წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

შევძლებ დამოუკიდებლად ცხოვრებას?

შევძლებ დამოუკიდებლად ცხოვრებას?

ღვთის თავდაპირველი განზრახვა სწორედ ის იყო, რომ ახალგაზრდებს ერთ მშვენიერ დღეს მიეტოვებინათ დედ-მამა და დამოუკიდებლად ეცხოვრათ (დაბადება 2:23, 24; მარკოზი 10:7, 8). მაგრამ როგორ უნდა განსაზღვრო, შეძლებ თუ არა დამოუკიდებლად ცხოვრებას? განვიხილოთ სამი მნიშვნელოვანი კითხვა. პირველი კითხვა:

 რატომ მინდა ცალკე ცხოვრება?

გადახედე ჩამოთვლილ მიზეზებს და ჰკითხე საკუთარ თავს, რა უფრო მნიშვნელოვანია შენს შემთხვევაში და რატომ გინდა დამოუკიდებლად ცხოვრება.

  • ოჯახური პრობლემებისგან თავის დაღწევა

  • მეტი თავისუფლება

  • მეგობრებისთვის თავის მოწონება

  • მეგობართან ერთად ცალკე საცხოვრებლად გადასვლა

  • სხვა ტერიტორიაზე მოხალისედ მსახურება

  • გამოცდილების შეძენა

  • მშობლებისთვის ტვირთის შემსუბუქება

  • სხვა

აქ ჩამოთვლილი მიზეზებიდან ვერც ერთზე ვერ ვიტყვით, რომ აზრს მოკლებულია. მთავარი ის არის, შენ რატომ გინდა ცალკე ცხოვრება. მაგალითად, თუ იმ მიზნით გადადიხარ ცალკე, რომ მეტი თავისუფლება მოიპოვო, ადვილი შესაძლებელია, იმედი გაგიცრუვდეს.

დანიელამ, რომელიც 20 წლის ასაკში გარკვეული ხნით გადავიდა ცალკე საცხოვრებლად, ბევრი რამ ისწავლა საკუთარი გამოცდილებიდან. იგი ამბობს: „რაღაცაში ყოველთვის ვართ შეზღუდული. როცა დამოუკიდებლად ცხოვრობ, სამუშაოს გრაფიკი ან მცირე შემოსავალი არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველაფერი შენი სურვილისამებრ აკეთო“. ნუ მისცემ სხვებს უფლებას, რომ ნაჩქარევად მიგაღებინონ გადაწყვეტილება და დროზე ადრე დაგატოვებინონ მშობლიური კერა (იგავები 29:20).

 ვარ მზად?

დამოუკიდებლად ცხოვრება ველურ ბუნებაში ხეტიალის მსგავსია. ასეთ მიუვალ ადგილზე გამგზავრებამდე ბევრი რამის ცოდნაა საჭირო

დამოუკიდებლად ცხოვრება ველურ ბუნებაში ხეტიალის მსგავსია. გაემგზავრებოდი მიუვალ ადგილას, თუ არ იცი კარვის გაშლა, ცეცხლის დანთება, საჭმლის მომზადება ან რუკის გამოყენება? ალბათ, არა! ბევრმა ახალგაზრდამ ცოტა რამ თუ იცის, მაგრამ მაინც გადადის ცალკე საცხოვრებლად.

ბრძენმა მეფე სოლომონმა დაწერა: „წინდახედული აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15). იმისათვის, რომ განსაზღვრო, შეგიძლია თუ არა დამოუკიდებლად ცხოვრება, ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ.

ფულის ეკონომიურად ხარჯვა: „ჩემით არაფერს ვყიდულობდი, — ამბობს 19 წლის სერენა. — მეშინია ცალკე ცხოვრების. ვიცი, რომ მომიწევს ჩემი ბიუჯეტის შედგენა“. როგორ უნდა ისწავლო ფულის ეკონომიურად ხარჯვა?

ბიბლიურ იგავში ნათქვამია: „ბრძენი მოისმენს და მეტს ისწავლის“ (იგავები 1:5). კარგი იქნება, თუ მშობლებს ჰკითხავ, რა თანხაა ყოველთვიურად საჭირო ქირის გადასახდელად, პროდუქტების საყიდლად, მანქანის მოსავლელად და მგზავრობის ხარჯების დასაფარავად. აგრეთვე სთხოვე მშობლებს, გასწავლონ, როგორ გაანაწილო ფული სწორად და როგორ გადაიხადო გადასახადები.

საოჯახო საქმეების კეთება: როგორც 17 წლის ბრაიანი ამბობს, ყველაზე მეტად სახლიდან წასვლა იმიტომ არ უნდა, რომ თავად მოუწევს ტანსაცმლის რეცხვა. როგორ უნდა გაიგო, მზად ხარ თუ არა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის? 20 წლის აარონი თანატოლებს ურჩევს: „შეეცადე ერთი კვირა დამოუკიდებლად იცხოვრო. ყველაფერი შენი გამომუშავებული ფულით იყიდე; ჭამე მხოლოდ ის, რასაც თავად მოამზადებ; ჩაიცვი შენი გარეცხილი და დაუთოებული ტანსაცმელი; შენ თვითონ დაალაგე სახლი; სადაც არ უნდა დაგჭირდეს წასვლა, შენით წადი“. ამ რჩევების გათვალისწინება ორ რამეში წაგადგება: ერთი ის, რომ ბევრ რამეს ისწავლი და მეორე ის, რომ უფრო დააფასებ მშობლების შრომას.

სხვებთან ურთიერთობა: კარგი ურთიერთობა გაქვს მშობლებთან და და-ძმებთან? თუ ასე არ არის, შეიძლება იფიქრო, რომ მეგობართან ერთად ცალკე გადასვლით გაიიოლებ ცხოვრებას. ნახე, რას ამბობს 18 წლის ევა: „ჩემმა ორმა მეგობარმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტა. ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ, მაგრამ როცა ერთად დაიწყეს ცხოვრება, გაუგებრობებმა იჩინა თავი. ერთი ძალიან მოწესრიგებული იყო, მეორე კი — მოუწესრიგებელი. ერთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ღმერთთან ურთიერთობა, მეორისთვის კი — არც ისე. ისინი ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს“.

რა არის გამოსავალი? 18 წლის ერინი ამბობს: „ოჯახის წევრებთან ურთიერთობა გასწავლის, როგორ მოეპყრო სხვებს, როგორ გადაჭრა პრობლემები და როგორ წახვიდე დათმობაზე. ისინი, ვინც სახლიდან იმ მიზნით მიდიან, რომ მშობლებთან გაუგებრობებს აარიდონ თავი, პრობლემების გადაჭრას კი არ სწავლობენ, პრობლემებს გაურბიან“.

სულიერი საქმეებისთვის დროის გამოყოფა: ზოგი სახლიდან იმის გამო მიდის, რომ არ სურს, სულ მშობლები უგეგმავდნენ სულიერ საქმეებს. ზოგი კი დარწმუნებული იყო, რომ ცალკე გადასვლის შემდეგ ხელი არ შეეშლებოდა ბიბლიის კვლევასა და ღვთისადმი უფრო გულმოდგინე მსახურებაში, მაგრამ მალე ცუდი ჩვევები განუვითარდათ. როგორ უნდა მოიქცე, შენი „რწმენა ხომალდივით რომ არ დაიმსხვრეს“? (1 ტიმოთე 1:19).

შეადგინე ბიბლიის შესწავლისა და სულიერი საქმეების განრიგი და მიჰყევი მას. კალენდარში აღნიშნე, რა როდის გაქვს დაგეგმილი და დააკვირდი, შეძლებ თუ არა ერთი თვის განმავლობაში მშობლების შეხსენების გარეშე მიჰყვე ამ გეგმას.

 რა მიზნები მაქვს?

შენც იმიტომ ხომ არ გინდა ცალკე გადასვლა, რომ პრობლემებს გაექცე? ან იქნებ იმიტომ გინდა, რომ მოგბეზრდა მშობლების რჩევა-დარიგებები? თუ ასეა, გამოდის, რომ შენ მხოლოდ ოჯახიდან წასვლაზე ფიქრობ და არა იმაზე, წინ რა გელის. ეს იმის მსგავსია, რომ მანქანის ტარებისას მხოლოდ უკანა ხედვის სარკეში იყურებოდე და არა — წინ. თუ მხოლოდ იმას „მიაჩერდები“, რაც უკან მოიტოვე, წინ ვეღარაფერს დაინახავ. მარტო იმაზე ნუ იფიქრებ, სახლიდან როდის წახვალ; იმაზეც იფიქრე, რა ღირებული მიზნების დასახვას შეძლებ.

რა მიზნითაც არ უნდა გინდოდეს ცალკე გადასვლა, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონე. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მუყაითის გეგმები წარმატებულია, მოჩქარე კი სიდუხჭირეში იქნება“ (იგავები 21:5). გაითვალისწინე მშობლების რჩევა (იგავები 23:22). ილოცე ამ საკითხზე და სანამ რამეს გადაწყვეტ, კარგად დაფიქრდი ამ სტატიაში განხილულ ბიბლიურ პრინციპებზე.

მთავარი ის კი არ არის, წახვალ თუ არა სახლიდან, არამედ ის, შეძლებ თუ არა დამოუკიდებლად ცხოვრებას. თუ დარწმუნებული ხარ, რომ შეძლებ, შეგიძლია გადახვიდე ცალკე საცხოვრებლად.