არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

რა უნდა ვიცოდე სპორტის შესახებ?

რა უნდა ვიცოდე სპორტის შესახებ?

სპორტული თამაშებით გართობამ შეიძლება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგები მოგიტანოს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ სპორტულ თამაშს ირჩევ, რა განწყობით თამაშობ და რამდენ დროს უთმობ მას.

 რით არის კარგი?

სპორტული ცხოვრება კარგი ჯანმრთელობის საწინდარია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ფიზიკური ვარჯიში მეტ-ნაკლებად სასარგებლოა“ (1 ტიმოთე 4:8). „სპორტული ცხოვრება ფიზიკურ აქტიურობას უწყობს ხელს. ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე სახლში ჯდომა და ვიდეო-თამაშებით გართობა“, — ამბობს ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად რაიანი.

სპორტული თამაშები გუნდურ მუშაობას გასწავლის და თვითდისციპლინის გამომუშავებაში დაგეხმარება. ბიბლიაში მოყვანილია მაგალითი, საიდანაც ჩანს, რა დადებითი მხარეები აქვს სპორტულ თამაშებს. ღვთის სიტყვა ამბობს: „რბოლის დროს ყველა მორბენალი გარბის, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს“. შემდეგ კი დასძენს: „შეჯიბრების მონაწილეები ყველაფერში თავშეკავებას ავლენენ“ (1 კორინთელები 9:24, 25). რას ვსწავლობთ აქედან? თამაშის დროს წესების დასაცავად თავშეკავება და თანამშრომლობაა საჭირო. ერთი ახალგაზრდა, სახელად აბიგაილი, იზიარებს ამ აზრს და ამბობს: „თამაშის დროს ვისწავლე, როგორ შევეწყო სხვებს და ვიურთიერთო მათთან“.

სპორტული თამაშები მეგობრების შეძენაში დაგეხმარება. თამაშის დროს ადამიანები ერთმანეთს უახლოვდებიან. „თითქმის ყველა თამაში აღვივებს მეტოქეობის სულს, მაგრამ, თუ იმ მიზნით ითამაშებ, რომ გაერთო, ეს მეგობრების შეძენაში დაგეხმარება“, — ამბობს ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად ჯორდანი.

 რით არის სახიფათო?

დაუკვირდი, სპორტის რომელ სახეობას ირჩევ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვა ამოწმებს მართალსაც და ბოროტსაც; ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს“ (ფსალმუნი 11:5).

სპორტის ზოგი სახეობა ძალადობითაა გაჟღენთილი. ერთი ახალგაზრდა ქალი, ლორენი, აღნიშნავს: „კრივის მთელი არსი მუშტების რტყმაა. როგორც წესი, ქრისტიანები თავს ვიკავებთ ჩხუბისგან. მაშ, რატომ უნდა გავერთოთ ორთაბრძოლების ყურებით?!“.

დაფიქრდი: როდესაც თამაშობ ან უყურებ ძალადობის შემცველ თამაშებს, თავს იმით ხომ არ იმართლებ, რომ რეალურ ცხოვრებაში ამგვარ ძალადობას არასოდეს მიმართავ? თუ ასეა, გახსოვდეს ფსალმუნის 11:5-ში ჩაწერილი სიტყვები, საიდანაც ვიგებთ, რომ იეჰოვას სძულს არა მხოლოდ ძალადობის ჩამდენი, არამედ ძალადობის მოყვარულიც.

დაუკვირდი, რა განწყობით თამაშობ. ბიბლიაში ნათქვამია: „ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად“ (ფილიპელები 2:3).

ნებისმიერი თამაშის სახეობა გარკვეულწილად მეტოქეობის სულს აღვივებს. თუ იმ განწყობით ითამაშებ, რომ ნებისმიერ ფასად მოიგო, სიამოვნებას ვეღარ მიიღებ. „თამაშის დროს შეიძლება მეტოქეობის სულმა შეგიპყროს. რაც უფრო კარგად თამაშობ, მით უფრო გჭირდება თავმდაბლობის გამოვლენა“, — ამბობს თინეიჯერი ბრაიანი.

დაფიქრდი: ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად კრისი, გვიზიარებს: „ფეხბურთს ყოველკვირა ვთამაშობთ და არის ხოლმე შემთხვევები, როცა მოთამაშეები ტრავმებს იღებენ“. ჰკითხე საკუთარ თავს: „ხშირ შემთხვევაში, რატომ შავდებიან მოთამაშეები? რა უნდა გავაკეთო, რომ მინიმუმამდე დავიყვანო მსგავსი შემთხვევები?“.

დაუკვირდი, რამდენ დროს უთმობ თამაშს. ბიბლიაში ნათქვამია: დარწმუნდით, რა უფრო მნიშვნელოვანია (ფილიპელები 1:10).

საჭიროა პრიორიტეტების დადგენა. სულიერი პირველ ადგილზე უნდა დააყენო. არა აქვს მნიშვნელობა, თამაშობ თუ უყურებ თამაშს, ამან შეიძლება ბევრი დრო წაგართვას. „დედა სულ იმაზე მეჩხუბებოდა, რომ დიდ დროს ვუთმობდი ტელევიზორში თამაშების ყურებას, მაშინ როცა შემეძლო ეს დრო უფრო ღირებული საქმეებისთვის დამეთმო“, — აღნიშნავს ახალგაზრდა ქალი, სახელად დარია.

რაღა მთელი შენი დრო სპორტისთვის დაგითმია და რაღა საჭმელში ერთი ფუთი მარილი ჩაგიყრია

დაფიქრდი: ყურად იღებ მშობლების რჩევას, როცა მიგითითებენ, რა უფრო მნიშვნელოვანია? ერთი ახალგაზრდა, სახელად ტრინა, ამბობს: „როცა მე და ჩემი და-ძმები სპორტულ თამაშებს ვუყურებდით და მნიშვნელოვან საქმეებს გვერდზე ვდებდით, დედა გვეუბნებოდა, რომ მოთამაშეები თავიანთ გასამრჯელოს იღებდნენ იმის მიუხედავად, ვუყურებდით თუ არა მათ თამაშებს; ჩვენ კი მათ ყურებაში ფულს არავინ გვიხდიდა. ის იმას გულისხმობდა, რომ სპორტსმენები უკვე დასაქმებულები იყვნენ და შემოსავალიც ჰქონდათ; მაგრამ თუ ჩვენ საშინაო დავალებებსა და სხვა პასუხისმგებლობებს არ შევასრულებდით, ვერ შევძლებდით მომავალში საკუთარი თავის უზრუნველყოფას. დედას იმის თქმა სურდა, რომ ცხოვრებაში სპორტულ თამაშებზე გაცილებით მნიშვნელოვანი რამ არსებობს“.