არჩეულ მასალაზე გადასვლა

„საგუშაგო კოშკი“ — ბრუკლინის სავიზიტო ბარათი

„საგუშაგო კოშკი“ — ბრუკლინის სავიზიტო ბარათი

ქალაქ ნიუ-იორკის მცხოვრებნი, 40 წელზე მეტია, დღისით თუ ღამით ხედავენ იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველოს სახურავზე დამაგრებულ 4,6 მეტრი სიმაღლის წითლად განათებულ ასოებს. ბრუკლინელთათვის ამ წარწერის თავზე განთავსებული დროისა და ტემპერატურის მაჩვენებლებით ხელმძღვანელობა საკმაოდ მოსახერხებელია.

ებონი, რომელიც თავისი ბინის ფანჯრიდან ამ წარწერას ხედავს, ამბობს: „ჩემთვის მოსახერხებელია, როცა სამსახურში წასვლამდე ფანჯრიდან ვხედავ დროისა და ტემპერატურის მაჩვენებელს. ეს მეხმარება, არ დავაგვიანო სამსახურში და ტანსაცმელი ამინდის შესაბამისად ჩავიცვა“.

დარჩება ეს ტაბლო ამ ადგილზე მომდევნო ორმოცი წლის მანძილზეც? ვინაიდან იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველო ადგილმდებარეობას იცვლის, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ შენობის ახალ მფლობელებს შეუძლიათ.

ეს ტაბლო 70 წლის წინ შენობის წინა მფლობელმა დაამონტაჟა. იეჰოვას მოწმეებმა ტაბლოს დღევანდელი იერსახე 1969 წელს მისცეს მას შემდეგ, რაც ეს შენობა შეისყიდეს.

სახურავზე დამონტაჟებული ტაბლო მუდმივად მოითხოვს მოვლასა და შეკეთებას. ათწლეულების განმავლობაში არაერთი ახალგაზრდა დღისით თუ ღამით ზრუნავდა იმაზე, რომ ტაბლოს გამართულად ემუშავა.

ერთი ძმა, რომელიც ღამე მუშაობდა, იხსენებს: „ერთ საღამოს ერთ-ერთი ტელევიზიის ახალი ამბების განყოფილების უფროსმა დარეკა ბეთელში და შეგვატყობინა, რომ ჩვენს ტაბლოზე საათი თხუთმეტი წამით ჩამორჩებოდა დროს. მან გვთხოვა, გაგვესწორებინა ის, რადგან იმ ღამით თავის გადაცემაში ჩვენი ტაბლოს ჩვენებას აპირებდა. მალე ერთი ჩვენი ძმა, რომელსაც ჯერ კიდევ ნახევრად ეძინა, სახურავზე ავიდა და ტექნიკური პრობლემა აღმოფხვრა“.

იმისათვის, რომ დროისა და ტემპერატურის მაჩვენებლები უფრო ადვილად დასანახი და ზუსტი ყოფილიყო, იეჰოვას მოწმეებმა ტაბლო არაერთხელ შეცვალეს. თუ ადრე ის მხოლოდ საათს აჩვენებდა და ტემპერატურა მხოლოდ ფარენჰაიტით იზომებოდა, გასული საუკუნის 80-იანი წლების შუა ხანიდან მას ტემპერატურის კიდევ ერთი საზომი ერთეული, ცელსიუსიც, დაემატა.

2009 წელს არაეკონომიური ნეონის ნათურები შეიცვალა მანათობელი დიოდებით (LED), რომელიც წითელ შუქს ასხივებს. ეს დიოდები მეტხანს ძლებს და ეკონომიურია. ახალი განათების წყალობით, ორგანიზაცია ყოველწლიურად 4000 აშშ დოლარის ღირებულების ელექტროენერგიას ზოგავს!