არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

რა უნდა ვიცოდე სექსტინგზე?

რა უნდა ვიცოდე სექსტინგზე?

 რა არის სექსტინგი?

სექსტინგი მობილური ტელეფონით სექსუალური შინაარსის მესიჯების, ფოტოების ან ვიდეომასალის გაგზავნაა. „დღესდღეობით სექსტინგი ურთიერთობის ჩვეულ ნორმად იქცა“, — ამბობს ერთი მამაკაცი. — ყველაფერი უწყინარი მესიჯებით იწყება, მაგრამ მალე საქმე იქამდე მიდის, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს ეროტიკულ ფოტოებს უგზავნიან“.

რატომ არის სექსტინგი ასე პოპულარული? ზოგი თინეიჯერის აზრით, „თუ მობილურში შეყვარებულის შიშველი ფოტო გაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უკვე აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას ეწევი“, — ამბობს ერთი გამოცდილი სამართალმცოდნე (The New York Times). ერთმა თინეიჯერმა სექსტინგს „უსაფრთხო სექსიც“ კი უწოდა. ის ამბობს: „ბოლოს და ბოლოს სექსტინგით არც დაორსულდები და არც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები შეგეყრება“.

ახალგაზრდებს სხვა მიზეზების გამოც იტაცებს სექსტინგი:

  • ისინი სექსუალური ხასიათის მესიჯებსა თუ ფოტოებს გზავნიან და ამგვარად ფლირტი აქვთ მათთან, ვისთანაც არც სექსზე იტყოდნენ უარს.

  • ისინი, როცა თამამ და გამომწვევ ფოტოებს იღებენ, თავს „დავალებულად“ გრძნობენ და თვითონაც საპასუხო მესიჯსა თუ ფოტოს გზავნიან.

 რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სექსტინგით გატაცებას?

მას შემდეგ, რაც დააწკაპუნებ მობილურის ღილაკზე „დიახ“, უხამსი შინაარსის მესიჯი გაიგზავნება და ვეღარ დაიბრუნებ. ვერც იმის გაკონტროლებას შეძლებ, ვინ ნახავს მას და როგორ იმოქმედებს ეს შენს რეპუტაციაზე. „ასე ადვილი არასდროს ყოფილა, რომ თავადაც ჩაიდინო არასწორი საქციელი და სხვაც გახვიო ცოდვაში“, — აღნიშნა სექსტინგთან დაკავშირებით ამანდა ლენჰარტმა, რომელიც ერთ სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მუშაობს (Pew Research Center).

ზოგჯერ ...

  •  ადრესატს შიშველი ფოტო ბევრისთვის მხოლოდ იმიტომ გადაუგზავნია, რომ გაეხალისებინა ისინი.

  •  მიტოვებული ბიჭები ყოფილი შეყვარებულის შიშველ ფოტოს სხვებს შურისძიების მიზნით უგზავნიან.

იცოდით? ხშირ შემთხვევაში შიშველი ფოტოების გაგზავნა ბავშვებზე ძალადობისა და ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების ტოლფასია. ზოგ არასრულწლოვანს, რომლებიც უხამსი შინაარსის ტექსტებსა თუ ფოტოებს აგზავნიდნენ, სექსუალურ ძალადობაშიც კი დასდეს ბრალი.

 რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე?

ბიბლიის თანახმად, სავსებით ბუნებრივია, რომ დაქორწინებულებმა სქესობრივი ურთიერთობის დროს სიამოვნება მიიღონ (იგავები 5:18). მაგრამ მასში საკმაოდ ნათლად არის ნათქვამი, მისაღებია თუ არა ასეთი ურთიერთობა დაუქორწინებლებს შორის. დაფიქრდი ქვემოთ მოყვანილ ბიბლიურ მუხლებზე:

  • „სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და სიხარბე არც კი იხსენიებოდეს თქვენ შორის ... არც სამარცხვინო საქციელი, სულელური ლაპარაკი და უწმაწური ხუმრობა“ (ეფესოელები 5:3, 4).

  • „ჩაკალით თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, მავნებელი სურვილები და სიხარბე“ (კოლოსელები 3:5).

ეს მუხლები მოგვიწოდებს, რომ ჩვენში ჩავკლათ როგორც სიძვა (ქორწინების გარეშე სქესობრივი კავშირი), ისე უწმინდურება (ფართო ცნება, რომელიც ნებისმიერი სახის გარყვნილებას მოიცავს) და ვნება (იგულისხმება არა ბუნებრივი რომანტიკული გრძნობა, რომელიც ცოლ-ქმარს აკავშირებს, არამედ ისეთი დაუოკებელი ჟინი, რომელსაც ადამიანი უზნეობამდე მიჰყავს).

ჰკითხე საკუთარ თავს:

  • რატომ შეიძლება ითქვას, რომ შიშველი ფოტოების გაგზავნა უწმინდურებაა?

  • რატომ აღძრავს სექსტინგი ვნებას, რომელსაც ადამიანი უზნეობამდე მიჰყავს?

  • რატომ არის სექსტინგით გატაცება მავნებელი?

შემდეგი ბიბლიური მუხლები უფრო ნათლად დაგანახვებს, რატომ უნდა გაექცე სექსტინგს.

  • „ყველანაირად ეცადე, ღმერთს თავი წარუდგინო მოსაწონ მუშად, რომელიც სასირცხვილოს არაფერს აკეთებს“ (2 ტიმოთე 2:15).

  •  „როგორები უნდა იყოთ წმინდა საქციელსა და ღვთისადმი ერთგულებაში“ (2 პეტრე 3:11).

ზემოთ მოყვანილი მუხლებიდან კარგად ჩანს, რა დადებითი შედეგები მოჰყვება ზნეობრივ სისუფთავეს. როცა სამაგალითოდ იქცევი, არ გაქვს იმის შიში, რომ შენს საქციელს ვერ გააკონტროლებ და მომავალში რაიმე სანანებელი გაგიხდება (გალატელები 6:7).

ჰკითხე საკუთარ თავს:

  •  როგორი ადამიანი ვარ?

  •  ვუფრთხილდები სხვების რეპუტაციას?

  •  ხომ არ ვერთობი ისეთი რამით, რითაც სხვებს გულს ვტკენ?

  •  რატომ შემილახავს სექსტინგი რეპუტაციას?

  •  რატომ დავკარგავ ამის გამო მშობლების ნდობას?

ნამდვილი ამბავი. „ერთ ჩემს მეგობარს ფარულად ჰქონდა ურთიერთობა ერთ ბიჭთან. ერთხელ მან თავისი შიშველი ფოტო გაუგზავნა მას და მანაც იგივე გააკეთა. ორი დღეც არ იყო გასული, როცა ჩემი მეგობრის მამამ შეამოწმა მისი მობილური. მან აღმოაჩინა უხამსი მესიჯები, რამაც იგი ემოციურად გაანადგურა. მან პასუხი მოსთხოვა ჩემს მეგობარს და მანაც ყველაფერი აღიარა. ვიცი, რომ ის ნანობს თავის საქციელს, მაგრამ მშობლები დღემდე შოკში არიან და აღარ იციან, ენდონ თუ არა“.

რეალობა: მხოლოდ ის კი არ ირყვნება, ვინც აგზავნის უხამსი შინაარსის მესიჯებსა თუ ფოტოებს, არამედ ისიც, ვინც იღებს მათ. „შემზიზღდა საკუთარი თავი“, — ამბობს ერთი თინეიჯერი, რომელსაც მეგობარი ბიჭი აძალებდა, მისთვის უხამსი მესიჯები და ფოტოები გაეგზავნა.

ვინაიდან სექსტინგი ადამიანს ზნეობრივადაც რყვნის და ამისთვის კანონის წინაშეც შეიძლება მოუწიოს პასუხისგება, გონივრულია, თუ მივყვებით ბიბლიურ რჩევებს:

 შენ როგორ უნდა მოიქცე?

გამოიყენე ბიბლიური რჩევა რეალურ ცხოვრებაში. ნახე, რას ამბობს ერთი ახალგაზრდა, სახელად ჯანეტი. აირჩიე, ქვემოთ მოცემული ვარიანტებიდან რომელს თვლი საუკეთესოდ.

„ერთხელ ერთი ბიჭი გავიცანი. ჩვენ ნომრები გავცვალეთ. ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ მთხოვა, გამეგზავნა მისთვის სურათი, რომელშიც ბიკინით ვიქნებოდი“ (ჯანეტი).

როგორ ფიქრობ, რას გააკეთებდა ჯანეტი? შენ რას იზამდი?

  • ვარიანტი ა. შეიძლება იფიქრო: „ცუდი არაფერია ამაში. ბოლოს და ბოლოს, პლაჟზე ერთად რომ წავსულიყავით, ხომ მნახავდა საცურაო კოსტიუმში?!“

  • ვარიანტი ბ. შეიძლება იფიქრო: „ნეტავ რა უნდა?! მოდი, შედარებით მოკრძალებულ ფოტოს გავუგზავნი და ვნახოთ, რას იზამს“.

  • ვარიანტი გ. შეიძლება იფიქრო: „ამ ბიჭს მხოლოდ ერთი რამ უტრიალებს თავში. ახლავე წავშლი მის მესიჯს!“

ალბათ, დაგვეთანხმები, რომ ბოლო ვარიანტი საუკეთესოა. ბიბლიაში ხომ ნათქვამია: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება, გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს“ (იგავები 22:3).

ყოველივე ზემოთქმული კარგად აჩვენებს, ხშირად რა დგას სექსტინგისა თუ სხვა არასწორი საქციელის მიღმა — ­ცუდი სამეგობრო წრე (იგავები 13:20). „ისეთ ადამიანებთან გქონდეს ურთიერთობა, რომლებიც არასწორ საქციელზე ადეკვატურად რეაგირებენ“, — ამბობს ერთი ახალგაზრდა, სახელად სარა. დელიაც იმავე აზრისაა: „ზოგი ვითომ მეგობარი ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებაში კი არ გიწყობს ხელს, არამედ უზნეობისკენ გიბიძგებს. „თუ ისინი არღვევენ ღვთის კანონებს, ადრე თუ გვიან შენც გაგრევენ უზნეობაში. გინდა, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდე?“