წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

სურათები მკითხველს ეხმარება, გონებაში გააცოცხლოს წაკითხული

სურათები მკითხველს ეხმარება, გონებაში გააცოცხლოს წაკითხული

იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ პუბლიკაციებში მოცემულია მრავალფეროვანი ილუსტრაციები, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო. „სიონის საგუშაგო კოშკის“ პირველ გამოცემაში, რომელიც 1879 წელს დაიბეჭდა, არც ერთი ილუსტრაცია არ იყო. ათწლეულების მანძილზე ჩვენს პუბლიკაციებში თითო-ოროლა ილუსტრაციას თუ იპოვიდით, ისიც შავ-თეთრს.

დღეს კი ჩვენს პუბლიკაციებში ბევრ ილუსტრაციას ნახავთ. ბევრი ფოტოსურათი თუ ნახატი, რომელსაც ჩვენს ლიტერატურაში თუ ვებ-გვერდზე ხვდებით, ჩვენი ფოტოგრაფების გადაღებული და ჩვენი მხატვრების შესრულებულია. სანამ ბიბლიური ისტორიების ამსახველი ილუსტრაციები საბოლოო სახეს მიიღებს, ამას წინ უძღვის ღვთის სიტყვის საფუძვლიანი კვლევის პროცესი.

მაგალითისთვის მოვიყვანოთ ილუსტრაცია, რომელიც ამ სტატიას ახლავს თან. თავდაპირველად, იგი მოცემული იყო წიგნის, „საფუძვლიანად დაამოწმეთ ღვთის სამეფოზე“, მე-19 თავში. მასზე ასახულია ძველი ქალაქი კორინთი. როგორც წიგნ „საქმეების“ მე-18 თავშია აღწერილი, პავლე „ბემას“ ანუ სასამართლო ტახტის წინაშე დგას. არქეოლოგიური ცნობები საფუძვლიანად გამოიკვლიეს და დაადგინეს, თუ როგორ გამოიყურებოდა და რა ფერის მარმარილოთი იყო მოპირკეთებული ნაგებობა, სადაც მოციქული პავლე პროკონსულ გალიონის წინაშე წარადგინეს. კვლევის შედეგად მოძიებულ იქნა ინფორმაცია პირველი საუკუნის რომაული ჩაცმულობის შესახებაც. მაგალითად, კვარცხლბეკზე მდგომ გალიონს საიმპერატორო სამოსი მოსავს. მას აცვია ტუნიკა და ტოგა ძოწისფერი ზოლით, ასევე სპეციალური ფეხსაცმელი, რომელიც ბერძნულ ენაში „კალკეის“ სახელითაა ცნობილი. კვლევებმა ისიც ცხადყო, რომ კვარცხლბეკზე მდგომი გალიონი ჩრდილო-დასავლეთით იყურებოდა, რითაც მხატვარს მიეცა საშუალება, განესაზღვრა, საიდან დაეცემოდა შუქი მას.

თემატური კატალოგი

ერთხელ გამოყენებული სურათი კატალოგში შედის, რითაც შესაძლებელი ხდება მისი ხელმეორედ გამოყენება. დიდი ხნის მანძილზე ნახატებსა და ილუსტრაციებს უზარმაზარ საქაღალდეებში ვინახავდით შესაბამის პუბლიკაციებთან ერთად. ფოტოსურათები თემატურ კატალოგში ინახებოდა. ვინაიდან საქაღალდეების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მატულობდა, ილუსტრაციების მოძებნა და ხელმეორედ გამოყენება უფრო და უფრო რთულდებოდა.

1991 წელს შეიქმნა მონაცემთა ბაზა, რომლის წყალობითაც გაადვილდა სასურველი სურათის მოძებნა. დღესდღეობით ეს კატალოგი 440 000-ზე მეტ სურათს იტევს. უკვე გამოყენებულ ილუსტრაციებთან ერთად ამ ბაზაში შესულია ის ილუსტრაციებიც, რომელიც ჯერ არ დაბეჭდილა პუბლიკაციებში.

ამ საძიებელ სისტემაში ილუსტრაციების გარდა, ისიცაა მოცემული, თუ სად და როდის გამოქვეყნდა ესა თუ ის სურათი, ვინაა ასახული სურათზე და დროის რომელი პერიოდი აღიწერება. ამის წყალობით, როცა ახალი პუბლიკაცია მზადდება, შესაბამისი ილუსტრაციები იოლი მოსაძებნია.

ზოგჯერ კომერციული წყაროდან რომ შევიძინოთ სურათი, ამისთვის ლიცენზია გვჭირდება. მაგალითად, თუ ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის ერთ-ერთი სტატიისთვის გვჭირდება სურათი, რომელზეც პლანეტა სატურნის რგოლებია გამოსახული, სპეციალური დამხმარე ჯგუფი პოულობს შესაბამის სურათს და მფლობელისგან მისი გამოყენების ნებართვას ითხოვს. ბევრი, როცა იგებს, რომ ილუსტრაცია ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობისთვის გვჭირდება, უყოყმანოდ გვთანხმდება და არც საფასურს ითხოვს. სხვები კი თანხის გადახდას ან შესაბამისი წყაროს მითითებას გვთხოვენ. შეთანხმების მიღწევის შემდეგ სურათი იბეჭდება პუბლიკაციაში და თავსდება ჩვენს კატალოგში.

დღეს გამოცემული ზოგი პუბლიკაცია ძირითადად ილუსტრაციებისგან შედგება. მაგალითად, ჩვენს ვებ-გვერდზე ნახავთ დასურათებულ ბიბლიურ ისტორიებს, ასევე ისეთ ილუსტრირებულ ბროშურებს, როგორიცაა „მოუსმინეთ ღმერთს“. ეს ბროშურა, რომელშიც უამრავი ილუსტრაცია და სულ რამდენიმე ბწკარია მოცემული, ბევრ რამეს გვასწავლის. მსგავსი პუბლიკაციები, ისევე როგორც ბეჭდვითი თუ ვებ-გვერდზე განთავსებული სხვა ლიტერატურა ბიბლიის უკეთ გაგებაში გვეხმარება.