურება და სკოლა „გალაადის“ ეს გამოსაშვები პროგრამაც არ არის გამონაკლისი.

„სულის ნაყოფია ... სულ­გრძელობა“ (გალატელები 5:22). ჯონ ლარსონმა, შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტის წევრმა, ისაუბრა იმაზე, თუ რა ორი კუთხით გვმართებს ღვთის სულის ნაყოფში შემავალი ერთ-ერთი თვისების, სულგრძელობის გამოვლენა. პირველი, ჩვენ სულგრძელი უნდა ვიყოთ იეჰოვასთან მიმართებით, როცა ის გვამზადებს და გვეხმარება, უფრო მტკიცე და ძლიერი რწმენა გვქონდეს (1 პეტრე 5:10). აბრაამმა ამ კუთხით შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა, რადგან ის სულგრძელობას ავლენდა, როცა იეჰოვა ამზადებდა. საბოლოოდ იეჰოვამ შეუსრულა მას დანაპირები (ებრაელები 6:15).

მეორე ისაა, რომ სულგრძელები ვიყოთ საკუთარი თავთან მიმართებით. „გალაადში“ სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა შეიძლება ზედმეტი მოსთხოვონ საკუთარ თავს. თუ დავალებების შესრულების დაწყებისთანავე ყველაფერი საუკეთესოდ არ აეწყობა, მათ შეიძლება კითხვა გაუჩნდეთ: „რა მჭირს?“. ძმა ლარსონმა თავისი გამოცდილების საფუძველზე დაარწმუნა კურსდამთავრებულები, რომ ნებისმიერ სირთულეს დასძლევენ, თუ სულგრძელები იქნებიან საკუთარ თავთან მიმართებით და კვლავაც მონდომებას გამოიჩენენ იმ დრომდე, სანამ ღმერთი დაასრულებს მათ მომზადებას (ებრაელები 6:11, 12).

„გულით თავმდაბლები იყავით და თქვენი გული მარადიულად იძგერებს!“. ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ენტონი მორისმა თავისი მოხსენება ფსალმუნის 22:26-ზე დააფუძნა, რომლის ბოლო ნაწილში ნათქვამია: „მარადიულად ძგერდეს თქვენი გულები“. თუ გვინდა, ჩვენმა გულმა მარადიულად იძგეროს, თავმდაბლობის გამოვლენა გვმართებს. ძმა ენტონიმ აღნიშნა, რომ იეჰოვასთვის გამოუსადეგარნი გავხდებით, თუ არ ვიქნებით თავმდაბლები. თითოეულ ჩვენგანს, დიდი ხნის ქრისტიანებსაც კი, შეიძლება დაგვებინდოს მხედველობა და ვეღარ გავაცნობიეროთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, იესო ქრისტეს მსგავსნი ვიყოთ (2 პეტრე 1:9).

წმინდა წერილებში მოხსენიებული არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც ავლენდნენ თავმდაბლობას და ისინიც, ვინც არ ავლენდნენ ამ თვისებას. ჰეროდე აგრიპას მხრიდან ქედმაღლობის მაჩვენებელი იყო ის, რომ მან მიიღო პირფერი ხალხისგან დიდება, რომელიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნოდა, რის გამოც ღვთის ანგელოზმა დასცა და იგი „მატლებისგან შეჭმული მოკვდა“ (საქმეები 12:21—23). მისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, პეტრემ წყენა არ ჩაიდო გულში და არც გაბრაზდა, როდესაც იესომ უსაყვედურა იმის გამო, რომ „ღვთიურზე კი არა, ადამიანურზე“ ფიქრობდა (მათე 16:21—23). მან მიიღო შეგონება და სხვებს თავმდაბლობის მაგალითი დაუტოვა (1 პეტრე 5:5).

ზოგი კურსდამთავრებული მსახურებას იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთ ფილიალში გააგრძელებს. ძმა მორისმა მათ გასაგონად აღნიშნა, რომ თავმდაბლობის გარეშე ბედნიერები ვერ იქნებიან. თუმცა არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ ადვილი არ არის, საკუთარ თავში აღმოაჩინო, რომ გაკლია თავმდაბლობა. სათქმელის ხაზგასასმელად მან ერთი უხუცესის მაგალითი მოიყვანა, რომელსაც წლების წინ მიუთითეს, რომ აკლდა თავმდაბლობა, რის შემდეგაც მან ფილიალში წერილი გაგზავნა. წერილში ეწერა: „ყველაზე თავმდაბალი ადამიანი ვარ მათ შორის, ვისაც კი ვიცნობ“. ძმა ენტონიმ მოუწოდა კურსდამთავრებულებს, რომ არ გამოევლინათ მსგავსი სული. ისინი თავმდაბლები დარჩებიან, თუ არ გაყოყოჩდებიან დაკისრებული პასუხისმგებლობების გამო და აღიარებენ, რომ სინამდვილეში ძალაუფლება იეჰოვასა და იესო ქრისტეს ხელშია.

„ღმერთი შეუზღუდავად იძლევა სულს“ (იოანე 3:34). სკოლა „გალაადის“ მასწავლებელმა, მაიკლ ბარნეტმა კურსდამთავრებულებს შეახსენა, რომ წმინდა სული თავიანთი დავალების შესრულების დროს ნებისმიერი სირთულის დაძლევასა და ეჭვების გაქარწყლებაში დაეხმარებათ. ღვთის სულით ბეცალელმა შეასრულა რთული დავალება და ააგო კარავი (გამოსვლა 35:30—35). წმინდა სულმა არა მხოლოდ დახვეწა ბეცალელი, როგორც ოსტატი, არამედ იმის უნარიც მისცა, რომ სხვებისთვის ესწავლებინა. წმინდა სული ასევე იმოქმედებს „გალაადის“ კურსდამთავრებულების შემთხვევაშიც, განსაკუთრებით კი, თუ ისე ასწავლიან წმინდა წერილებიდან, როგორც აქ, სკოლაში ისწავლეს.

ბეცალელის თანამედროვე ისრაელმა ქალებმაც დიდი წვლილი შეიტანეს კარვის აგებაში (გამოსვლა 35:25, 26). მათ მსგავსად, კურსდამთავრებულმა დებმაც დაამტკიცეს, რომ „გულბრძენი ქალები“ არიან, რადგან მხარში უდგანან ქმრებს. დასასრულს ძმა მაიკლმა რჩევა მისცა კურსდამთავრებულებს: „თუ რაიმე ნიჭი გაქვთ, თან დაურთეთ თავმდაბლობა და მორჩილი სული. და თუ ასე მოიქცევით, იეჰოვა აუცილებლად უხვად მოგცემთ თავის წმინდა სულს“.

„იცეკვებ ჩემთან ერთად?“. მარკ ნიუმარმა, რომელიც სასწავლო კომიტეტს ეხმარება, თავის მოხსენებაში იმაზე ისაუბრა, თუ როგორ მოიქცა მეფე დავითი მაშინ, როცა ღვთის კიდობანი იერუსალიმში გადაიტანა (2 სამუელი 6:12—14). დავითის მხრიდან თავმდაბლობის მაჩვენებელი იყო, რომ ამ ფაქტით გახარებულმა მხევლებთან ერთად იცეკვა (2 სამუელი 6:20—22). ამ მხევლებს არასდროს დაავიწყდებოდათ ის დღე — მათთან ერთად ხომ მეფე დავითმა იცეკვა?! ძმა მარკმა შემდეგ მოუწოდა კურსდამთავრებულებს, რომ ეცეკვათ „მხევლებთან“ ერთად. მან კითხვა დაუსვა მათ: „გექნებათ სხვების თვალში ისეთი ადამიანის სახელი, რომელიც ყოველთვის ხელს უწვდის მათ, ვისაც დიდი პასუხისმგებლობა არ აკისრია ან საერთოდ არა აქვს პასუხისმგებლობები? . . დააფასებთ სხვებს მათი ღვთისმოსაწონი თვისებების გამო?“.

კურსდამთავრებულები იეჰოვას მიჰბაძავენ, თუ ამ მხრივ კვლავაც ერთგულ სიყვარულს გამოავლენენ (ფსალმუნი 113:6, 7). მაშინაც კი, თუ მათ გარშემო სხვები არ გამოავლენენ თავმდაბლობას, კურსდამთავრებულებზე ამან არ უნდა მოახდინოს გავლენა. „ნუ იფიქრებთ, რომ რაღაცას წარმოადგენთ“, — აღნიშნა ძმა ნიუმარმა. შემდეგ კი დასძინა: „ისე მოექეცით იეჰოვას ცხვარს, როგორც თავად ის მოექცეოდა მათ“.

„იქადაგეთ ყოველი ხელსაყრელი შემთხვევის დროს“. თეოკრატიული სკოლების განყოფილების ზედამხედველმა, უილიამ სამუელსონმა, პავლეს სიტყვების ციტირება მოახდინა, რომელიც შესაძლებლობას არ უშვებდა ხელიდან, რომ სასიხარულო ცნობა ექადაგა (საქმეები 17:17). ძმა უილიამმა შემდეგ კურსდამთავრებულები სცენაზე მოიხმო და სთხოვა სკოლაში სწავლის დროს მსახურებაში მომხდარი შემთხვევების ინსცენირება წარმოედგინათ. მაგალითად, ერთმა წყვილმა გადაწყვიტა, სურსათის მაღაზიაში გამყიდველისთვის ექადაგა. ისინი იმ დრომდე იცდიდნენ, სანამ მაღაზიაში ხალხი არ შეცოტავდა, შემდეგ კი მივიდნენ მასთან და უჩვენეს ვიდეორგოლი „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“. მათ ამ ქალს აგრეთვე ყურადღება გაუმახვილეს ვებ-გვერდზე jw.org, სადაც ინფორმაცია მის მშობლიურ ენაზე, ლაოსურზეც არის მოცემული. ამ წყვილმა კვლავ მოინახულა იგი და ინტერესი გაუღვივა.

„კვლავაც მზად იყავით სამეფოს საქმის შესასრულებლად!“. უილიამ ნონკესმა, რომელიც შეერთებული შტატების ფილიალში სამსახურებრივ განყოფილებაში მსახურობს, ინტერვიუ აიღო ოთხი კურსდამთავრებულისგან. ამ კურსდამთავრებულებმა უკვე გამოავლინეს ისეთივე მზადყოფნის სული, როგორიც ესაიამ, რის შესახებაც ესაიას 6:8-ში ვკითხულობთ, და მზად იყვნენ სამეფო საქმის შესასრულებლად. მაგრამ სკოლამ ისინი კიდევ უფრო მეტის გასაკეთებლად მოამზადა. ერთმა დამ, სნოლია მასეკომ აღნიშნა, თუ როგორ დაეხმარა მას სკოლა. სწავლის დროს მან დაინახა, თუ რა მხრივ საჭიროებდა გაუმჯობესებას; ერთ-ერთი ის იყო, რომ დრო გონივრულად მას შემდეგაც გამოეყენებინა, რაც მთელ დღეს ღვთის მსახურებაში გაატარებდა. მან თქვა: „ნასწავლმა დამანახვა, რომ იმაზე გაცილებით მეტის გაკეთება შემეძლო, ვიდრე წარმომედგინა“. ძმა დენის ნილსენმა ისწავლა, როგორ გამოიყენოს სოფონიას 3:17-ში ჩაწერილი აზრი, რათა თავიდან აირიდოს მსახურების დროს გულგატეხილობა. „თუ მსახურებაში დიდ შედეგს ვერ ვხედავ, უნდა მახსოვდეს, რომ ამ დროს იეჰოვას ვუხარებ გულს ... და ასე უნდა განვაგრძო“, — თქვა ძმა დენისმა.

„დააკვირდით ცის ფრინველებს“ (მათე 6:26). ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, სტივენ ლეტი აუდიტორიის წინაშე მთავარი მოხსენებით წარდგა. იესოს სიტყვებზე დაყრდნობით, რომელმაც მოგვიწოდა, „დავკვირვებოდით“ ფრინველებს ანუ გულდასმით შეგვესწავლა ისინი, ძმა სტივენმა ზოგ ისეთ რამეზე გაამახვილა ყურადღება, რის სწავლაც მათგან შეგვიძლია (იობი 12:7).

მაგალითად, იეჰოვა კვებავს ფრინველებს და არც ჩვენ მოგვაკლებს აუცილებელს. ჩვენ მისი „სახლეულობა“ ვართ და ის გვპირდება, რომ იზრუნებს ჩვენზე (1 ტიმოთე 3:15; 5:8). თუმცა ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ. ფრინველებმა თავად უნდა მოიძიონ ის საკვები, რითაც ღმერთი უზრუნველყოფს; მსგავსად, ჩვენც უპირველესად სამეფო უნდა ვეძებოთ, რომ მივიღოთ ღვთის კურთხევები (მათე 6:33).

ძმა სტივენმა იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ აფრთხილებს ბევრი ფრინველი საფრთხის მოახლოების შესახებ ერთმანეთს. მსგავსად, საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად, როცა თანაქრისტიანი „შეუგნებლად მცდარ ნაბიჯს“ დგამს, უნდა გავაფრთხილოთ იგი (გალატელები 6:1). ქადაგების დროს კი ჩვენ ხალხს იმის შესახებ ვაფრთხილებთ, რომ მალე დადგება იეჰოვას დღე (სოფონია 1:14). ძმა სტივენმა სხვა მაგალითიც მოიყვანა და აუდიტორიას დაანახვა, რომ გადამფრენი ფრინველების მსგავსად, რომლებიც უზარმაზარი მთების მაღლა დაფრინავენ, ჩვენც იეჰოვას დახმარებით, ერთი შეხედვით, მთასავით დიდ დაბრკოლებებსაც გადავლახავთ (მათე 17:20).

დასკვნა. კურსდამთავრებულებს გადაეცათ დიპლომები, რის შემდეგაც ერთმა ძმამ კლასის სახელით მადლიერების წერილი წაიკითხა. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის დროს სამუელ ჰერდმა ერთი შედარება მოიყვანა. მან აღნიშნა, რომ იეჰოვას აზრების ღრმად ჩაბეჭდვა გულსა და გონებაში რკინიგზის შპალების დაჭედებას ჰგავს. შპალების საფუძვლიანად დასამაგრებლად ჩაქუჩის მხოლოდ ერთხელ დარტყმა არ კმარა. მსგავსად, კურსდამთავრებულებმა უნდა განაგრძონ იმაზე ფიქრი, რაც სკოლაში ისწავლეს. მან აღნიშნა: „დრო გამოყავით იმისთვის, რომ ნასწავლმა ღრმად გაიდგას თქვენს გულში ფესვები“. შემდეგ კი დასძინა: „თუ ღვთის აზრების თანახმად მოქმედებთ, სხვებისთვის კურთხევა იქნებით“.