წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 135-ე კლასის გამოშვება

„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 135-ე კლასის გამოშვება

2013 წლის 14 სექტემბერს იეჰოვას მოწმეთა საგანმანათლებლო ცენტრში, პატერსონში (ნიუ-იორკი, აშშ), „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 135-ე კლასის გამოსაშვები პროგრამა ჩატარდა. პროგრამა 10 563-მა დამსწრემ მოისმინა. ეს სკოლა გამოცდილ იეჰოვას მოწმეებს ამზადებს იმისათვის, რომ უფრო კარგად გაართვან თავი დავალებებს.

იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, გაი პირსმა, რომელიც ამ პროგრამის თავმჯდომარე იყო, შესავალი თემა დააფუძნა მათეს 28:19, 20-ზე: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან ... ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“.

ძმა პირსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იესოს მიმდევრები დღემდე ასრულებენ ამ დავალებას. როცა მოწაფეებს ვამზადებთ, ვასწავლით, მიჰყვნენ იესოს სწავლებებს. და, რა თქმა უნდა, ამაში შედის იესოს დავალების შესრულებაც, რომ იქადაგონ „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“ (მათე 24:14). ამგვარად ახალი მოწაფეები სამეფოს მქადაგებლები და მასწავლებლები ხდებიან. რა შედეგი მოაქვს ამას? „[მსოფლიოს] მოსახლეობა იზრდება, — თქვა ძმა პირსმა, — და ღვთის ხალხიც რიცხობრივად მატულობს“.

„ყველაფერი გააკეთეს და უფრო მეტიც“. შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტის წევრმა, ტომას ჩიკიმ, თავისი თემა 2 კორინთელების 8:1—4-ზე ააგო. მიუხედავად იმისა, რომ პირველ საუკუნეში მაკედონელი ქრისტიანები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდნენ, იერუსალიმელი გაჭირვებული ძმების დასახმარებლად შესაწირავები გაიღეს. სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებულებიც მსგავს ხელგაშლილობასა და თავგანწირვის სულს ავლენენ.

იმაშიც შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ ამის გამო მაკედონელი ძმები არც თავიანთ ოჯახებს დააზარალებდნენ და არც მსახურებაში შეეშლებოდათ ხელი. ძმა ჩიკიმ კურსდამთავრებულებს ურჩია, რომ მაკედონელი ძმებივით გაცემის სული ჰქონოდათ, მაგრამ ამავდროულად გაწონასწორებული ყოფილიყვნენ.

„სკოლა დამთავრდა“. ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა სამუელ ჰერდმა აღნიშნა, თუ რატომ უნდა ხსომებოდათ კურსდამთავრებულებს სკოლა „გალაადში“ გატარებული დღეები. როგორც დილით მოსმენილი სასიამოვნო მელოდია გაჰყვება ხოლმე კაცს მთელი დღის მანძილზე, ისე სკოლის დაუვიწყარი მოგონებები ხშირად შეახსენებს თავს კურსდამთავრებულებს წლების შემდეგაც კი.

ძმა ჰერდმა კურსდამთავრებულებს შეახსენა, რომ იეჰოვას უსაზღვრო მეხსიერება აქვს. ის სახელით უხმობს მილიარდობით ვარსკვლავს და არც ერთი მათგანი არ ავიწყდება (ფსალმუნი 147:4). ეჭვგარეშეა, იეჰოვას არც ის დაავიწყდება, თუ რა ბეჯითად სწავლობდნენ სტუდენტები სკოლა „გალაადში“. მათ „განძი ზეცაში“ მოაგროვეს და ვერავინ მოიპარავს იმ ძვირფას აზრებს, რომელიც იეჰოვამ შემოინახა თავის მეხსიერებაში მათ შესახებ (მათე 6:20).

ვინაიდან სტუდენტებმა იციან, რომ იეჰოვა არასდროს დაივიწყებს მათ შრომასა და სიყვარულს, ყოველთვის ტკბილად მოაგონდებათ „გალაადში“ გატარებული წუთები. „როდესაც ასეთი მოგონებები გაგილამაზებთ დღეებს, — თქვა ძმა ჰერდმა, — არასდროს დაგავიწყდეთ, მადლობა გადაუხადოთ იეჰოვა ღმერთს იმ ბედნიერი წუთებისთვის. თუ არასოდეს დაივიწყებთ ამ დღეებს, მოგონებები განგიახლებთ ძალას“.

„მიენდე იეჰოვას ენით აუწერელ ძალას“. „გალაადის“ მასწავლებელმა სემ რობერსონმა კურსდამთავრებულებს მოუწოდა, რომ იეჰოვას ძალას მიენდონ და არა საკუთარს, როცა ისეთ სირთულეებს შეხვდებიან, რომელიც ადრე არ ჰქონიათ. ეფესოელების 3:20-ში ვკითხულობთ, რომ ღმერთს „მოქმედი ძალით შეუძლია იმაზე განუზომლად მეტი გააკეთოს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან აზრად მოგვდის“. ღმერთი ისეთ ძალას ფლობს, რომ ჩვენ ამის გააზრებაც კი გვიჭირს. მუხლში მოყვანილი სიტყვები „იმაზე განუზომლად მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ჩვენ აზრად მოგვდის“ იმაზე მიუთითებს, რომ მისი ძალის აღსაწერად სიტყვები არ გვეყოფა, რადგან მას გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია.

იეჰოვას სურს, თავისი ენით აუწერელი ძალით თითოეულ ქრისტიანს დაეხმაროს. ურთულეს მდგომარეობაშიც კი მას შეუძლია „შიშის მომგვრელი მეომარივით“ დაგვიდგეს გვერდით (იერემია 20:11). ძმა რობერსონმა კურსდამთავრებულებს შეახსენა, რომ ნებისმიერი სირთულისა თუ განსაცდელის დროს იეჰოვა მათ მხარში ამოუდგება.

„ღირსეულად შეასრულეთ თქვენი მსახურება“. სკოლა „გალაადის“ მასწავლებელმა უილიამ სამუელსონმა ახსნა, რომ „გალაადის“ კურსდამთავრებულებმა უკვე ორჯერ აჩვენეს თავიანთი ცხოვრებით, რომ ღირსეულად უსრულებენ იეჰოვას მსახურებას. ისინი ასე იქცეოდნენ „გალაადში“ სწავლების დაწყებამდეც და სწავლის დროსაც. ეს და-ძმები კვლავაც იმსახურებენ პატივისცემას, რადგან სამყაროში უზენაესი ხელისუფლების — ღვთის სამეფოს შესახებ — ქადაგებენ.

როგორ შეუძლიათ კურსდამთავრებულებს აჩვენონ, რომ ღვთის ღირსეული მსახურები არიან. ძმა სამუელსონმა მოუწოდა მათ, რომ განადიდონ იეჰოვა და პატივი სცენ სხვებს, როგორც ამას იესო აკეთებდა. ის გარშემომყოფთ ღირსეულად ექცეოდა მაშინაც კი, როცა მათ შეაგონებდა ან რჩევას აძლევდა. რა მოჰყვება ამას, თუ კურსდამთავრებულები ასე მოიქცევიან? პავლე მოციქულის მსგავსად, ისინი კიდევ უფრო ღირსეულად ემსახურებიან იეჰოვას, თუ ღვთის მსახურებას განადიდებენ და არა საკუთარ თავს (რომაელები 11:13).

„ცხენებს ძალაუფლება პირებში ჰქონდათ“. სკოლა „გალაადის“ მასწავლებელმა მაიკლ ბარნეტმა იმაზე ისაუბრა, რომ როდესაც ქრისტიანულ კრების შეხვედრებზე ნასწავლის შესაბამისად ვიქცევით, ვქადაგებთ, როგორც ძალაუფლების მქონეები და ამგვარად ვასრულებთ გამოცხადების 9:19-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას. შემდეგ მან კურსდამთავრებულებთან ერთად გაიხსენა შემთხვევები, რომლებიც მათ „გალაადში“ სწავლის პერიოდში მსახურების დროს ჰქონდათ. აგრეთვე წარმოდგენილი იყო ამ რეალური შემთხვევების ინსცენირებები. მაგალითად, ერთმა სტუდენტმა ბენზინგასამართი სადგურის ერთ თანამშრომელს ჰკითხა: „როდის დაიწყო უცხოტომელთათვის დანიშნული დროები და როდის დასრულდება? (ლუკა 21:24). მოგვიანებით მან განმეორებით მოინახულა ეს მამაკაცი და დანიელის მე-4 თავისა და წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ დანართის დახმარებით ამ კითხვაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

„მათ გულები განუმტკიცდათ“. შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტის წევრმა, ადრიან ფერნანდესმა, ინტერვიუ აიღო ორი წყვილისგან. ძმა ჰელგე შუმმა აღნიშნა, რომ ბიბლიური ცნობის თანახმად, ღვთის ზოგიერთი მსახური ამა თუ იმ პასუხისმგებლობის მიღების შემდეგ გადიდგულდა. სწორედ ამიტომ, „გალაადის“ სასწავლო პროგრამაში არაერთხელ მახვილდება ყურადღება, რაოდენ მნიშვნელოვანია თავმდაბლობის გამოვლენა (2 მატიანე 26:16). ძმა პიტერ ქენინგმა გაიხსენა, რა რჩევა მისცეს ერთხელ სკოლაში ადგილობრივი ენის სწავლასთან დაკავშირებით: „იყავით თავმდაბლები და თავი არ შეიკავოთ ახალ ენაზე ლაპარაკისგან მაშინაც კი, თუ შეცდომებს დაუშვებთ“. ოთხივე კურსდამთავრებულმა მადლიერება გამოთქვა სასწავლო პროგრამისთვის, რომელმაც მომავალი მსახურებისთვის მოამზადა ისინი და განამტკიცა მათი გულები (ებრაელები 13:9).

„გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ზეცაში ჩაიწერა“ (ლუკა 10:20). ძირითადი მოხსენება ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ჯეფრი ჯექსონმა, წარმოთქვა. მათგან განსხვავებით, ვინც „გალაადის“ სასწავლო კურსი ადრე გაიარა, დღევანდელი კურსდამთავრებულების უმეტესობა აღარ მიიღებს სრულიად ახალ დავალებას და არც დაუმუშავებელ ტერიტორიებზე ქადაგებით გამოწვეულ სიხარულს გამოცდიან. როგორ უნდა შეხვდნენ კურსდამთავრებულები ამ სიახლეს?

როდესაც იესოს მიერ საქადაგებლად გაგზავნილი 70 მოწაფე უკან დაბრუნდა, გახარებულები ყვებოდნენ, რომ იესოს სახელით დემონებს დევნიდნენ (ლუკა 10:1, 17). იესომ აღიარა, რომ ეს სასიხარულო ამბავი იყო, მაგრამ მოწაფეებს უთხრა: „ის კი ნუ გიხარიათ, რომ სულები გემორჩილებიან, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ზეცაში ჩაიწერა“ (ლუკა 10:20). მან ამით მოწაფეებს აჩვენა, რომ ყოველდღე არ ექნებოდათ ასეთი შემთხვევები. მათ მხოლოდ შედეგებზე კი არ უნდა ეფიქრათ, არამედ იმაზე, რომ იეჰოვასადმი ერთგულნი ყოფილიყვნენ და მათი სახელები „ზეცაში ჩაწერილიყო“.

ძმა ჯექსონმა აღნიშნა: „ის, რაც იესომ თავის 70 მოწაფეს ასწავლა, ჩვენც გვეხება“. ჩვენი სიხარულისა და ერთგულების ძირითადი მიზეზი მხოლოდ შედეგები არ უნდა იყოს. ჩვენ სიხარულს მაშინ ვიგრძნობთ და ღვთის ერთგულნიც იმ შემთხვევაში დავრჩებით, თუ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობას შევინარჩუნებთ და მუხლჩაუხრელად ვიმსახურებთ.

იესოც კი ხვდებოდა ისეთ სიტუაციებს, რომელსაც მისთვის შეიძლებოდა გული გაეტეხა. მაგალითად, როცა ერთხელ იესომ ათასობით ადამიანი სასწაულებრივად დააპურა, ისინი მას გაჰყვნენ (იოანე 6:10—14, 22—24). მაგრამ მალე ბევრი მათგანი იესოს სწავლებამ დააბრკოლა. სამწუხაროდ, მოწაფეთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა (იოანე 6:48—56, 60, 61, 66). მათგან განსხვავებით, ერთგული მოციქულები იესოსთან დარჩნენ. მათ კარგი მაგალითი დაგვიტოვეს, რადგან მათთვის მთავარი შედეგები კი არა, იეჰოვასადმი ერთგულება და მასთან ახლო ურთიერთობა იყო (იოანე 6:67—69).

დასკვნა. ბოლოს კურსდამთავრებულებს გადასცეს დიპლომები. ერთ-ერთმა მათგანმა კლასის სახელით სამადლობელი წერილი წაიკითხა. ძმა პირსმა აღნიშნა, რომ ღვთის ხალხი, მათ შორის „გალაადის“ კურსდამთავრებულები, თავს ისე არ წარმოაჩენენ, რომ რაღაცით მეტნი არიან სხვა ხალხზე (საქმეები 4:13; 1 კორინთელები 1:27—31). იეჰოვამ სიხარულით მიგვიღო, როცა თავი მივუძღვენით. იგი თავის წმინდა სულს გვაძლევს. ვინაიდან იეჰოვას ჩვენი ცოდნით ვერ გავაკვირვებთ, ძმა პირსმა თქვა: „იეჰოვას გულგრილს არ ტოვებს ჩვენი ერთგულება და მისი საქმისადმი თავდადება“.