არჩეულ მასალაზე გადასვლა

ქადაგება 165 000-ზე მეტი სტენდით

ქადაგება 165 000-ზე მეტი სტენდით

იეჰოვას მოწმეები ცნობილნი არიან კარდაკარ ქადაგებით. თუმცა დღეს მათ ხშირად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სპეციალური სტენდების გვერდითაც დაინახავთ, რომლებზეც მრავალფეროვანი და ლამაზად გაფორმებული ლიტერატურაა გამოფენილი.

ახლახან მსახურების ამ ფორმამ, სტენდებით ქადაგებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. პირველად იეჰოვას მოწმეებმა 2011 წლის ნოემბერში ქალაქ ნიუ-იორკში მოაწყვეს სპეციალური მაგიდები და სტენდები, სადაც გამოფენილი იყო ბიბლიური ლიტერატურა; ისინი ხალხს ამგვარად აცნობდნენ ბიბლიურ ცნობას. ეს წამოწყება იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მალე სხვა ქალაქებშიც დაიდგა სტენდები.

2015 წლის მარტში მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა კრებები 165 390 სტენდით უზრუნველყვეს. მანამდე ათასობით ლიტერატურის სტენდი, მაგიდა და კიოსკი იქნა შეძენილი.

როგორც ცნობილია, იეჰოვას მოწმეები კარდაკარ აცნობენ ხალხს ბიბლიურ ჭეშმარიტებას და დღემდე კარდაკარ ქადაგება მსახურების ძირითად მეთოდად ითვლება. თუმცა სტენდებით ქადაგებაც ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. აი, ამის რამდენიმე მაგალითი:

პერუში ერთი მამაკაცი, სახელად რაული, ერთ-ერთ სტენდთან მდგარ იეჰოვას მოწმეებს მიუახლოვდა და ჰკითხა: „სად იყავით აქამდე? უკვე სამი წელია, გეძებთ. როცა თქვენი სტენდი დავინახე, ღმერთს მადლობა გადავუხადე“.

მიუხედავად იმისა, რომ იმ დასახლებაში, სადაც ეს მამაკაცი ცხოვრობდა, იეჰოვას მოწმეები ხშირად ქადაგებდნენ, რაული მათ არასდროს ხვდებოდა სახლში — არც სამუშაო დღეებში და არც უქმეებში. რაულმა მათ უთხრა, რომ ერთ დროს მას მოწმეები ასწავლიდნენ ბიბლიას და ახლა შესწავლის განახლება სურდა. მოწმეებმაც არ დააყოვნეს და უმალვე დაიწყეს მასთან შესწავლა.

ბულგარეთში სტენდთან ერთი ახალგაზრდა წყვილი მივიდა და წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“ აიღო. მომდევნო კვირას ისინი ისევ დაბრუნდნენ და კიდევ ორი წიგნი აიღეს: „ბიბლიური მოთხრობები“ და „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. მოწმემ, რომელიც სტენდთან იდგა, ჰკითხა მათ, რამდენი შვილი ჰყავდათ, რაზეც წყვილმა მიუგო: „ჯერ არც ერთი, მაგრამ როცა გვეყოლება, გვინდა, რომ მათ ღვთის შესახებ ვასწავლოთ. ეს სწორედ ის წიგნებია, რაც ჩვენ გვჭირდება!“.

უკრაინაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული ერთი მამაკაცი სტენდთან მდგარ ქრისტიან დებს მიუახლოვდა და ასეთი რამ ჰკითხა: „გოგონებო, როდის მოხდება არმაგედონი?“. ეს მამაკაცი უკრაინის ბოლოდროინდელ კონფლიქტში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა დაარწმუნა ის იმაში, რომ არმაგედონი მალე მოხდებოდა; მას აინტერესებდა, რატომ აყოვნებდა ღმერთი სამართლის აღსრულებას. მოწმეებმა მას ბიბლიის მეშვეობით აუხსნეს, რომ ღმერთს აქვს საფუძვლიანი მიზეზი, რის გამოც ჯერჯერობით ღმერთი არ ერევა ადამიანთა ცხოვრებაში, თუმცა ის მალე მოუღებს ბოლოს ყველანაირ ბოროტებას. ამ მამაკაცმა აიღო ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ და წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“.

მაკედონიაში ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა სტენდთან მდგომ მოწმეებს უთხრა, რომ კარგად იცნობდა მათ ჟურნალებს და ამჯერად წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ აღება სურდა. მან თქვა, რომ ახლა პირდაპირ საჯარო ბიბლიოთეკაში აპირებდა წასვლას მის წასაკითხად.

ეს მამაკაცი დაახლოებით ორ საათში დაბრუნდა ბიბლიოთეკიდან და, თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე 79 გვერდი წაეკითხა. ის ამბობს: „ამ წიგნს მართლაც შეუძლია ადამიანთა ცხოვრების შეცვლა! მივხვდი, რომ ბევრი რამ, რაც აქამდე მწამდა, მცდარი იყო. ამ წიგნში ყველაფერი ლოგიკურადაა ახსნილი. მან სრულიად შემიცვალა წარმოდგენა ცხოვრებაზე!“.