წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ერთმა მეხანძრემ არასამუშაო დროს ხალხი გადაარჩინა

ერთმა მეხანძრემ არასამუშაო დროს ხალხი გადაარჩინა

2014 წლის 5 იანვარს, კვირა დღეს, სერჟ ჟერარდინი ავტობუსით იეჰოვას მოწმეების კონგრესზე მიემგზავრებოდა, რომელიც პარიზთან (საფრანგეთი) ახლოს ტარდებოდა. ამ დროს სერჟი ავტოსაგზაო შემთხვევის მოწმე გახდა. ის იხსენებს: „მიმავალი მანქანა გზაზე ბეტონის ბარიერს შეეჯახა და ჰაერში ავარდა. ამის შემდეგ ხიდის საყრდენს შეასკდა, ცეცხლი გაუჩნდა და ამოტრიალდა“.

სერჟი 40 წელზე მეტია მეხანძრედ მუშაობს. ის მეხანძრეთა ბრიგადის უფროსია და სწორედ ამით იყო განპირობებული მისი მყისიერი რეაქცია. ის ჰყვება: „მართალია, გზაზე საწინააღმდეგო მხარეს მივდიოდით, მაგრამ მძღოლს მაინც ვთხოვე, გაეჩერებინა, რის შემდეგაც ცეცხლში გახვეული მანქანისკენ გავიქეცი“. მანქანიდან ვიღაც ყვიროდა: „მიშველეთ! მიშველეთ!“. იგი განაგრძობს: „კოსტიუმი მეცვა და დამცავი არაფერი მქონდა თან. მაგრამ ყვირილის ხმამ მიმახვედრა, რომ ჯერ კიდევ შეიძლებოდა მანქანაში მყოფთა გადარჩენა“.

სერჟმა მანქანას შემოუარა და ერთი ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში მყოფი მგზავრი შენიშნა. მას შემდეგ, რაც უსაფრთხო ადგილას გაიყვანა, როგორც სერჟი იხსენებს, დაშავებულმა უთხრა, რომ მანქანაში ორი სხვაც იყო. „ირგვლივ ბევრი მანქანა გაჩერდა, მაგრამ გაჩენილი ცეცხლისა და საშინელი სიმხურვალის გამო ხალხი ახლოს ვერ მოდიოდა“.

რამდენიმე სატვირთო მანქანის მძღოლმა ცეცხლსაქრობები მოიტანა. როგორც კი სერჟმა ანიშნა, მათ ცეცხლსაქრობები მანქანას მიუშვირეს და დროებით ჩააქრეს ცეცხლი. როგორც აღმოჩნდა, მძღოლი მანქანის ქვეშ იყო მოყოლილი, ამიტომ სერჟმა და სხვებმა ასწიეს მანქანა და ისე გამოათრიეს.

„ამ მომენტში მანქანას ისევ გაუჩნდა ცეცხლი“, — იხსენებს სერჟი. ერთი მგზავრი, რომელსაც უსაფრთხოების ქამარი ეკეთა, თავდაყირა ეკიდა მანქანაში. ამ დროს კიდევ ერთი მამაკაცი მოვიდა, რომელიც მეხანძრე იყო, მაგრამ მოცემულ მომენტში არ ასრულებდა თავის სამუშაოს. მას ტყავის ტანსაცმელი ეცვა, როგორც მოტოციკლისტებს. „მე მას ავუხსენი, რომ მანქანა სადაცაა აფეთქდებოდა. ამიტომ მკლავებში ვწვდით თავდაყირა დაკიდებულ მგზავრს და ისე გამოვათრიეთ“. ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ მანქანა აფეთქდა.

როცა მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდნენ, მათ დახმარება აღმოუჩინეს დაშავებულებს და ცეცხლი ჩააქრეს. პირველადი დახმარება სერჟმაც მიიღო, რადგან მას ხელებზე დამწვრობა და მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. როცა სერჟი თავის ავტობუსში ადიოდა, მასთან რამდენიმე კაცმა მიირბინა და მადლობა გადაუხადა.

სერჟს ძალიან უხარია, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა. იგი ამბობს: „იეჰოვას, ჩემი ღმერთის წინაშე პასუხისმგებლობა ვიგრძენი, რომ ამ ადამიანების გადასარჩენად ყველაფერი მეღონა. ბედნიერი ვარ, რომ მათი გადარჩენა შევძელი“.

გაიგეთ მეტი

სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად სიყვარული აღგვძრავს

ათობით ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები დახმარებას უწევენ გასაჭირში მყოფ და-ძმებს.