წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

მშობლები არ მენდობიან

მშობლები არ მენდობიან

როგორ უნდა მოიქცე?

დაფიქრდი: თუ მშობლები არ გენდობიან, ეს შენი საქციელით ხომ არ არის გამოწვეული?

პავლემ დაწერა: „გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრაელები 13:18). ჰკითხე საკუთარ თავს: „ხომ არ ვუმალავ ხოლმე მშობლებს, სად მივდივარ და რის გაკეთებას ვაპირებ?“

აირჩიე სახელი, რომ წაიკითხო რეალური შემთხვევა:

 სალომე  ლიკა

 სალომე:

მშობლებს ვუმალავდი, რომ ელექტრონული ფოსტით მიმოწერა მქონდა ერთ ბიჭთან, რომელიც მომწონდა. ეს რომ მშობლებმა გაიგეს, მასთან ურთიერთობა ამიკრძალეს. დავპირდი, რომ აღარ მივწერდი, მაგრამ პირობა არ შევასრულე. ასე გრძელდებოდა ერთი წლის განმავლობაში: ვაგრძელებდი წერილების წერას, ამის შესახებ მშობლები იგებდნენ, შემდეგ ბოდიშს ვუხდიდი მათ, ვპირდებოდი, რომ აღარ მივწერდი, მაგრამ ჩემსას მაინც არ ვიშლიდი. საბოლოოდ მშობლების ნდობა დავკარგე“.

შენი აზრით, რატომ დაკარგა სალომემ მშობლების ნდობა?

სალომეს მშობელი რომ ყოფილიყავი, რას გააკეთებდი და რატომ?

როგორ უნდა მოქცეულიყო სალომე მას შემდეგ, რაც მშობლები პირველად დაელაპარაკნენ ამ პრობლემაზე?

 ლიკა:

მშობლებს ეშინოდათ, რომ თუ ბიჭებთან მექნებოდა ურთიერთობა, შარში გავეხვეოდი, მაგრამ ახლა მესმის, რა იყო ამის მიზეზი. ჩემზე ორი წლით უფროს ბიჭებს ერთდროულად ვაწონებდი თავს. ამ ბიჭებთან ტელეფონით საათობით ვსაუბრობდი და წვეულებებზე მათ გარდა სხვას ვერავის ვამჩნევდი. მშობლებმა ერთი თვით ტელეფონი წამართვეს და არ მაძლევდნენ იქ წასვლის უფლებას, სადაც ეს ბიჭები იქნებოდნენ“.

ლიკას მშობლების ადგილას შენ რას გააკეთებდი და რატომ?

როგორ ფიქრობ, არაგონივრული ხომ არ იყო ლიკას მშობლების გადაწყვეტილება? თუ კი, რატომ?

რა უნდა გაეკეთებინა ლიკას მშობლების ნდობის მოსაპოვებლად?

მოიპოვე მშობლების ნდობა

როგორ უნდა მოიქცე?

ზრდასრულობის ასაკში შებიჯება შეიძლება კიბეზე ნელ-ნელა ასვლას შევადაროთ

პირველი, გაარკვიე, რის გამო დაკარგე მშობლების ნდობა.

  • იმ დროს ვბრუნდები სახლში, როცა მშობლები მელოდებიან?
  • ვასრულებ პირობას?
  • ვარ პუნქტუალური?
  • ეკონომიურად ვხარჯავ ფულს?
  • ბოლომდე მიმყავს საქმე?
  • ვდგები დილით მშობლების ჩიჩინის გარეშე?
  • ვალაგებ ჩემს ოთახს?
  • ყოველთვის სიმართლეს ვამბობ?
  • გონივრულად ვიყენებ ტელეფონს ან კომპიუტერს?
  • ვაღიარებ შეცდომებს და ვიხდი ბოდიშს?
  • სხვა

მეორე, ახლავე მიიღე ზომები. დაიწყე მუშაობა იმაზე, რაშიც გაუმჯობესება გჭირდება. გაითვალისწინე ბიბლიური რჩევა: ‘მოიშორეთ ძველი პიროვნება, რომელიც თქვენი წინანდელი ცხოვრების შესაბამისია’ (ეფესოელები 4:22). დროთა განმავლობაში შენს წარმატებას სხვებიც დაინახავენ, მათ შორის მშობლებიც (1 ტიმოთე 4:15).

მესამე, ესაუბრე მშობლებს შენი გადაწყვეტილების შესახებ. ნუ მოითხოვ მათგან, რომ გენდონ, პირიქით, პატივისცემით ჰკითხე, კიდევ რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ მათი ნდობა მოიპოვო.

გაფრთხილება: ნუ მოელი, რომ მშობლები დაუყოვნებლივ შეიცვლიან თვალსაზრისს. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ შენ შეასრულებ მიცემულ პირობას. გამოიყენე ეს შესაძლებლობა იმის დასამტკიცებლად, რომ სანდო ადამიანი ხარ. დროთა განმავლობაში მშობლები შესაძლოა უფრო მეტად გენდონ და მეტი თავისუფლებაც მოგცენ. სწორედ ასე მოხდა ზემოთ მოხსენიებული ლიკას შემთხვევაში. ის ამბობს: „ნდობის მოპოვება ბევრად რთულია, ვიდრე მისი დაკარგვა. ვგრძნობ, რომ მშობლები ახლა უფრო მეტად მენდობიან. ეს მართლაც სასიამოვნოა!“

გახსოვდეს: რაც უფრო სანდო პიროვნება იქნები, მით მეტ ნდობას დაიმსახურებ.