წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ვიდეორგოლები ასობით ენაზე

ვიდეორგოლები ასობით ენაზე

იეჰოვას მოწმეები აქტიურად ვეწევით მთარგმნელობით საქმიანობას. 2014 წლის ნოემბრის მონაცემებით, ჩვენ ბიბლია 125 ენაზე გვქონდა ნათარგმნი, ხოლო ბიბლიაზე დაფუძნებულ ლიტერატურას 742 ენაზე გამოვცემდით. მთარგმნელობითი საქმიანობა ვიდეორგოლების მომზადებასაც მოიცავს. 2015 წლის იანვრისთვის ვიდეორგოლი, „რას ემსახურება იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი?“, 398 ენაზე იყო ხელმისაწვდომი, ხოლო „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“ — 569 ენაზე. რა მიზნით და როგორ მომზადდა ეს ვიდეორგოლები?

2014 წლის მარტში იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელმა საბჭომ ყველა ფილიალს მსოფლიო მასშტაბით მითითება მისცა, ვიდეორგოლები რაც შეიძლება მეტ ენაზე ეთარგმნათ, რათა უფრო მეტი ადამიანი აღძრულიყო ბიბლიის შესწავლის დასაწყებად.

სხვადასხვა ენებზე ვიდეორგოლების მომზადება რამდენიმე ეტაპს მოიცავს. თავდაპირველად ადგილობრივი მთარგმნელობითი ჯგუფი თარგმნის ვიდეოს ტექსტს. ამის მერე ვიდეორგოლის გასახმოვანებლად არჩევენ და-ძმებს, რომლებიც ადგილობრივ ენაზე საუბრობენ. შემდეგ ვიდეორგოლების მომზადებაზე პასუხისმგებელი ჯგუფი ნათარგმნი ტექსტის აუდიოჩანაწერს ამზადებს და ამუშავებს; აგრეთვე ხდება იმ ტექსტების რედაქტირება, რომლებიც ვიდეორგოლში გამოჩნდება. ბოლოს აუდიოჩანაწერი და ტექსტი ვიდეორგოლზე იდება, რის შემდეგაც ის უკვე მზად არის ვებ-გვერდზე ასატვირთად.

ზოგ ფილიალს ჩამწერი სტუდია აქვს, სადაც ამ საქმის შესასრულებლად მომზადებული და-ძმები მსახურობენ. საინტერესოა, როგორ მომზადდა ვიდეორგოლები იმ ენებზე, რომლებზეც დაშორებულ ტერიტორიებზე საუბრობენ და თარგმნიან.

ამ საქმეში ჩაერთვნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ვიდეორგოლების მომზადებასა და ჩაწერაში დახელოვნებული და-ძმები, რომლებიც პორტატიულ ჩამწერ მოწყობილობას იყენებდნენ. ისინი ოფისებში, სამეფო დარბაზებსა თუ კერძო სახლებში დროებით ჩამწერ სტუდიას აწყობდნენ, ჩანაწერს კი მიკროფონისა და სპეციალური პროგრამით აღჭურვილი ლეპტოპების გამოყენებით აკეთებდნენ. მკითხველებად, რეპეტიტორებად და კორექტორებად ადგილობრივ ენაზე მოლაპარაკე და-ძმებს ირჩევდნენ. როდესაც ჩანაწერის გაკეთება სრულდებოდა, საბოლოო შემოწმების შემდეგ ოპერატორი თავისი პორტატიული მოწყობილობით ახალი დანიშნულების ადგილისკენ მიეშურებოდა.

ამგვარი მიდგომით ვიდეორგოლები სამჯერ უფრო მეტ ენაზე გახდა ხელმისაწვდომი, ვიდრე მანამდე.

ამ ვიდეორგოლებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრისთვის ეს პირველი ვიდეორგოლები იყო, რომლებსაც მშობლიურ ენაზე უყურეს.

ერთ-ერთი ენა, რომელზეც ვიდეორგოლები მომზადდა, პიტჯანტჯატჯარა იყო. ამ ენაზე ავსტრალიაში 2 500-ზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს. ვიდეორგოლები ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ალის-სპრინგსში ჩაწერეს. „ამ ვიდეორგოლებს გასაოცარი გამოხმაურება მოჰყვა, — გვიზიარებს ტომას ქალენი, რომელიც მათ მომზადებაში იღებდა მონაწილეობას. — ადგილობრივები პლანშეტის ეკრანს თვალს ვერ წყვეტდნენ. მათ აინტერესებდათ, სად შეიძლებოდა კიდევ ენახათ ასეთი ვიდეოები. ამ ენაზე ძალიან ცოტა ლიტერატურაა ხელმისაწვდომი, ამიტომ როცა ისინი ისმენენ და უფრო მეტიც, თავიანთ ენაზე უყურებენ ამ ვიდეორგოლებს, ღრმა მადლიერებას გამოხატავენ“.

კამერუნში მცხოვრები ორი იეჰოვას მოწმე ერთხელ კანოეთი მდინარის სათავისკენ მიცურავდა. ისინი პიგმეების სოფელში გაჩერდნენ და სოფლის თავკაცს გამოელაპარაკნენ, რომელიც ადგილობრივ სკოლაში ასწავლიდა. როცა მოწმეებმა გაიგეს, რომ ის ბასა ენაზე საუბრობდა, პლანშეტის მეშვეობით მშობლიურ ენაზე უჩვენეს ვიდეორგოლი „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“. ამან იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სოფლის თავკაცზე, რომ ლიტერატურაც მოითხოვა.

ინდონეზიის ერთ-ერთ სოფელში ადგილობრივი რელიგიის მსახური წინააღმდეგობას უწევდა იეჰოვას მოწმეებს. მან იმ მხარეში მათ მიერ გავრცელებული მთელი ლიტერატურა დაწვა. ამავე სოფლის სხვა მაცხოვრებლები მოწმეებს სამეფო დარბაზის გადაწვით ემუქრებოდნენ. მოგვიანებით ერთი იეჰოვას მოწმის ოჯახში პოლიციის ოთხი თანამშრომელი მივიდა იმ მიზნით, რომ ის და მისი ოჯახის წევრები დაეკითხათ. პოლიციელებს სურდათ, გაეგოთ, რა მიზნით იყენებდნენ მოწმეები სამეფო დარბაზს, ამიტომ ჩვენმა დამ მათ ინდონეზიურ ენაზე უჩვენა ვიდეორგოლი „რას ემსახურება იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი?“.

ვიდეორგოლის ყურების შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა თქვა: „ახლა ვხედავ, რომ ხალხს არასწორი წარმოდგენა აქვს თქვენზე და არ იციან, სინამდვილეში ვინ ხართ“. სხვა პოლიციელმა იკითხა: „შეიძლება მეც გადმომიწეროთ ეს ვიდეო, სხვებს რომ ვაჩვენო? ის სწორ წარმოდგენას შეუქმნის ხალხს თქვენზე“. ახლა პოლიციელებს სწორი შეხედულება აქვთ იეჰოვას მოწმეებზე და მზად არიან, დაიცვან ისინი.

თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ ეს ვიდეორგოლები, უყურეთ მათ თქვენს მშობლიურ ენაზე.

გაიგეთ მეტი

რა არის ბიბლიის შესწავლა?

მიიღეთ პასუხები ბიბლიის უფასო შესწავლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე.

როგორ მზადდება და ითარგმნება იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა?

ჩვენი ლიტერატურა გამოიცემა 700-ზე მეტ ენაზე. რატომ ვახმართ ამდენ ძალისხმევას?