წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

მათ თავის მოკვლა გადააფიქრებინეს

მათ თავის მოკვლა გადააფიქრებინეს

ერთხელ, როდესაც ორმა იეჰოვას მოწმემ კარდაკარ მსახურების დროს კარზე დააკაკუნა, ერთმა კაცმა გააღო კარი, რომელიც შეშლილივით იქცეოდა; მის უკან კიბის თავზე თოკი ეკიდა.

როცა კაცმა მოწმეები სახლში შეიპატიჟა, მათ ჰკითხეს, რაში სჭირდებოდა ეს თოკი. კაცმა მიუგო, რომ თავის ჩამოხრჩობას აპირებდა; მაგრამ როცა ზარმა დარეკა, მან გადაწყვიტა, უკანასკნელად გაეღო კარი. მოწმეებმა ისაუბრეს ამ კაცთან და ექიმთან გაჰყვნენ, რომელმაც მას დახმარება აღმოუჩინა.

ეს შემთხვევა, რომელიც ბელგიაში გამომავალ ერთ გაზეთში დაიბეჭდა, არ არის ერთადერთი. იეჰოვას მოწმეებს სხვა დროსაც გადაურჩენიათ ადამიანები, რომლებიც თავის მოკვლას აპირებდნენ. მოვიყვანოთ სხვა მსგავსი შემთხვევები.

საბერძნეთიდან ერთმა ქალმა მოგვწერა: „მეგობარმა მამაკაცმა ენით აუწერელი ტკივილი მომაყენა, რის გამოც დეპრესიაში ჩავვარდი. ემოციურად იმდენად განადგურებული ვიყავი, რომ თავის მოკვლა გადავწყვიტე. თვითმკვლელობაზე ფიქრი შვებას მგვრიდა, რადგან მინდოდა გავთავისუფლებულიყავი ამ საშინელი ტკივილისგან“.

ამ ქალმა თავის მოკვლის ნაცვლად, დახმარებისთვის ექიმს მიმართა. ცოტა ხანში იგი მოწმეებს დაუკავშირდა, ბიბლიის შესწავლა და კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო. ის წერს: „ქრისტიანულ კრებაში უანგარო სიყვარულს ავლენდნენ ჩემ მიმართ, რაც ყოველთვის მაკლდა. შევიძინე ნამდვილი მეგობრები, რომლებსაც ვენდობი. დღეს ბედნიერი ვარ, თავს მშვიდად ვგრძნობ და აღარც ხვალინდელი დღე მაშინებს“.

ერთმა ინგლისელმა მოწმემ მოგვწერა: „ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ძალიან აფორიაქებულმა დამირეკა და მითხრა, რომ იმ ღამეს თავის მოკვლას აპირებდა. მას რომ თავის მოკვლა გადაეფიქრებინა, 2008 წლის მაისის „გამოიღვიძეთ!“-იდან აზრები გავუზიარე და გამამხნევებელი ბიბლიური მუხლები ამოვუკითხე. პრობლემების მიუხედავად, მან გადაიფიქრა თავის მოკვლა“.

განაში ერთმა იეჰოვას მოწმემ, მაიკლმა, სამუშაოზე ერთ გამყიდველ გოგონასთან დაიწყო საუბარი. ერთხელ მაიკლმა შენიშნა, რომ ის ძალიან ცუდ ხასიათზე იყო და მიზეზი ჰკითხა.

მან უთხრა, რომ ქმარმა სხვა ქალში გაცვალა და თავის მოკვლას აპირებდა. მაიკლმა ანუგეშა და ორი წიგნი მისცა, რომელშიც ბიბლიური აზრები იყო განხილული. ამის შემდეგ ამ გოგონამ თავის მოკვლა გადაიფიქრა. მან დაიწყო ბიბლიის შესწავლა და დღეს უკვე იეჰოვას მოწმეა.

ერთ ამერიკულ გაზეთში დაიბეჭდა სტატია, რომელშიც მოთხრობილი იყო შემთხვევა, როცა ერთმა ახალგაზრდა მოწმემ მსახურების დროს შენიშნა გაჩერებული ავტომობილი, რომელსაც ძრავა ჩართული ჰქონდა.

ეს ახალგაზრდა ამბობს: «შევნიშნე მანქანის გამოსაბოლქვ მილთან შეერთებული შლანგი, რომლის მეორე ბოლო ფანჯარაში იყო შეყოფილი, ხოლო ფანჯრის ღრიჭოზე ეგრეთ წოდებული „სკოჩი“ იყო აკრული და მთელი ნამწვი სალონში შედიოდა.

მივირბინე მანქანასთან, შევიხედე სალონში და დავინახე ქალი, რომელიც კვამლში იყო გახვეული და ქვითინებდა. „ამას რას აკეთებთ?“ — დავუძახე.

კარს რომ მივვარდი გასაღებად, დავინახე, რომ უკანა სავარძელზე სამი პატარა ბავშვი იჯდა. კარი რომ გავაღე, ქალმა მითხრა: „თავი უნდა მოვიკლა და ჩემი შვილებიც თან უნდა გავიყოლო!“

ვუთხარი: „გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ამას! ეს გამოსავალი არ არის!“

მან მომიგო: „ზეცაში უნდა წავიდე და ჩემი შვილებიც თან უნდა წავიყვანო“.

ქალი ქვითინებდა, მე კი მუხლებზე დავეცი და ავტირდი. კვლავ ვუთხარი: „ნუ გააკეთებთ ამას!“ ბოლოს ხელები მოვხვიე და ფრთხილად გადმოვიყვანე მანქანიდან.

„ჩემს შვილებს მიხედეთ!“, — დამიყვირა მან.

ბავშვებმა ხელები გამოიწოდეს ჩემსკენ. გოგონები ოთხი-ხუთი წლის იყვნენ, ხოლო ბიჭუნა — ორის. ისინი მანქანაში ჩუმად ისხდნენ და ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ცოტა ხანში სიკვდილი ელოდათ.

ოთხივე გადმოვიყვანე მანქანიდან და ძრავა გამოვრთე. ჩამოვჯექით ხუთივე ბორდიურზე და ქალს ვკითხე: „რამ მიგიყვანათ აქამდე?“».

იეჰოვას მოწმეებისთვის შემოქმედისგან ბოძებული სიცოცხლე ფასდაუდებელი ძღვენია. მოწმეები ცდილობენ, მთელ მსოფლიოში ანუგეშონ ყველა, რომელთა ახლობლებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს და აგრეთვე დაეხმარონ მათ, რომელთაც თავის მოკვლის მცდელობა ჰქონდათ.

გაიგეთ მეტი: „ხომ არ დავუსვა წერტილი ყველაფერს?!“

 

გაიგეთ მეტი

რატომ ღირს სიცოცხლე?

რამ შეიძლება ადამიანს აფიქრებინოს, რომ სიკვდილი შვებაა?