წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ერთ დროს პატიმარი ახლა სხვებს ეხმარება

ერთ დროს პატიმარი ახლა სხვებს ეხმარება

ესპანეთში იეჰოვას მოწმეები 68 ციხეში ინახულებენ პატიმრებს და 600-მდე ადამიანს ასწავლიან ბიბლიას.

ერთ-ერთი მოწმეთაგანი, რომელიც ციხეებში ქადაგებს, მიგელია. სანამ იეჰოვას მოწმე გახდებოდა, იგი თავად იყო პატიმარი და 12 წელი გაატარა გისოსებს მიღმა. დღეს ის სხვებს ეხმარება ცხოვრების წესის შეცვლაში სწორედ ისე, როგორც ერთ დროს მას დაეხმარნენ.

ბოლო 8 წლის მანძილზე მიგელი ბევრ პატიმარს ასწავლიდა ბიბლიას. „მიყვარს იმ ციხეში ქადაგება, სადაც თავად ვიჯექი, —ამბობს მიგელი. — მიხარია, როცა პატიმრებს კრიმინალური სამყაროსგან ჩამოშორებისა და ძველი ცხოვრების წესის მიტოვების სურვილი უჩნდებათ“.

მიგელი 4 წლის იყო, როცა მამამისი ნასვამმა მძღოლმა მანქანით გაიტანა. დაქვრივებული დედა, ოჯახი რომ ერჩინა, წელებზე ფეხს იდგამდა.

მიგელმა და მისმა უფროსმა ძმამ გაკვეთილების გაცდენა დაიწყეს; ძარცვავდნენ სახლებს და აყაჩაღებდნენ ავტომობილებს. 12 წლის მიგელი უკვე ქურდბაცაცა იყო, 15 წლის ასაკში კი ნარკოტიკებით ვაჭრობა დაიწყო და დიდ ფულსაც შოულობდა. მაგრამ, ვინაიდან ჰეროინსა და კოკაინს ეტანებოდა, რაც ძვირი სიამოვნება იყო, მას საკმარისი თანხის საშოვნელად სულ უფრო და უფრო ხშირად უხდებოდა ქურდობა. 16 წლიდან მოყოლებული ის არაერთხელ იჯდა ციხეში და მალე რეციდივისტად იქცა. „ვფიქრობდი, რომ ან ციხეში მოვკვდებოდი ან წამლის გადაჭარბებული დოზით მოვისწრაფებდი სიცოცხლეს, — ამბობს მიგელი. — თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ობობის ქსელში გაბმული მწერი“.

1994 წელს მიგელის მეგობარმა ერთ მოწმეს სთხოვა, რომ მისი მეგობრისთვის, რომელიც ციხეში იჯდა, წერილი მიეწერა. სწორედ ამ წერილის წყალობით შეიტყო მიგელმა ღვთის განზრახვის შესახებ, რომ ღმერთი დედამიწაზე სამოთხეს აღადგენდა. მიგელი იხსენებს: „ამ წერილმა სულში სითბო ჩამიღვარა. ამ დღემ ძირფესვიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. გადავწყვიტე ბიბლია შემესწავლა, თუმცა ვხვდებოდი, რომ ეს ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი“.

მაშინ მიგელი თამბაქოსა და ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელი იყო და ორივეზე თავისუფლად მიუწვდებოდა ხელი. პატიმარი, რომელთან ერთადაც საკანში იჯდა, ყოველდღე სთავაზობდა ნარკოტიკს. მიგელი გამუდმებით სთხოვდა ძალას ლოცვაში იეჰოვას, რომ ეს მანკიერი ჩვევები მოეშორებინა.

სამი თვის შემდეგ მიგელმა სხვა პატიმრებთან დაიწყო ნასწავლის გაზიარება. მომდევნო წელს ციხიდან გამოვიდა და იეჰოვას მოწმე გახდა. მას დაქორწინება სურდა, მაგრამ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი. ქორწილამდე ერთი თვეღა იყო დარჩენილი, როცა სასამართლომ შეჩერებული საქმეები კვლავ აღძრა და წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვის 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, სამწელიწად-ნახევრის შემდეგ მიგელი კარგი ყოფაქცევის გამო ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. მიგელმა იქორწინა. მან ერთხელ და სამუდამოდ აქცია ზურგი კრიმინალურ სამყაროს.

 

გაიგეთ მეტი

რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?

ბიბლია მოგვითხრობს, თუ რატომ შექმნა ღმერთმა დედამიწა, როდის მოეღება ბოლო ტანჯვას, რა ელის დედამიწას მომავალში და ვინ იცხოვრებს მასზე.