არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან უსინათლოებს აფრიკაში

იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან უსინათლოებს აფრიკაში

ზოგ განვითარებად ქვეყანაში უსინათლოებს არა აქვთ ისეთივე პირობები და შესაძლებლობები, როგორიც სხვა ქვეყნებში. ზოგჯერ ისინი საზოგადოებისგან გარიყულები არიან და ვერ იღებენ დახმარებას მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ ანუ ისეთი საქმეების კეთებისას, რაც, ჩვეულებრივ, სხვებს ადვილად გამოსდით, მაგრამ მათთვის ეს საკმაოდ რთულია. მაგალითად, მათ შეიძლება დამოუკიდებლად გაუჭირდეთ საყიდლებზე წასვლა, ავტობუსით მგზავრობა და განსაკუთრებით თანხების განკარგვა. პრობლემას შეიძლება ისიც ქმნიდეს, რომ ზოგს ბრაილზე კითხვაც კი არ შეუძლია ან თუ შეუძლია, ხელი არ მიუწვდება ბრაილის შრიფტით გამოცემულ პუბლიკაციებზე, რადგან არ იბეჭდება მათ ენაზე.

უკვე 100 წელზე მეტია, იეჰოვას მოწმეები ბიბლიურ პუბლიკაციებს უსინათლოებისთვისაც გამოსცემენ. იმისათვის, რომ მალავიში ჩიჩევა ენაზე ხელმისაწვდომი გამხდარიყო ბიბლიური ლიტერატურა ბრაილის შრიფტით, არც ისე დიდი ხნის წინ მოწმეებმა ნიდერლანდებიდან მალავიში ბრაილის საბეჭდი მანქანა და საამკინძაო მოწყობილობები გაგზავნეს.

ლაო, რომელსაც ბრაილის შრიფტით პუბლიკაციების გამოცემის დიდი გამოცდილება აქვს, იეჰოვას მოწმეთა ბრაზილიის ფილიალიდან მალავიში გაემგზავრა. ის დაეხმარა ხუთი კაცისგან შემდგარ ჯგუფს, ესწავლათ ზემოაღნიშნული ორივე მოწყობილობის და აგრეთვე მოწმეების მიერ შემუშავებული სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენება, რომლის საშუალებითაც ხდება ტექსტის გადაყვანა სხვადასხვა ენის, მათ შორის ჩიჩევა ენის, ბრაილის შრიფტზე. პროგრამამ რომ ტექსტი სხვადასხვა ენაზე გადაიყვანოს, საჭიროა, წინასწარ გამზადდეს ტექსტიც და ბრაილის სიმბოლოებიც. პროგრამას ტექსტი ბრაილის შრიფტზე გადაჰყავს და საბოლოოდ მას ისეთ სახეს აძლევს, რაც უსინათლოებს მის წაკითხვას უადვილებს. რამდენიმე მალაველი იეჰოვას მოწმე გვიზიარებს, რამხელა დახმარებას უწევთ მათ ბრაილის შრიფტზე გამოცემული პუბლიკაციები.

ერთი უსინათლო მოწმე, მუნიარაძი ნახევარ განაკვეთზე მუშაობს; მას რადიოპროგრამა მიჰყავს. იგი აგრეთვე თავისი დროის უმეტეს ნაწილს, თვეში დაახლოებით 70 საათს, უთმობს მეტად მნიშვნელოვან საქმეს — სხვებს ბიბლიას ასწავლის. ეს ახალგაზრდა ქალი აღნიშნავს: „ადრე ბრაილის შრიფტით გამოცემულ პუბლიკაციებს ინგლისურ ენაზე ვკითხულობდი, მაგრამ ახლა, როცა მშობლიურ ენაზე ვკითხულობ, სულ სხვა გრძნობა მეუფლება — წაკითხული გულამდე აღწევს. ძალიან მადლიერი ვარ იმ თანაქრისტიანების, რომლებიც არც ძალ-ღონეს იშურებენ და არც თანხებს იმისთვის, რომ მშობლიურ ენაზე წავიკითხოთ ბრაილის შრიფტით გამოცემული პუბლიკაციები. ვგრძნობ, რომ არა ვართ მიტოვებულები და თანაქრისტიანებისთვის ძალიან ძვირფასები ვართ“.

ფრანსისი იეჰოვას მოწმეა და მალავის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობს. ვინაიდან ის უსინათლოა, ერთ დროს მას სხვები უკითხავდნენ პუბლიკაციებს. როდესაც მან პირველად მიიღო ბრაილის შრიფტით გამოცემული პუბლიკაცია ჩიჩევა ენაზე, გახარებულმა წამოიძახა: „თავი სიზმარში მგონია! თვალებს არ ვუჯერებ!“

ლოისიც უსინათლოა; ის სრული დროით მსახურობს და უკვე 52 ადამიანს დაეხმარა, შეეცვალათ ცხოვრების წესი და სწორ გზას დადგომოდნენ. როდესაც სხვებს ბიბლიის შესწავლაში ეხმარება, თავად ბრაილის შრიფტით გამოცემული პუბლიკაციით სარგებლობს (იეჰოვას მოწმეები გამოსცემენ პუბლიკაციებს როგორც უსინათლოებისთვის, ისე სხვებისთვის).

ლოისი ატარებს ბიბლიის შესწავლას

ზემოხსენებული ლაო დასძენს: „საოცარი კმაყოფილების გრძნობა მეუფლება, როცა ვხედავ, რამხელა სიხარულს ანიჭებს ხალხს მშობლიურ ენაზე ბრალის შრიფტით გამოცემული ბიბლიური ლიტერატურის კითხვა. ბევრი აღნიშნავს, რომ ძალიან მადლიერია იეჰოვასი და ბედნიერია იმით, რომ დამოუკიდებლად შეუძლიათ მოემზადონ კრების შეხვედრებისა თუ მსახურებისთვის; მეტიც, აღარ უწევთ, სხვებს სთხოვონ დახმარება კითხვის დროს და მათ პირად შესწავლას ახლა უკვე ნამდვილად შეიძლება ეწოდოს პირადი; ახლა უფრო უკეთ შეუძლიათ დაეხმარონ ოჯახის წევრებს სულიერ ზრდაში. და რაც მთავარია, ბრაილის შრიფტით გამოცემული პუბლიკაციების წყალობით ისინი უფრო უახლოვდებიან იეჰოვას“.