წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

მიუღებელია ჰომოსექსუალიზმი?

მიუღებელია ჰომოსექსუალიზმი?

„მოზარდობისას ჩემივე სქესის ადამიანები მომწონდა; ამ პრობლემასთან გამკლავება ძალიან მიჭირდა. ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი დროებითი იყო, მაგრამ მსგავსი გრძნობები დღესაც არ მანებებს თავს“ (დავითი, 23 წლის).

დავითი ქრისტიანია და სურს, ღვთისმოსაწონად იცხოვროს. შესაძლებელია, რომ დავითს თავისივე სქესის მიმართ ჰქონდეს ლტოლვა და, ამავე დროს, ღმერთს ასიამოვნოს? რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს ჰომოსექსუალიზმზე?

 რას ამბობს ბიბლია?

ადამიანთა დამოკიდებულება ჰომოსექსუალიზმზე განსხვავდება. ამას მათი კულტურა და დროის სვლა განაპირობებს. ქრისტიანებზე გავლენას არ ახდენს გავრცელებული შეხედულებები და მათ არ „აქანავებს სწავლების ყოველი ქარი“ (ეფესოელები 4:14). ნაცვლად ამისა, როდესაც საქმე ჰომოსექსუალიზმს (ან ადამიანის სხვა ნებისმიერ საქციელს) ეხება, ისინი ბიბლიის ნორმებით ხელმძღვანელობენ.

ბიბლია ნათლად გვანახვებს ღვთის თვალსაზრისს ჰომოსექსუალიზმზე. მასში ვკითხულობთ:

  • „არ დაწვე კაცთან ისე, როგორც ქალთან წვები. ეს სისაძაგლეა“ (ლევიანები 18:22).

  • „ამიტომ ღმერთმა ისინი უწმინდურებას გადასცა თავიანთი გულისთქმებისამებრ ... რადგან მათმა ქალებმა ბუნებრივი სქესობრივი ცხოვრება არაბუნებრივით შეცვალეს“ (რომაელები 1:24, 26).

  • „თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავები, ვერც კერპთაყვანისმცემლები, ვერც მრუშები, ვერც ის კაცები, რომლებსაც გარყვნილებისთვის იყენებენ, ვერც მამათმავლები, ვერც ქურდები, ვერც ხარბები, ვერც ლოთები, ვერც მლანძღველები და ვერც გამომძალველები ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს“ (1 კორინთელები 6:9, 10).

ღვთის ნორმები ყველა ადამიანს ეხება როგორც ჰომოსექსუალისტებს, ისე ჰეტეროსექსუალებს. ყველას მოეთხოვება თავშეკავების გამოვლენა, რათა ღმერთს ასიამოვნონ (კოლოსელები 3:5).

 ნიშნავს ეს იმას, რომ?..

ნიშნავს ეს იმას, რომ ბიბლია ჰომოსექსუალისტების მიმართ სიძულვილს აღვივებს?

არა. ბიბლია არავის მიმართ არ აღვივებს სიძულვილს. პირიქით, ის მოგვიწოდებს, „ყველასთან მშვიდობიანი ურთიერთობა“ გვქონდეს (ებრაელები 12:14). ამიტომ არასწორია, შევიძულოთ ჰომოსექსუალისტები ან ფიზიკური, სიტყვიერი თუ სხვა სახის შეურაცხყოფა მივაყენოთ მათ.

ნიშნავს ეს იმას, რომ ქრისტიანები იმ კანონების წინააღმდეგ უნდა გამოვიდნენ, რომლებიც ერთსქესიანთა ქორწინებას უჭერს მხარს?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა ქორწინების ნორმა დაადგინა; მან კაცი და ქალი შეაუღლა (მათე 19:4—6). ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებული კანონები მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და საერთო არაფერი აქვს ზნეობრივ ნორმებთან. ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ პოლიტიკურად ნეიტრალურები დარჩნენ (იოანე 18:36). ამიტომ ისინი არც მხარს უჭერენ და არც ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო კანონებს, რომლებიც ერთსქესიანთა ქორწინებას უჭერს მხარს.

 რა შეიძლება ითქვას?..

რა შეიძლება ითქვას ჰომოსექსუალისტზე? შესაძლებელია, მან შეიცვალოს ცხოვრების წესი?

დიახ. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ პირველ საუკუნეში მცხოვრები ზოგიერთი ქრისტიანი წარსულში ჰომოსექსუალისტი იყო, მაგრამ მათ შეიცვალეს ცხოვრების წესი. მას შემდეგ, რაც პავლე მოციქულმა აღნიშნა, რომ ჰომოსექსუალისტები ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებდნენ, მან თქვა: „ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი“ (1 კორინთელები 6:11).

ნიშნავს ეს იმას, რომ ვინც მიატოვა ასეთი ცხოვრება, არასოდეს გაუჩნდება სურვილი, დაუბრუნდეს ცხოვრების ძველ წესს? არა. ბიბლიაში ნათქვამია: „შეიმოსეთ ახალი პიროვნებით, რომელიც საფუძვლიანი ცოდნის საშუალებით ახლდება“ (კოლოსელები 3:10). ცვლილებების მოხდენა განუწყვეტელი პროცესია.

რა შეიძლება ითქვას მასზე, ვისაც სურს, იცხოვროს ღვთის ნორმებით და, ამავე დროს, თავისივე სქესის ადამიანი იზიდავს?

ადამიანს შეუძლია აკონტროლოს საკუთარი სურვილები — ან განახორციელოს, ან გასაქანი არ მისცეს მათ. როგორ არის ეს შესაძლებელი? ბიბლიაში ვკითხულობთ: „იარეთ სულით და არ შეასრულებთ ხორცის სურვილებს“ (გალატელები 5:16).

ამ ბიბლიურ მუხლში არ არის ნათქვამი, რომ ადამიანს არ ექნება ხორცის სურვილები. აქ საუბარია იმაზე, რომ ადამიანს შეუძლია შეეწინააღმდეგოს ამ სურვილებს, თუ ის რეგულარულად შეისწავლის ბიბლიას და ილოცებს.

დავითი, რომლის შესახებაც შესავალში ვისაუბრეთ, ამ სიტყვების სიმართლეში თავად დარწმუნდა. მას ძალიან დაეხმარა თავის ქრისტიან მშობლებთან საუბარი იმის შესახებ, თუ რასთან უწევდა ბრძოლა. იგი ამბობს: „თითქოს მხრებიდან დიდი ტვირთი მომეხსნა. ეს რომ ადრე გამეკეთებინა, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი მოზარდობის წლებში“.

ბედნიერნი არიან ისინი, ვინც იეჰოვას ზნეობრივ ნორმებს იცავენ. გვჯერა, რომ ღვთის მიერ დადგენილი ნორმები „სამართლიანია, გულს ახარებს“ და „დიდია ჯილდო მათი დაცვისათვის“ (ფსალმუნი 19:8, 11).

გაიგეთ მეტი

ქორწინება მხოლოდ სოციალური სტატუსია?

გაიგეთ, როგორ შეუძლიათ ცოლ-ქმარს იყვნენ ბედნიერები ღვთის მიერ დაკისრებული როლის შესრულებით.