წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 133-ე კლასის გამოშვება

2012 წლის 8 სექტემბერი, შაბათი

„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 133-ე კლასის გამოშვება

იეჰოვას მოწმეთა საგანმანათლებლო ცენტრში, „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიურ სკოლა „გალაადში“ (პატერსონი, ნიუ-იორკი), 48 მოსწავლემ ხუთთვიანი ინტენსიური სასწავლო კურსი გაიარა. გამოსაშვებ პროგრამას 9 694 ადამიანი დაესწრო, რომელთა შორისაც იყვნენ კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები, მეგობრები და მათი კეთილისმსურველები.

1943 წლიდან მოყოლებული ამ სკოლამ 8 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე მოამზადა მისიონერული მსახურებისთვის. სასწავლო პროგრამამ, რომელიც ძირითადად ბიბლიას ეფუძნებოდა, რწმენა განუმტკიცა მოწაფეებს და დაეხმარა ისეთი თვისებების განვითარებაში, რაც თავიანთი დავალების შესრულების დროს სირთულეების დაძლევაში დაეხმარებოდათ.

„იფიქრეთ იმაზე, რაც სიყვარულის ღირსია“. იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ენტონი მორისმა, რომელიც პროგრამის თავმჯდომარე იყო, გახსნა პროგრამა და განიხილა ფილიპელების 4:8: „რაც სიყვარულის ღირსია ... იმაზე იფიქრეთ“.

ძმა მორისმა აღნიშნა, რომ იმაზე დაფიქრება, რაც სიყვარულის ღირსია, დაგვეხმარება, შევინარჩუნოთ დადებითი განწყობა ამ უსიყვარულო ქვეყნიერებაში. „ყოველთვის ეცადეთ, დაინახოთ ის, რაც სიყვარულის ღირსია, — თქვა ძმა მორისმა. — და თავადაც გამოავლინეთ სიყვარული“.

ჩვენი ზეციერი მამა ამ მხრივ საუკეთესო მაგალითს გვაძლევს. ის არ ამახვილებს ყურადღებას ჩვენს შეცდომებზე (ფსალმუნი 130:3). „ზედმეტ ყურადღებას ნუ მიაქცევთ და-ძმების შეცდომებს და იყავით მოსიყვარულენი“, — მოუწოდა კურსდამთავრებულებს ძმა მორისმა.

„შეიძინეთ ცოდნა, მაგრამ მეტისმეტად ბრძენად ნუ წარმოაჩენთ საკუთარ თავს“. ამერიკის შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტის წევრი, ძმა ჰაროლდ კორკერნი, გამოვიდა მოხსენებით, რომელიც ეკლესიასტეს 7:16-ზე იყო დაფუძნებული. ღმერთს სურს, რომ მიღებული ცოდნა სწორად გამოვიყენოთ და არასდროს წარმოვაჩინოთ თავი სხვებზე ბრძენად.

ძმა კორკერნმა ისიც აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო, კურსდამთავრებულებს რჩევა-დარიგება სიყვარულით მიეცათ სხვებისთვის. ჩვენ სხვებისგან იმაზე მეტს არ უნდა მოველოდეთ, ვიდრე ღმერთი ითხოვს მათგან. „გამოიყენეთ თქვენი სიბრძნე, ცოდნა და გაგების უნარი, რათა უყვარდეთ ძმებს და უხაროდეთ თქვენთან ურთიერთობა“, — ამ სიტყვებით დაასრულა ძმა კორკერნმა თავისი მოხსენება.

„ნუ დაივიწყებთ ღვთის საქმეებს!“ (ფსალმუნი 78:7). ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, გაი პირსმა, თავისი მოხსენების დასაწყისში ბავშვის მაგალითი მოიყვანა, რომლის კარგი თუ ცუდი საქციელი მის მშობლებზე გვიქმნის წარმოდგენას (იგავები 20:11). მსგავსად ამისა, ჩვენი საქციელით სხვებს წარმოდგენას ვუქმნით ჩვენს ზეციერ მამაზე. „ამით ამოიცნობიან ღვთის შვილები და ეშმაკის შვილები: ვინც სიმართლით არ იქცევა და ვისაც თავისი ძმა არ უყვარს, ღვთისგან არ არის“ (1 იოანე 3:10).

ძმა პირსმა კურსდამთავრებულებს მიმართა, რომ ისინი სკოლა „გალაადში“ სასწავლებლად მიიწვიეს, რადგან ქრისტიანულ თვისებებს, მათ შორის თავმდაბლობას, ავლენდნენ. მან მათ მოუწოდა, რომ კვლავაც თავმდაბლები ყოფილიყვნენ. მიღებული ცოდნის გამო არ უნდა მიეჩნიათ საკუთარი თავი სხვებზე აღმატებულად. უფრო მეტიც, სხვებისთვის თავმდაბლობის მაგალითი უნდა მიეცათ და ამგვარად ხელი შეეწყოთ მსოფლიო საძმოს ერთიანობისთვის (ფსალმუნი 133:1). „დღეს თქვენ უკეთ სწვდებით ბიბლიის სწავლებებს, — უთხრა კურსდამთავრებულებს ძმა პირსმა. — გამოიყენეთ მიღებული ცოდნა იმისათვის, რომ უფრო დაუახლოვდეთ იეჰოვას“.

„ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა“. თეოკრატიული სკოლების განყოფილების ზედამხედველმა, უილიამ სამუელსონმა, დასვა კითხვა: „როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა დიდად არ მოგვწონს საქმე, რომლის შესრულებაც დაგვავალეს?“ ლუკას 17:7—10-ში ჩაწერილი იესოს მიერ წარმოთქმული სიტყვები დამაფიქრებელია ჩვენთვის: «როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც გევალებათ, თქვით: „უსარგებლო მონები ვართ. ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა“». ჩვენს ბატონთან, იეჰოვასთან, შედარებით მართლაც „უსარგებლონი“ ვართ.

მოსწავლეებმა არაერთი კვირა გაატარეს სასწავლო აუდიტორიაში. ეს ზოგიერთისთვის ნამდვილად არ იყო ადვილი. „თქვენ ის გააკეთეთ, რაც უნდა გაგეკეთებინათ, — თქვა ძმა სამუელსონმა. — და დღეს შედეგი სახეზეა — ახლა თქვენ უფრო ძლიერი რწმენა გაქვთ!“. ძმა სამუელსონმა თავისი მოხსენება ამ სიტყვებით დაასრულა: „თქვენ ხართ სანდო მმართველები. ყოველთვის დააფასეთ, რომ წილად გხვდათ პატივი, ემსახუროთ სამყაროს ბატონ-პატრონს“.

„ნუ დაკარგავთ იეჰოვასადმი რწმენას განსაცდელების დროს!“. თეოკრატიული სკოლების განყოფილების ზედამხედველის დამხმარემ, სემ რობერსონმა, კურსდამთავრებულებს შეახსენა, რომ დროდადრო გულგატეხილობა დაეუფლებოდათ. მან ურჩია მათ, რომ გაეხსენებინათ ის ბიბლიური პერსონაჟები, რომლებიც ღმერთმა გაამხნევა. მაგალითად, მოსემ დაარწმუნა იესო ნავეს ძე: „იეჰოვა ... თავს არ დაგანებებს და არ მიგატოვებს!“ (კანონი 31:8). სიკვდილის პირას მყოფ იესო ნავეს ძეს თამამად შეეძლო ეთქვა: „არ გამტყუნებულა არც ერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გითხრათ“ (იესო ნავეს ძე 23:14).

იეჰოვა ღმერთი ჰპირდება თავის მსახურებს: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ (ებრაელები 13:5). ღმერთი გვარწმუნებს, რომ თავისი სახელის, იეჰოვას, მნიშვნელობის („აქცევინებს“) შესაბამისად მოიქცევა და იქცევა იმად, რადაც საჭიროა, რათა იზრუნოს თავის მსახურებზე. „არასდროს გადაიწუროთ იმედი, — მოუწოდა ძმა რობერსონმა კურსდამთავრებულთ. — ნურასდროს გაიტეხთ გულს და ნუ ჩამოყრით ხელებს! გახსოვდეთ, რომ ის არასდროს, არასდროს, არასდროს მიგატოვებთ!“.

„მთელ დედამიწაზე გაისმა მათი ხმა“ (რომაელები 10:18). პროგრამის ამ ნაწილს წაუძღვა სკოლა „გალაადის“ მასწავლებელი, მარკ ნიუმარი, რომლის დროსაც კურსდამთავრებულები მოყვნენ შემთხვევებს, რაც პატერსონში მსახურების დროს შეემთხვათ. ზოგმა მათგანმა ამ შემთხვევების ინსცენირებებიც წარმოადგინა. მაგალითად, ერთი სამხრეთ აფრიკელი წყვილი ძალიან გაახარა თავიანთი ქვეყნიდან ჩასულ სამ ქალთან შეხვედრამ, რომლებსაც ზულუ და კოსა ენებზე უქადაგეს. შრი-ლანკელი ცოლ-ქმარი შეხვდა ინდოელ მამაკაცს, რომელსაც მეუღლე და ქალიშვილი შრი-ლანკაში ჰყავდა. ამ მამაკაცს მანამდე არასდროს ენახა ბიბლია და წყვილმა თავიანთი ბიბლია აჩუქა.

„მომზადებული ნებისმიერი კარგი საქმისთვის“. ჯინ სმოლიმ, რომელიც სამწერლო კომიტეტთან თანამშრომლობს, ინტერვიუ აიღო ორი კურსდამთავრებული წყვილისგან. სიერა-ლეონელმა წყვილმა მოყვა, რომ რთულ პირობებში უწევდათ ცხოვრება; მათ სახლში წყალიც კი არ ჰქონდათ და ყოველდღიურად ეზიდებოდნენ. მაგრამ ასეთი პრობლემები ვერ ჩრდილავდა იმ სიხარულს, რომელსაც ისინი 50 ადამიანთან ბიბლიის შესწავლის დროს განიცდიდნენ. ოთხივე კურსდამთავრებულმა გამოხატა მადლიერება სასწავლო პროგრამისთვის, რომელმაც ისინი ნებისმიერი კარგი საქმისთვის მოამზადა (2 ტიმოთე 3:16, 17).

„მოითმინეთ ქვეყნიერების აღსასრულამდე და მას მერეც!“. ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, გერიტ ლოშმა, წარმოადგინა მთავარი მოხსენება, რომლის დასაწყისში გრძელ დისტანციაზე მორბენალის მაგალითი მოიყვანა. მორბენალი სირბილის დაწყებამდე უნდა დარწმუნდეს, რომ ბოლომდე ეყოფა ძალა. მართალია, სპორტულ შეჯიბრებებში მხოლოდ ერთი იმარჯვებს, მაგრამ ქრისტიანულ რბოლაში იმარჯვებს ყველა, ვისაც ბოლომდე ეყოფა ძალა და ფინიშის ხაზს გადაკვეთს. ბოლომდე მოთმენა გულისხმობს ღვთისადმი შეუწყვეტლივ მსახურებას; ბოლომდე მომთმენი არ კარგავს იმედს დაბრკოლებების, დევნის, განსაცდელებისა თუ გულგატეხილობის მიუხედავად. იესომ თქვა: „ბოლომდე მომთმენი ... გადარჩება“ (მათე 24:13). რა გამამხნევებელია, რომ იეჰოვასა და იესოს შეუმჩნეველი არ რჩებათ ჩვენი მოთმინება! შემდეგ ძმა ლოშმა კურსდამთავრებულებს მისცა რამდენიმე რჩევა, რაც მათ სირთულეების მიუხედავად, ბოლომდე მოთმენაში დაეხმარებათ. ქვემოთ მოყვანილია ზოგიერთი მათგანი:

  • ლოცვით მიმართეთ ღმერთს, რომელიც „მოთმინებას გვაძლევს“ და „ყოველდღიურად ატარებს ჩვენს ტვირთს“ (რომაელები 15:5; ფსალმუნი 68:19).

  • მტკიცედ გადაწყვიტეთ, რომ არასდროს წახვალთ დათმობაზე და გჯეროდეთ, რომ „ღმერთი ერთგულია და არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც თქვენს შესაძლებლობას აღემატება, და გამოსავალსაც მოგცემთ, რომ მოითმინოთ“ (1 კორინთელები 10:13).

  • ყოველთვის გახსოვდეთ თქვენი ქრისტიანული იმედი. „სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა ... [იესომ] ბოძზე წამებას გაუძლო“ (ებრაელები 12:2).

ძმა ლოშმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ახლა, როცა ასე ახლოს ვართ ფინიშის ხაზთან, არ ღირს გაჩერება. „მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე მანძილი“ (ებრაელები 12:1).

ამ შესანიშნავი პროგრამის ბოლოს ერთმა კურსდამთავრებულმა წაიკითხა წერილი, რომლითაც კლასის სახელით გამოხატა მადლიერება სასწავლო კურსისთვის. წერილში ისიც იყო აღნიშნული, რომ ბიბლიის სიღრმისეულმა და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით შესწავლამ არა მხოლოდ ნათლად დაანახვა კურსდამთავრებულებს ღვთის განზრახვები, არამედ რწმენაც ერთიორად განუმტკიცა. „მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ნასწავლი პრაქტიკულად გამოვიყენოთ“, — ნათქვამი იყო წერილში.