წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ესპანური მთარგმნელობითი ჯგუფი ესპანეთში გადავიდა

ესპანური მთარგმნელობითი ჯგუფი ესპანეთში გადავიდა

იესოს სიტყვების თანახმად, სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას მთელ მსოფლიოში ყველა ადამიანის ყურამდე უნდა მიეღწია (მათე 24:14). იეჰოვას მოწმეები ესპანურ ენაზე ბიბლიურ ლიტერატურას 1909 წლიდან თარგმნიან. ეს ლიტერატურა მთელ მსოფლიოში გაფანტულ ესპანურენოვან ხალხს ეხმარება, სასიხარულო ცნობა მშობლიურ ენაზე წაიკითხონ. ესპანური ჩინურის შემდეგ მეორე ენაა, რომელიც მთელ მსოფლიოში დაახლოებით ნახევარი მილიარდისთვისაა მშობლიური.

„ესპანური საერთაშორისო ენაა, რომელზეც სხვადასხვა კულტურის ადამიანები არაერთ ქვეყანაში საუბრობენ, — აღნიშნავს უილიამი, ესპანური მთარგმნელობითი ჯგუფის წევრი. — ჩვენი მიზანია, ისე ვთარგმნოთ ბიბლიური ლიტერატურა, რომ მისაღები და გულში ჩამწვდომი იყოს ყველასთვის, რა წარმოშობისაც არ უნდა იყვნენ ისინი, რა განათლებაც არ უნდა ჰქონდეთ მიღებული და რა პირობებშიც არ უნდა უწევდეთ ცხოვრება“. ამ მიზანს რომ მიაღწიონ და თარგმანები ესპანურ ენაზე მოლაპარაკე ყველანაირი ადამიანისთვის ადვილად გასაგები და ბუნებრივი რომ იყოს, ესპანურ მთარგმნელობით ჯგუფში მსახურობენ იეჰოვას მოწმეები არგენტინიდან, კოლუმბიიდან, სალვადორიდან, გვატემალადან, მექსიკიდან, პუერტო-რიკოდან, შეერთებული შტატებიდან, ურუგვაიდან, ვენესუელადან და, რა თქმა უნდა, ესპანეთიდან.

ათწლეულების მანძილზე იეჰოვას მოწმეები ესპანურ ენაზე მთარგმნელობით საქმიანობას შეერთებულ შტატებში ეწეოდნენ და ამ საქმეში მათ სხვა მთარგმნელები ეხმარებოდნენ არგენტინიდან, მექსიკიდან და ესპანეთიდან. ყველა მთარგმნელს ერთად რომ ემუშავა, 1993 წელს ესპანური მთარგმნელობითი ჯგუფი პუერტო-რიკოში გადავიდა.

2012 წლის მარტში გადაწყდა, რომ ესპანური მთარგმნელობითი ჯგუფი კვლავ შეიცვლიდა ადგილს და ამჯერად იეჰოვას მოწმეების ესპანეთის ფილიალში გადავიდოდა. ერთი მთარგმნელი, ედვარდი იხსენებს: „მთარგმნელობითი ჯგუფის გადასვლა მხოლოდ მთარგმნელების გადაყვანას, მათი პირადი ნივთებისა თუ სხვადასხვა მოწყობილობის გადატანას როდი გულისხმობდა; თან უნდა წაგვეღო განყოფილების სიმდიდრე — ჩვენი ბიბლიოთეკა“. ესპანურ მთარგმნელობით ჯგუფს საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა — დაახლოებით 2 500 წიგნი, მათ შორის ბიბლიის ასობით ესპანური თარგმანი.

ესპანეთში გულთბილად ხვდებიან მთარგმნელებს

2013 წლის 29 მაისს ესპანური მთარგმნელობითი ჯგუფი გულთბილად მიიღო ესპანეთის ბეთელის ოჯახმა. მთარგმნელობითი ჯგუფის ესპანეთში გადასვლა მარტივი ნამდვილად არ იყო, რადგან მათ უნდა გადაეკვეთათ ატლანტის ოკეანე და თან უნდა წაეღოთ ამხელა ბიბლიოთეკა და სხვადასხვა მოწყობილობები. მაგრამ იმის წყალობით, რომ ყველაფერი წინასწარ კარგად დაგეგმეს და დიდი შრომა გასწიეს, ესპანურ ენაზე პუბლიკაციების გამოცემა არ შეფერხებულა და, შესაბამისად, ესპანურენოვან მკითხველსაც არაფერი უგრძვნია. ედვარდი დასძენს: „სამეფოს ცნობის ქადაგებაზე მნიშვნელოვანი არაფერია! სწორედ ამიტომ, დიდი სურვილი გვაქვს, რომ ესპანურ ენაზე მოლაპარაკე რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა წაიკითხოს ჩვენი ლიტერატურა“.