წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

წიგნი „დაბადება“ ამერიკული ჟესტების ენაზე

წიგნი „დაბადება“ ამერიკული ჟესტების ენაზე

ყრუ-მუნჯები აღაფრთოვანა კონგრესზე გაკეთებულმა სასიხარულო განცხადებამ: „ძალიან გაგიხარდებათ იმის გაგება, რომ ებრაული წერილების [ძველი აღთქმა] ზოგიერთი წიგნი მზადდება გამოსაცემად ჟესტების ენაზე, ხოლო წიგნი „დაბადება“ [ვიდეოჩანაწერი] უკვე ხელმისაწვდომია!

ეს განცხადება იეჰოვას მოწმეების მიერ ამერიკული ჟესტების ენაზე ახლახან ჩატარებული საოლქო კონგრესის დასკვნითი მოხსენების დროს გაკეთდა.

2005 წელს იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ამერიკული ჟესტების ენაზე გადათარგმნა დაიწყეს; მათ ბერძნული წერილებიდან, კერძოდ, მათეს სახარებიდან, დაიწყეს თარგმნა. 2010 წლისთვის ბერძნული წერილების 27-ვე წიგნი, რომელიც „ახალი აღთქმის“ სახელითაა ცნობილი, ამერიკული ჟესტების ენაზე გამოიცა.

გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიის ზოგი წიგნი ჟესტების ხუთ სხვა ენაზეც თარგმნეს.

რატომ გასწიეს მთარგმნელებმა ამხელა შრომა? იეჰოვას მოწმეებმა კარგად იციან, რომ დაბეჭდილი მასალა ყრუ-მუნჯებისთვის რთული აღსაქმელია, რადგან მათთვის უცნობია ლექსიკა, რომელსაც მეტყველებაში ვიყენებთ. ჟესტების ენაზე ბიბლიის ზუსტი, გასაგები და ბუნებრივი თარგმანი ბევრ ყრუ-მუნჯს ეხმარება, ადვილად გაიგონ კონტექსტი და ახლო ურთიერთობა განავითარონ ღმერთთან. რა გრძნობები დაეუფლათ ყრუ-მუნჯებს, როცა ეს ახალი თარგმანი მიიღეს?

ერთმა ყრუ-მუნჯმა მამაკაცმა თქვა: «როცა რამდენიმე წლის წინათ წიგნი „მათე“ გამოიცა, ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ იეჰოვა ღმერთმა პირადად ჩემ მიმართ გამოავლინა სიყვარული, ხოლო წიგნ „დაბადების“ გამოცემამ გამიათკეცა ეს გრძნობა. მან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ შემიძლია მასთან დაახლოება».

ერთმა ყრუ-მუნჯმა ქალმა თავისი გრძნობები ასე გამოხატა: „ვიდეოჩანაწერში ისეთი კარგი ჟესტიკულაციაა გამოყენებული, რომ უფრო შემიყვარდა ბიბლია. დავინახე, რომ იეჰოვას სურს, ბიბლიის არც ერთი მუხლი ყურადღების მიღმა არ დამრჩეს, რათა უფრო კარგად გავიცნო ღმერთი. ყველაფერი იმდენად გასაგებია, რომ სურვილი გამიჩნდა, ლოცვაში იეჰოვას ისე ველაპარაკო, როგორც ახლო მეგობარს“.