წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ უნდა ავარიდო თავი პორნოგრაფიას?

რატომ უნდა ავარიდო თავი პორნოგრაფიას?

 შეძლებ თავის არიდებას?

თუ ინტერნეტით სარგებლობ, იცოდე, რომ ადრე თუ გვიან, რაიმე სახის პორნოგრაფიას აუცილებლად გადაეყრები. „მისი ძებნა უკვე შენ აღარ გჭირდება, — ამბობს 17 წლის ჰეილი. — ის ახლა თვითონ გეძებს“.

პორნოგრაფიას მათი ცდუნებაც კი შეუძლია, ვისაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თავი აარიდოს მას. „საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ყურადღებას არასოდეს მოვადუნებდი, მაგრამ მახეში მაინც გავები, — ამბობს 18 წლის გრეგი. — ნუ იფიქრებ, რომ ეს არასოდეს დაგემართება“.

დღეს პორნოგრაფიული მასალა ისეა ხელმისაწვდომი, როგორც არასდროს. ვინაიდან მრავალი ახალგაზრდა დღეს სექსტინგითაა გატაცებული, პირად პორნოგრაფიულ სურათებს სხვადასხვა ელექტრონული საშუალებებით ავრცელებს.

დასკვნა: შენ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დგახარ, ვიდრე ახალგაზრდობაში შენი მშობლები და პაპა-ბებია. მაგრამ საინტერესოა, რამდენად შესაძლებელია, თავი აარიდო პორნოგრაფიას? (ფსალმუნი 97:10).

ეს შესაძლებელია, თუ პირადად გადაწყვეტ ამას. თავდაპირველად იმაში უნდა დარწმუნდე, რომ პორნოგრაფია მომწამლავია. მოდი, ამ საკითხის შესახებ რამდენიმე მცდარი შეხედულება და ფაქტი განვიხილოთ.

 მცდარი შეხედულება და ფაქტი

მცდარი შეხედულება: პორნოგრაფია ვერაფერს მავნებს.

ფაქტი: პორნოგრაფია ისევე მავნებელია შენი გონებისთვის, როგორც მოწევა ფილტვებისთვის. ის აბინძურებს და ხრწნის გონებას. პორნოგრაფია აკნინებს იმას, რაც ღმერთმა ადამიანში ჩადო, რომ ორ ადამიანს ერთმანეთში მტკიცე და ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონოდა (დაბადება 2:24). დროთა განმავლობაში, პორნოგრაფიის ყურებამ შესაძლოა ადამიანი იმდენად უგრძნობი გახადოს, რომ სწორისა და არასწორის გარჩევა ვეღარ შეძლოს. მაგალითად, ზოგიერთი სპეციალისტის აზრით მამაკაცები, რომლებიც პორნოგრაფიას უყურებენ, ბევრად გულგრილი ხდებიან ქალებზე ძალადობის მიმართ.

ბიბლია ზოგიერთ ადამიანზე ამბობს, რომ ისინი „ყველანაირად ზნედაცემულნი“ გახდნენ (ეფესოელები 4:19). მათი სინდისი იმდენად გაუხეშდა, რომ ცუდის კეთებისას ის არანაირ რეაგირებას არ ახდენს.

მცდარი შეხედულება: პორნოგრაფია წარმოდგენას გიქმნის სექსზე.

ფაქტი: პორნოგრაფია ადამიანს სიხარბეს ასწავლის. ის ადამიანს სიამოვნების მომნიჭებელ ობიექტად წარმოაჩენს, რომელიც მხოლოდ ეგოისტური სურვილების დასაკმაყოფილებლად არსებობს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ერთი გამოკვლევის თანახმად, ისინი, რომლებსაც ჩვევად აქვთ პორნოგრაფიის ყურება, ნაკლებად განიცდიან სქესობრივ კმაყოფილებას ქორწინებაში.

ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს ჩაკლან „სიძვა, უწმინდურება, ვნება, მავნებელი სურვილები და სიხარბე“ — ყველაფერი, რასაც პორნოგრაფია იწვევს ადამიანში (კოლოსელები 3:5).

მცდარი შეხედულება: ისინი, ვინც უარს ამბობენ პორნოგრაფიაზე, ზოგადად, სექსის წინააღმდეგები არიან.

ფაქტი: მათ, ვინც თავს არიდებენ პორნოგრაფიას, სწორი შეხედულება აქვთ სექსზე. ისინი სექს ღვთისგან ბოძებულ საჩუქრად მიიჩნევენ, რომელიც ცოლ-ქმრის კავშირს განამტკიცებს. ასეთი ადამიანებისთვის დაქორწინების შემდეგ სქესობრივ ურთიერთობას მეტი კმაყოფილება მოაქვს.

ბიბლია დაუფარავად საუბრობს სექსზე. მაგალითად, ის ქმრებს მოუწოდებს: „გაიხარე შენი ახალგაზრდობის ცოლთან ... მისი სიყვარულით ტკბებოდე მუდამ“ (იგავები 5:18, 19).

 როგორ ავარიდო თავი პორნოგრაფიას?

იქნებ ფიქრობ, რომ პორნოგრაფიის ყურების ცდუნება იმდენად ძლიერია, რომ მას უბრალოდ ვერ გაუმკლავდები. სამუშაო ფურცელი „როგორ ავარიდო თავი პორნოგრაფიას“ დაგეხმარება ამ საკითხში.

დარწმუნებული იყავი, რომ შეძლებ, აარიდო თავი პორნოგრაფიას და ისწავლო, როგორ შეწყვიტო მისი ყურება, თუ ის უკვე ჩვევაში გაქვს. ასე მოქცევით ბევრს მოიგებ.

კალვინი, რომელმაც დაახლოებით 13 წლის ასაკში დაიწყო პორნოგრაფიის ყურება, ამბობს: „ვიცოდი, რომ არასწორი იყო რასაც ვაკეთებდი, მაგრამ ცდუნებას ვერ ვუძლებდი. მისი ყურების შემდეგ კი საშინლად ვგრძნობდი თავს. ბოლოს მამაჩემმა გაიგო ამის შესახებ და, სიმართლე გითხრათ, შვებით ამოვისუნთქე. როგორც იქნა მივიღე საჭირო დახმარება“.

კალვინმა ისწავლა, პორნოგრაფიაზე უარის თქმა. ის ყვება: „დიდი შეცდომა დავუშვი, როდესაც პორნოგრაფიის ყურება დავიწყე. დღემდე ვიმკი ამის შედეგებს, რადგან ძნელია იმ სცენების გონებიდან ამოშლა. დროდადრო, კვლავ მიჩნდება სურვილი ვუყურო პორნოგრაფიას. მაგრამ ამ დროს ვფიქრობ იმ ბედნიერ, სუფთა და შესანიშნავ მომავალზე, რომელიც წინ მელის, თუ იეჰოვას გზებით ვივლი“.

აგრეთვე იხილეთ