წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების სათაო ოფისი ადგილს იცვლის

იეჰოვას მოწმეების სათაო ოფისი ადგილს იცვლის

2009 წლის ივლისში, იეჰოვას მოწმეებმა ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში სათაო ოფისის გადატანის მიზნით მიწის ნაკვეთი შეიძინეს. 102 ჰექტარზე გადაჭიმული ტერიტორია 80 კილომეტრით არის დაშორებული სათაო ოფისის ახლანდელი შენობებიდან, რომლებიც ბრუკლინში (ნიუ-იორკი) მდებარეობს და რომლებიც 1909 წლიდან ფუნქციონირებს.

ამ ახალ შენობებში დაახლოებით 800 იეჰოვას მოწმე იცხოვრებს და იმუშავებს. აშენდება საოფისე, საყოფაცხოვრებო და ოთხი საცხოვრებელი კორპუსი. გარდა ამისა, დაგეგმილია პატარა მუზეუმის მშენებლობაც, რომელიც დამთვალიერებლებს გააცნობს იეჰოვას მოწმეების თანამედროვე ისტორიას.

ამ მიწის ნაკვეთის 18 ჰექტარზე შენობები განთავსდება, ხოლო დანარჩენი ტერიტორია, ტყე და ჭაობები, აუთვისებელი დარჩება. ლანდშაფტი დიდი გაზონებით კი არ გადაიტვირთება, არამედ ჰარმონიულად შეერწყმება ტყის მასივს.

ეს შენობები ისეა დაპროექტებული, რომ ნაკლები ენერგიის მოხმარების ხარჯზე დაიზოგოს სახსრები, რის შედეგადაც არ დაბინძურდება გარემო და საექსპლუატაციო ხარჯებიც შემცირდება. მაგალითად, შენობების სახურავები დაიფარება გამძლე და ადვილად მოსავლელი მცენარეებით, რაც შეამცირებს წვიმის წყლით გამოწვეულ დატბორვას და ხელს შეუწყობს შენობებში სტაბილური ტემპერატურის შენარჩუნებას. ოფისებიც ისეა დაპროექტებული, რომ დღის სინათლით ნათდებოდეს. წყლის დაზოგვაც პრიორიტეტულია.

რატომ დაჩქარდა გადასვლა? ადრე მხოლოდ ბრუკლინში იბეჭდებოდა ბიბლია და ბიბლიური ლიტერატურა, ახლა კი ეს ლიტერატურა იეჰოვას მოწმეების სხვადასხვა ქვეყნის ფილიალებშიც იბეჭდება. 2004 წელს ტიპოგრაფია და გზავნილთა განყოფილება ბრუკლინიდან ჩრდილო-დასავლეთით 145 კილომეტრით დაშორებულ უოლკილში (ნიუ-იორკი) გადავიდა.

სათაო ოფისის ახალ ტერიტორიაზე გადასვლა მნიშვნელოვნად შეამცირებს ხარჯებს. ბრუკლინში შენობების მოვლა ძალიან ძვირი ჯდება. შედარებით პატარა შენობებში გადასვლით იეჰოვას მოწმეები უკეთ გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ რესურსებს ბიბლიურ-საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდასაჭერად.

საბოლოო თანხმობის მიღებამდე გარემოს დაცვის სამსახურმა უნდა შეისწავლოს ეს ტერიტორია. თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, მშენებლობა 2013 წელს დაიწყება და ოთხ წელიწადში დასრულდება.

უოლკილში (ნიუ-იორკი) არსებული ტიპოგრაფიის გარდა, იეჰოვას მოწმეებს აქვთ საგანმანათლებლო ცენტრი პატერსონში (ნიუ-იორკი). ორგანიზაცია ხელმძღვანელობს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ფილიალებსაც. მთელს მსოფლიოში 7,5 მილიონზე მეტი იეჰოვას მოწმეა.