წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

რა უნდა ვიცოდე სექსუალური ძალადობის შესახებ? (ნაწილი 2) რეაბილიტაცია

რა უნდა ვიცოდე სექსუალური ძალადობის შესახებ? (ნაწილი 2) რეაბილიტაცია

 დანაშაულის გრძნობასთან გამკლავება

ბევრს, ვინც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, მომხდარის გამო დანაშაულის საშინელი გრძნობა ტანჯავს. ისინი შეიძლება ფიქრობენ, რომ ამაში თავად მიუძღვით ბრალი. მოვიყვანოთ კარენის მაგალითი, რომელიც 19 წლისაა. პირველად ეს გოგონა 6 წლის ასაკში გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და ეს მანამ გრძელდებოდა, სანამ 13 წლის არ გახდა. კარენი გვიზიარებს: „ყველაზე მეტად დანაშაულის გრძნობასთან გამკლავება მიჭირს. სულ მეფიქრება: როგორ არ ვიღონე რამე, რომ ეს ძალადობა ამდენ ხანს არ გაგრძელებულიყო?!“.

თუ შენც ასე გრძნობ თავს, დაფიქრდი შემდეგზე:

  • ბავშვები სექსისთვის არც ფიზიკურად და არც ემოციურად არ არიან მზად. მათ წარმოდგენა არა აქვთ ამ აქტზე და ამიტომ არ შეუძლიათ გააზრებულად დასთანხმდნენ ვინმეს ასეთ ურთიერთობაზე. აქედან გამომდინარე, სექსუალური ძალადობის შემთხვევაში ბავშვი ნამდვილად არ არის დამნაშავე.

  • ბავშვები ენდობიან უფროსებს და ადვილად შეიძლება წამოეგონ გარყვნილი ადამიანების ანკესზე; ბავშვები დაუცველები არიან და მათი მოტყუება ძალიან ადვილია. ერთ წიგნში ნათქვამია: „მოძალადეები საშინლად მზაკვარი და გაიძვერა ადამიანები არიან და ბავშვი უძლურია მათ წინაშე“ (The Right to Innocence).

  • შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ძალადობის დროს ბავშვი აღიგზნოს. თუ შენ შემთხვევაშიც ასე მოხდა, იცოდე, რომ შეხების დროს შენი სხეული რეფლექსურად რეაგირებს. ამიტომ არ იქნებოდა სწორი, თუ დაასკვნიდი, რომ შენ დართე სხვას ნება, შენზე ეძალადა და შენ მიგიძღვის მომხდარში ბრალი.

რჩევა: შეიძლება იცნობ იმ ასაკის ბავშვს, რა ასაკშიც შენზე იძალადეს. ჰკითხე საკუთარ თავს: „ეს ბავშვი რომ ძალადობის მსხვერპლი გამხდარიყო, სწორი იქნებოდა მისი მომხდარში დადანაშაულება?“.

კარენი ამაზე მაშინ დაფიქრდა, როცა სამ ბავშვს უვლიდა, რომელთა შორის ერთი ექვს წლამდე იყო. ეს ზუსტად ის ასაკია, რა ასაკშიც კარენი პირველად გახდა ძალადობის მსხვერპლი. იგი ამბობს: „ახლა მივხვდი, როგორი დაუცველია ამ ასაკში ბავშვი და მეც როგორი დაუცველი ვიყავი მაშინ“.

ფაქტი ერთია: თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდი, ამაში მხოლოდ მოძალადეა დამნაშავე. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ბოროტის ბოროტებაც მასთანვე იქნება“ (ეზეკიელი 18:20).

  ვინმესთვის გულისტკივილის გაზიარება

თუ უფროსი ასაკის ადამიანს, რომელსაც ენდობი, საკუთარ გულისტკივილს გაუზიარებ, ნამდვილად იგრძნობ შვებას. ბიბლიაში ნათქვამია: „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17).

შესაძლოა ფიქრობ, რომ უფრო დაცული იქნები, თუ მომხდარზე საუბრისგან თავს შეიკავებ. ეს სავსებით ბუნებრივიცაა. შეიძლება დუმილი შენთვის კედელივითაა, რომელიც იმიტომ აღმართე, რომ მორიგი ტკივილისგან დაგეცვა თავი. მაგრამ გაითვალისწინე: ამ კედელმა, რომელიც, ერთი შეხედვით, ტკივილისგან გიცავს, შესაძლოა ხელი შეგიშალოს იმაში, რომ სხვებისგან დახმარება მიიღო.

დუმილი კედელივითაა, რომელიც გიცავს მორიგი ტკივილისგან, მაგრამ ამ კედელმა შეიძლება ხელი შეგიშალოს იმაში, რომ სხვებისგან დახმარება მიიღო

ერთი ახალგაზრდა, სახელად ჟანეტი მიხვდა, რომ ახლობელთან საკუთარ ტკივილზე საუბარი შვების მომგვრელია. ის ჰყვება: „საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა ჩემზე იმ ადამიანმა იძალადა, რომელსაც ვიცნობდი და ვენდობოდი. წლების მანძილზე არაფერს ვამბობდი მომხდარის შესახებ. მაგრამ ერთხელ საკუთარ თავს მოვერიე და დედას გადავუშალე გული. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მხრებიდან დიდი ტვირთი ჩამომეხსნა“.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჟანეტს ესმის, რატომ უჭირს ზოგს ამ საკითხზე ლაპარაკი. ის ამბობს: „ძალიან უხერხულია, ილაპარაკო იმაზე, თუ როგორ იძალადეს შენზე. მაგრამ ჩემს შემთხვევაში წლების მანძილზე დუმილმა ძალიან დიდი ტკივილი მომაყენა. ჯობდა, უფრო ადრე მეპოვა საკუთარ თავში ძალები და ვინმესთვის გადამეშალა გული“.

 „განკურნების დრო“

შესაძლოა მომხდარმა საკუთარ თავზე დამახინჯებული წარმოდგენა შეგიქმნას. მაგალითად, შეიძლება თავი განადგურებულად და უღირსად იგრძნო და იფიქრო, რომ მხოლოდ სხვების სექსუალური ჟინის დასაკმაყოფილებლად არსებობ. შენ შეგიძლია გათავისუფლდე ასეთი მცდარი აზრების ტყვეობისგან და, ასე ვთქვათ, განიკურნო (ეკლესიასტე 3:3). რა დაგეხმარება ამაში?

ბიბლიის შესწავლა. ბიბლიაში ღვთის აზრებია ჩაწერილი და „მას ღვთისგან აქვს მიცემული ძალა სიმაგრეთა დასამხობად“, მათ შორის საკუთარი თავის შესახებ არასწორი წარმოდგენების გასაქარწყლებლად (2 კორინთელები 10:4, 5). შეგიძლია წაიკითხო და დაფიქრდე შემდეგ ბიბლიურ მუხლებზეც: ესაია 41:10; იერემია 31:3; მალაქია 3:16, 17; ლუკა 12:6, 7; 1 იოანე 3:19, 20.

ლოცვა. როცა უღირსობის და დანაშაულის გრძნობა გეუფლება, ილოცე და „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი“ (ფსალმუნი 55:22). შენ არასდროს ხარ მარტო!

კრების უხუცესები. ეს ქრისტიანი მამაკაცები მზად არიან იმისთვის, რომ იყვნენ „როგორც თავშესაფარი ქარში, საფარი ქარიშხალში“ (ესაია 32:2). ისინი დაგეხმარებიან, გაწონასწორებული შეხედულება გქონდეს საკუთარ თავზე და შენი ცხოვრება კალაპოტში ჩადგეს.

კარგი საზოგადოება. დააკვირდი სამაგალითო ქრისტიან მამაკაცებს და ქალებს; ყურადღება მიაქციე იმას, თუ როგორ ეპყრობიან ისინი ერთმანეთს. დროის სვლასთან ერთად მიხვდები, რომ ყველა ადამიანი ბოროტად არ სარგებლობს საკუთარი გავლენით და არ ძალადობს მათზე, ვინც, როგორც თავად ამბობს, უყვარს.

ერთმა ახალგაზრდამ, ტანიამ საკუთარი თვალით დაინახა, რომ ეს მართლაც ასეა. ტანია ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, როცა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა; წლების მანძილზე ის კიდევ არაერთმა მამაკაცმა შეურაცხყო. ის ამბობს: „ყველა მამაკაცმა, ვისთანაც კი ახლო ურთიერთობა მქონდა, დიდი ტკივილი მომაყენა“. მაგრამ გავიდა დრო და ტანია მიხვდა, რომ არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც შეუძლიათ ნამდვილი სიყვარული.

ტანიამ მას შემდეგ შეიცვალა თვალსაზრისი, რაც გაიცნო ისეთი წყვილები, რომლებიც სამაგალითო ქრისტიანები იყვნენ. ის გვიყვება: „როცა ვაკვირდებოდი, როგორ ექცეოდნენ ქმრები თავიანთ ცოლებს, მივხვდი, რომ ყველა მამაკაცი მოძალადე არ არის. პირიქით, ისინი იცავდნენ მეუღლეებს. ღვთის განზრახვაც ხომ სწორედ ესაა?!“ * (ეფესოელები 5:28, 29).

^ აბზ. 27 თუ ქრონიკული დეპრესია ან კვებითი მოშლილობა გაწუხებთ, საკუთარ თავს ისახიჩრებთ, ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე ხართ დამოკიდებული ან კიდევ თვითმკვლელობაზე ფიქრობთ, კარგი იქნება, თუ დახმარებისთვის კვალიფიციურ ექიმს მიმართავთ.

გაიგეთ მეტი

რა უნდა ვიცოდე სექსუალური ძალადობის შესახებ? (ნაწილი 1) როგორ ავირიდო თავიდან

აქ მოცემული სამი რჩევა დაგეხმარება, თავიდან აირიდო სექსუალური ძალადობა.