წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ მოვერიო სევდას?

როგორ მოვერიო სევდას?

„როცა ჩემს მეგობრებს უჭირთ, მაშინვე მათ დასახმარებლად მივდივარ და ვცდილობ, მდგომარეობა შევუმსუბუქო. მაგრამ სახლში რომ ვბრუნდები, ჩემს ოთახში ვიკეტები და ტირილს ვიწყებ; ამის შესახებ თითქმის არავინ იცის“ (კელი).

„როცა სევდა მიპყრობს, ხალხს ვერიდები. თუ სადმე მეპატიჟებიან, მიზეზს ვეძებ, რომ არ წავიდე. ოჯახის წევრებს თავს ისე ვაჩვენებ, თითქოს ყველაფერი რიგზეა“ (რიკი).

ყოფილხარ ოდესმე კელისა და რიკის მსგავს მდგომარეობაში? თუ ასეა, ნუ იფიქრებ, რომ შენს თავს რაღაც უბედურება ხდება. სევდა დროდადრო ყველას იპყრობს. უარყოფითი გრძნობები ძველად ღვთის ერთგულ მსახურებსაც ეუფლებოდათ (1 სამუელი 1:6—8; ფსალმუნი 35:14).

სევდის მიზეზი ზოგჯერ შეიძლება იცოდე, ზოგჯერ კი — არა. 19 წლის ანა ამბობს: „სევდა ადამიანს მხოლოდ მაშინ არ ეუფლება, როცა თავს ტრაგედია ატყდება. დარდი შეიძლება ნებისმიერ დროს მოგეძალოს, მაშინაც კი, როცა უშფოთველად ცხოვრობ. უცნაურია, მაგრამ ეს ასეა“.

როგორ უნდა მოერიო სევდას, იმისდა მიუხედავად, გაქვს თუ არა დანაღვლიანების მიზეზი?

  1. ილაპარაკე. ბიბლიაში ნათქვამია: „სულგამწარებული ვილაპარაკებ“ (იობი 10:1).

    კელი: „დიდ შვებას ვგრძნობ, როცა ვინმეს ჩემს გრძნობებზე ვესაუბრები. ბოლოს და ბოლოს, ვინმეს მაინც ეცოდინება, რას განვიცდი, დახმარების ხელს გამომიწვდის და სევდის მორევიდან ამომიყვანს“.

  2. დაწერე. თუ ყველაფერს მუქ ფერებში ხედავ, შეგიძლია შენი ფიქრები ქაღალდზე გადაიტანო. დავითი ზოგჯერ თავის განცდებს ფსალმუნებში გამოხატავდა (ფსალმუნი 6:6). განცდების წერილობით გადმოცემა დაგეხმარება, „შეინარჩუნო სიბრძნე და ჭკუა“ (იგავები 3:21).

    ჰიზერი: „წერა მეხმარება, არეულ-დარეული აზრები გონებაში დავალაგო. როცა გრძნობები ფურცელზე გადმოგაქვს, სევდა ნაკლებად გეუფლება“.

  3. ილოცე. ბიბლიაში ნათქვამია, რომ თუ შენს საწუხარზე ლოცულობ, „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს შენს გულსა და გონებას“ (ფილიპელები 4:6, 7).

    ესთერი: „ვცდილობდი, გამერკვია, რატომ ვიყავი ასე უგუნებოდ, მაგრამ ვერ ვიგებდი. იეჰოვას ვთხოვდი, სიხარულის პოვნაში დამხმარებოდა. ძალიან განვიცდიდი, რომ მიზეზი არ მქონდა და მაინც მოწყენილი ვიყავი. ბოლოს სევდას მოვერიე. არასდროს ჩათვალოთ ლოცვა უმნიშვნელოდ“.

    თუ ძალ-ღონეს არ დაიშურებ დასხვებსაც სთხოვ დახმარებას, აუცილებლად მოერევი სევდას

    მითითება: ლოცვის ნიმუშად გამოგადგება ფსალმუნის 139:23, 24. გული გადმოუღვარე იეჰოვას და სთხოვე, დაგეხმაროს მწუხარების მიზეზის დადგენაში.

ზემოთ მოცემული მითითებების გარდა, იხელმძღვანელე ბიბლიით. თუ ბიბლიაში მოძებნი გამამხნევებელ მონაკვეთებს და გონებას დადებითი აზრებით აივსებ, ეს სასიკეთოდ აისახება შენს ფიქრებზე, გრძნობებსა და მოქმედებებზე (ფსალმუნი 1:1—3).

როცა სევდას ვერ ერევი

რაიანი ამბობს: „ზოგჯერ დილით რომ გამეღვიძება, ვფიქრობ, მორიგი უაზრო დღის გატარებას, ჯობს, ლოგინიდან საერთოდ არ ავდგე“. რაიანი ღრმა დეპრესიით იტანჯება. ის გამონაკლისი არ არის. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ოთხიდან ერთ ახალგაზრდას, სანამ ზრდასრულობის ასაკს მიაღწევს, ამა თუ იმ სახის დეპრესია აწუხებს.

როგორ უნდა გაიგო, გაქვს თუ არა დეპრესია? დეპრესიის სიმპტომებს შორის შეიძლება მოვიხსენიოთ გუნება-განწყობილებისა და ქცევების მკვეთრი ცვლილება, განმარტოების სურვილი, თითქმის ყველაფრისადმი ინტერესის დაკარგვა, კვებისა და ძილის რეჟიმის დარღვევა და უღირსობისა და უსაფუძვლო დანაშაულის გრძნობა.

რასაკვირველია, ზემოჩამოთვლილიდან ერთი ან რამდენიმე სიმპტომი ხანდახან ყველას შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ თუ ეს სიმპტომები ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება, აჯობებს, მშობლებს დაელაპარაკო, რომ ექიმთან წაგიყვანონ. ექიმი განსაზღვრავს, გესაჭიროება თუ არა მკურნალობა.

თუ ღრმა დეპრესია გაწუხებს, იცოდე, რომ სასირცხვილო არაფერია. მკურნალობის შემდეგ ბევრმა თავი გაცილებით უკეთესად იგრძნო. ასე რომ, შენი სევდის მიზეზი დეპრესიაა თუ სხვა რამ, გახსოვდეს ფსალმუნის 34:18-ში ჩაწერილი გამამხნევებელი სიტყვები: „იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან და სულგამწარებულებს იხსნის“.

 

გაიგეთ მეტი

რატომ ღირს სიცოცხლე?

რამ შეიძლება ადამიანს აფიქრებინოს, რომ სიკვდილი შვებაა?