არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

სკოლა „გალაადის“ 134-ე კლასის გამოშვება — „მიჰბაძეთ მათ რწმენას“

სკოლა „გალაადის“ 134-ე კლასის გამოშვება — „მიჰბაძეთ მათ რწმენას“

2013 წლის 9 მარტს, შაბათს, იეჰოვას მოწმეთა საგანმანათლებლო ცენტრში, პატერსონში (ნიუ-იორკის შტატი), „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 134-ე კლასის გამოსაშვები პროგრამა ჩატარდა. ეს სკოლა ამზადებს იეჰოვას გამოცდილ მოწმეებს, რათა უკეთ გაართვან თავი მათზე დაკისრებულ საქმეს. გამოსაშვებ პროგრამას სკოლის მოსწავლეებთან ერთად ესწრებოდნენ მათი ოჯახის წევრები, მეგობრები და სხვა სტუმრები. პროგრამაზე დამსწრეთა რიცხვმა ჯამში 9 912 შეადგინა.

გამოსაშვები პროგრამის თავმჯდომარე იყო იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, მარკ სანდერსონი. მან დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ სკოლა „გალაადი“ 1943 წლის 1 თებერვალს დაარსდა და მას შემდეგ 70 წელი გავიდა. სკოლის გახსნის დროს მისმა ხელმძღვანელმა, ნეითან ნორმა თქვა, თუ რა იყო ამ სკოლის დაარსების მიზანი: „ასობით თუ ათასობით ადამიანს რომ მივაწვდინოთ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა, ამისთვის ველზე მეტი მსახური გვჭირდება. ღვთის წყალობით ჩვენ გვეყოლება მეტი მსახური“. გამართლდა ძმა ნორის მოლოდინი?

სკოლის დაარსებიდან მალევე ძმა ნორი მექსიკაში ჩავიდა და მოინახულა ის ტერიტორიები, სადაც შეიძლებოდა სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებულების გაგზავნა. ძმა ნორთან შესახვედრად მოიწვიეს მეხიკოს ირგვლივ 240 კილომეტრის რადიუსში არსებული ყველა კრება. ამ შეხვედრას 400 ადამიანი დაესწრო. დღეს კი, მექსიკაში პირველი კურსდამთავრებულების ჩასვლიდან თითქმის 70 წლის თავზე, იგივე შეხვედრა რომ მოეწყოს, ქვეყნის ამ ნაწილში 200 000-ზე მეტი მაუწყებელი შეიკრიბება.

„რა გიჭირავს ხელში?“. შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტის წევრმა, ენტონი გრიფინმა, წაიკითხა მოხსენება, რომელიც გამოსვლის 4:2-ზე იყო დაფუძნებული. ამ მუხლში ღმერთი ეკითხება მოსეს: „რა გიჭირავს ხელში?“. მოსე პასუხობს: „ჯოხი“. იეჰოვამ ეს ჯოხი იმ ძალაუფლებისა და დავალების სიმბოლოდ გამოიყენა, რომელიც მან მოსეს მისცა (გამოსვლა 4:5). როდესაც მოსე მინიჭებულ ძალაუფლებას ღვთის განსადიდებლად იყენებდა, იეჰოვა კურთხევას არ აკლებდა, მაგრამ მერიბას წყალთან მან ეს ძალაუფლება საკუთარი თავის წარმოსაჩენად და სხვების გასაკიცხად გამოიყენა, რის გამოც იეჰოვას წყრომა დაიმსახურა (რიცხვები 20:9—13).

ძმა გრიფინმა მოსეს ჯოხი შეადარა იმ სულიერ დასწავლებას, რომელსაც მოსწავლეები სკოლა „გალაადში“ იღებენ. მან მოუწოდა კურსდამთავრებულებს, მიღებული ცოდნა არ გამოეყენებინათ იმისათვის, რომ სხვებზე ებატონათ. მან მათ ურჩია: „მიღებული ცოდნა იეჰოვას განსადიდებლად გამოიყენეთ და ყოველთვის იქნებით კურთხევა მათთვის, ვისაც ემსახურებით“.

„გაიხსენეთ მანანა“. ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, სტივენ ლეტმა, ყურადღება გაამახვილა ბიბლიის იმ მონაკვეთზე, როდესაც ღმერთი მანანის მეშვეობით სასწაულებრივად კვებავდა თავის ხალხს, და აგრეთვე აღნიშნა, რა ოთხი რამის სწავლა შეგვიძლია მანანის მაგალითზე.

  • განაგრძეთ საქმის გულმოდგინედ კეთება (რიცხვები 11:8). ისრაელებს ჯერ უნდა მოეგროვებინათ მანანა და შემდეგ მოემზადებინათ საკვები (გამოსვლა 16:21).

  • ნურასდროს იქნებით უკმაყოფილონი იმით, რასაც იეჰოვა გაძლევთ (რიცხვები 11:5, 6). მართალია, ისრაელები მანანის გამო წუწუნებდნენ, მაგრამ ღმერთმა ჩათვალა, რომ ისინი მის მიმართ გამოხატავდნენ უკმაყოფილებას. სულიერი საზრდო შეიძლება ყოველთვის არ იყოს მიმზიდველი, მაგრამ მანანის მსგავსად, ნებისმიერ შემთხვევაში, ნოყიერია. ჩვენ ყოველთვის მადლიერი უნდა ვიყოთ იმისათვის, რასაც იეჰოვა გვაძლევს.

  • დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა ყოველთვის იზრუნებს თქვენზე. ღმერთი ყოველდღიურად უზრუნველყოფდა მანანით თავის ხალხს. მეექვსე დღეს კი, შაბათის დადგომამდე, ორი დღის სამყოფ ულუფას აძლევდა (გამოსვლა 16:22—26). ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა ჩვენზეც იზრუნებს (მათე 6:11).

  • დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ღვთისგან კურთხევებს ვერ მიიღებთ (გამოსვლა 16:19, 20, 25—28). ისრაელები, რომლებიც შაბათსაც გადიოდნენ მანანის ასაგროვებლად, ვერაფერს პოულობდნენ და იეჰოვას წყრომას იმსახურებდნენ. მათ შეგროვილ მანანას კი, რომლებიც კვირის სხვა დღეებში ერთი დღის სამყოფზე მეტს აგროვებდნენ, მატლი ესეოდა და ყროლდებოდა.

ძმა ლეტმა მოუწოდა მოსწავლეებს, არ დავიწყებოდათ მანანის მაგალითზე ნასწავლი, რადგან მორჩილების შემთხვევაში იეჰოვა მათაც „გაუხსნიდა ცის კარიბჭეებს და გადმოცლიდა მათზე უხვ კურთხევებს“ (მალაქია 3:10).

„მოემზადეთ ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად“. უილიამ სამუელსონმა, რომელიც თეოკრატიული სკოლების განყოფილების ზედამხედველია, თქვა, რომ ყველას აქვს სურვილი, იცხოვროს ახალ ქვეყნიერებაში, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, მოემზადონ ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად, რაშიც „საღი აზროვნება“ დაეხმარებათ (1 პეტრე 4:7).

გვაქვს თუ არა საღი აზრი, იმით ვლინდება, თუ როგორ ვრეაგირებთ ჩვენს შეცდომებზე. ჩვენ ყოველთვის სატანასა და ბოროტ ქვეყნიერებას არ უნდა ვადანაშაულებდეთ და არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ ახალ ქვეყნიერებაში, როდესაც ღმერთი ბოლოს მოუღებს ბოროტებას და ქვეყნიერება თავის გავლენაში ვეღარ მოგვაქცევს, თავისთავად გამოვსწორდებით და აღარ ჩავიდენთ შეცდომებს. ჩვენ დღესვე უნდა ვებრძოლოთ ჩვენს მანკიერ მხარეებს, როგორიცაა ეგოიზმი და „შევიმოსოთ ახალი პიროვნებით“ (ეფესოელები 4:24).

„კალამი გვერდზე გადადეთ“. მარკ ნიუმარმა, სკოლა „გალაადის“ ერთ-ერთმა მასწავლებელმა, მოიყვანა მაგალითი, რომელშიც კალამი გამოხატავდა ყველა ადამიანის სურვილს, „თავად დაწეროს საკუთარი ცხოვრების სცენარი“. როგორც მან თქვა, ჩვენ „გვერდზე უნდა გადავდოთ კალამი“ და იეჰოვას უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ მან დაწეროს ჩვენი ცხოვრების სცენარი.

მეფე საულის შემთხვევა ამ მხრივ ჩვენთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს. როცა საული გამეფდა, თავდაპირველად იგი მოკრძალებული და თავმდაბალი კაცი იყო (1 სამუელი 10:22, 27; 11:13). მაგრამ მალე მან მოინდომა, „თვითონ დაეწერა თავისი ცხოვრების სცენარი“ ანუ ის გაეკეთებინა, რასაც თავად თვლიდა სწორად, და განედიდებინა საკუთარი თავი. დაუმორჩილებლობის გამო ღმერთმა უარყო ის (1 სამუელი 14:24; 15:10, 11).

მართალია, კურსდამთავრებულები ამ დღემდე ერთგულები იყვნენ, მაგრამ ძმა ნიუმარმა შეახსენა მათ, რომ კვლავაც ღვთის ნებისამებრ შეესრულებინათ მისი საქმე. მან კურსდამთავრებულებს უთხრა: „არ დაგავიწყდეთ — თუ ღმერთი დღეს ვინმეს იყენებს, მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ იწონებს მას“. მაგალითად, მოსე ღვთის მითითებისამებრ არ მოიქცა, როცა კლდიდან სასწაულებრივად გადმოდინდა წყალი. მან შედეგი მიიღო, მაგრამ იეჰოვას კურთხევა დაკარგა (1 სამუელი 14:24; 15:10, 11).

„თქვენც ანგელოზთან ერთად ხმამაღლა აუწყეთ სასიხარულო ცნობა“. „გალაადის“ ერთ-ერთმა მასწავლებელმა, სემ რობერსონმა, წაიკითხა მოხსენება, რომელიც გამოცხადების 14:6, 7-ზე იყო დაფუძნებული. შემდეგ მან სთხოვა კურსდამთავრებულებს, გაეკეთებინათ იმ შემთხვევების ინსცენირება, რომლებიც ქადაგების დროს ჰქონდათ. მაგალითად, ერთ კურსდამთავრებულს ოპერაციის გაკეთება დასჭირდა და სავადმყოფოში მოხვდა. ოპერაციის შემდეგ მან უქადაგა ერთ მედდას. ეს მედდა წარმოშობით პერუდან იყო. ამიტომ, ძმამ მას ჩვენს ვებ-გვერდზე jw.org უჩვენა სურათი, რომელზეც გამოსახული იყო, როგორ ქადაგებენ მოწმეები ჩაჩაპოიაში (პერუ). შედეგად, ამ მედდამ და მისმა ქმარმა ბიბლიის შესწავლა დაიწყეს.

„შენ მომატყუე ... და მოტყუებული დავრჩი“ (იერემია 20:7). ალენ შუსტერმა, შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტის წევრმა, ინტერვიუ აიღო ორი წყვილისგან. ერთ დროს მათ ეგონათ, რომ იეჰოვამ „მოატყუა“ ისინი. რა გაგებით? თავიდან მათ ეჭვი ეპარებოდათ, რომ შეძლებდნენ სასწავლო მასალის ათვისებას. მაგრამ სწავლის დროს მათ გამუდმებით ეხმარებოდნენ სხვები, რის გამოც წარმატებით გაიარეს სასწავლო კურსი. და მარიანა არონსონმა ამგვარად გამოხატა თავისი მადლიერება სასწავლო კურსისთვის, რომელიც „გალაადში“ გაიარა: „ახლა უკვე სხვაგვარად ვფიქრობ — ყოველთვის იქნება ისეთი რამ, რისი გაგებაც დამაინტერესებს, რადგან თითოეული ბიბლიური მუხლი განძივითაა“.

„მიჰბაძეთ მათ რწმენას“. ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, დეივიდ სპლეინმა, წარმოთქვა პროგრამის წამყვანი მოხსენება, რომელიც ებრაელების 13:7-ზე დააფუძნა: „გახსოვდეთ ისინი, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და ვინც ღვთის სიტყვას გადმოგცემთ. დაუკვირდით მათი საქციელის შედეგებს და მათ მიჰბაძეთ რწმენაში“. როგორ ავლენდნენ რწმენას ისინი, ვინც 70 წლის წინ ხელმძღვანელობდა იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას?

1942 წლის 24 სექტემბერს ნეითან ნორი შეხვდა იმ ორი კორპორაციის ხელმძღვანელებს, რომლებთანაც იეჰოვას მოწმეები იმ დროს თანამშრომლობდნენ. ამ შეხვედრაზე მან შესთავაზა მათ, რომ დაეარსებინათ მისიონერების მოსამზადებელი სკოლა „გალაადი“, რათა მათ სხვა ქვეყნებში დაეწყოთ ქადაგება. მაგრამ იმ დროს ძმებს შეიძლება ეფიქრათ, რომ ჯერ არ იყო ამ სკოლის დასაარსებლად ხელსაყრელი დრო. მაშინ მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა, რის გამოც შესაძლოა რთული ან შეუძლებელიც კი ყოფილიყო მისიონერების სხვა ქვეყნებში გაგზავნა. გარდა ამისა, 30-იან წლებში მსოფლიოში ფინანსური კრიზისი იყო და ორგანიზაციასაც არ ჰქონდა საკმარისი თანხა. არსებული ბიუჯეტით მხოლოდ 5 წელს შეძლებდა მისიონერული სკოლა ფუნქციონირებას. მიუხედავად ამისა, ძმებმა გამოავლინეს რწმენა და ერთხმად დაუჭირეს მხარი სკოლის დაფუძნების იდეას.

სკოლა „გალაადის“ პირველი კლასების კურსდამთავრებულებმაც მისაბაძი რწმენის მაგალითი დაგვიტოვეს. ისინი კმაყოფილდებოდნენ იმით, რაც ჰქონდათ და ცხოვრობდნენ ფულის სიყვარულის გარეშე (ებრაელები 13:5, 6). ბევრი შესაძლოა ფიქრობდა, რომ ვერასდროს შეძლებდნენ საკუთარი ოჯახის წევრების ნახვას, რადგან მათ ოჯახებს არასდროს ექნებოდათ საკმარისი თანხა, რომ მათი მგზავრობის ხარჯები დაეფარათ. ბევრ მისიონერს მსახურების პირველი 10—15 წლის მანძილზე მართლაც არ უნახავს თავისი ოჯახის წევრები. მაგრამ დარწმუნებული იყვნენ, რომ იესო კვლავაც იზრუნებდა მათზე და მათ ოჯახებზე (ებრაელები 13:8).

„გალაადის“ პირველი კლასი, 1943

ძმა სპლეინმა მოყვა შემთხვევა, რომელიც შეემთხვათ მათ, რომლებიც ჯერ კიდევ „გალაადში“ სწავლამდე უცხო ქვეყნებში არც თუ ისე ხელსაყრელ პირობებში მსახურობდნენ. მან მიმართა კურსდამთავრებულებს: „თქვენ, ძვირფასო და-ძმებო, იმ დიდებული საქმის გამგრძელებლები ხართ, რომელიც 70 წლის წინ „გალაადის“ პირველმა კურსდამთავრებულებმა დაიწყეს ... სიხარულით ემსახურეთ იეჰოვას ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა გაგზავნოთ“.

ძმა სპლეინმა თავისი გამოსვლის ბოლოს დამსწრეებს სლაიდების სახით უჩვენა იმ 77 კურსდამთავრებულის სურათი, რომლებიც ამჟამად შეერთებული შტატების ფილიალში მსახურობენ. მათ შორის ორმა „გალაადის“ პირველი კლასი 1943 წელს დაამთავრა. სლაიდებს თან ერთვოდა იეჰოვას განსადიდებელი სიმღერები, რომლებსაც ბოლო 70 წლის მანძილზე იეჰოვას მოწმეები მღეროდნენ.

მას შემდეგ, რაც კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს, ერთმა ძმამ კლასის სახელით სამადლობელი წერილი წაიკითხა. პროგრამის დასასრულს ძმა სანდერსონმა აღნიშნა, რომ 70 წლის წინ ძმა ნორის მიერ პირველი კლასის მისამართით წარმოთქმული სიტყვები დღემდე აქტუალურია: „სადაც არ უნდა გაგგზავნონ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ სამეფოს შესახებ აუწყებთ! ეს არის უდიდესი პატივი, რომელიც შეიძლება დედამიწის ზურგზე ნებისმიერ მცხოვრებს არმაგედონამდე ხვდეს წილად ... დააფასეთ ეს პატივი და იქადაგეთ!“

გაიგეთ მეტი

ქადაგება

სკოლა „გალაადი“ 70 წელს ითვლის!

1943 წლის 1 თებერვალს ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში განსაკუთრებული სკოლა გაიხსნა და პირველმა კლასმა დაიწყო სწავლა. სასწავლო კურსი ათასობით მისიონერმა გაიარა, რათა სხვებს ღვთის შესახებ ასწავლონ.