წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„საგუშაგო კოშკმა“ გრენლანდიურ ენაზე ერთ-ერთ ტელეგადაცემაში შექება დაიმსახურა

„საგუშაგო კოშკმა“ გრენლანდიურ ენაზე ერთ-ერთ ტელეგადაცემაში შექება დაიმსახურა

2013 წლის იანვარში 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ გრენლანდიურ ენაზე პირველად გამოიცა. გრენლანდიური ენა ესკიმოსთა ერთ-ერთი ენაა. ამ ენაზე 57 000 ადამიანი ლაპარაკობს.

გრენლანდიაში დაახლოებით 150 იეჰოვას მოწმე ცხოვრობს. „საგუშაგო კოშკის“ ყოველთვიური ტირაჟი გრენლანდიურ ენაზე 2 300-ს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჟურნალს გრენლადიელი მოწმეების გარდა, ბევრი სხვაც კითხულობს.

ქალაქ ნუუკში მდებარე მთარგმნელობითი ოფისის ზედამხედველმა სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა: „ბევრ გრენლანდიელს გულწრფელად აინტერესებს ბიბლია; ამიტომაც კითხულობენ „საგუშაგო კოშკს“ მშობლიურ ენაზე“.

როცა ჟურნალისტმა ინტერვიუ აიღო ერთ-ერთი მთარგმნელისგან და ჰკითხა, თუ რით იყო ეს ჟურნალი მისთვის გამორჩეული, მთარგმნელმა უპასუხა: „თავადაც ბევრ რამეს ვსწავლობ ამ ჟურნალიდან. მაგალითად, ეს ჟურნალი მეხმარება, ვაკეთო სიკეთე და მივყვე ჯანსაღი ცხოვრების წესს. ერთ დროს ძალიან ბევრს ვეწეოდი, თუმცა ვიცოდი, რომ ეს მავნებელი იყო ჯანმრთელობისთვის. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ თუ გვსურს, ვიყოთ ჯანმრთელები, უწმინდური ჩვევები უნდა მოვიცილოთ“.

ტელეგადაცემაში ისიც აღინიშნა, რომ იეჰოვას მოწმეები თავიანთ საქმიანობას გრენლანდიაში მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან ეწევიან და გრენლანდიურ ენაზე წიგნებსა და ბროშურებს გამოსცემენ. პუბლიკაციებს მოხალისეები თარგმნიან როგორც დანიურ, ისე გრენლანდიურ ენებზე. მთარგმნელთა მიზანია, რომ თარგმანი გრენლანდიურ ენაზე ზუსტი და ბუნებრივი იყოს.

ერთი გრენლანდიელი, რომელიც დიდი ხანია იეჰოვას მოწმეა, ამბობს: „25 წელია, რაც გრენლანდიელებთან ვქადაგებ და პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რამხელა ძალა აქვს მშობლიურ ენაზე ნათარგმნ პუბლიკაციებს. ბევრი, ვისაც ძალიან უყვარს ჩვენი ჟურნალების კითხვა, ისეთ დაშორებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, სადამდე მიღწევაც მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი და ისიც ყველა სეზონზე — არა. ამიტომ, მათ ხშირად ვუგზავნით წერილებსა და ლიტერატურას“.

2013 წლის იანვრიდან მოყოლებული გრენლანდიურ ენაზე იბეჭდება ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ როგორც სასწავლო, ისე ფართო მკითხველისთვის განკუთვნილი გამოცემა. ამ ჟურნალების წაკითხვა და ჩამოტვირთვა აგრეთვე შესაძლებელია ვებ-გვერდიდან jw.org, თუ შეხვალთ განყოფილებაში „პუბლიკაციები“ და მიუთითებთ გრენლანდიურ ენას.