წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

რა გიყალიბებს სტერეოტიპებს? (ნაწილი 1) გოგოებისთვის

რა გიყალიბებს სტერეოტიპებს? (ნაწილი 1) გოგოებისთვის

როგორ აყალიბებს მედია სტერეოტიპებს?

 წაიკითხე ორივე სვეტში მოცემული სიტყვების ჩამონათვალი და უპასუხე ქვემოთ მოცემულ კითხვებს:

სვეტი 1

სვეტი 2

ცანცარა

ჭკუადამჯდარი

თავნება

მორჩილი

გარყვნილი

წესიერი

ზედაპირული

ჭკვიანი

ჭორიკანა

თავშეკავებული

თვალთმაქცი

გულწრფელი

  1. როგორ დაახასიათებდი ფილმებში, ტელეგადაცემებსა თუ ჟურნალებში წარმოდგენილ თინეიჯერ გოგოებს?

  2. შენ როგორ გინდა, რომ დაგახასიათონ?

შეიძლება, როცა პირველ კითხვას პასუხობდი, პირველ სვეტში ჩამოთვლილი სიტყვები გამოიყენე, ხოლო მეორე კითხვაზე პასუხის გაცემისას — მეორე სვეტში ჩამოთვლილი სიტყვები. თუ ასეა, ესე იგი, არ გინდა ფილმებში და რეკლამებში წარმოდგენილ ტიპიურ თინეიჯერს ჰგავდე და გინდა მასზე უკეთესი იყო. იცოდე, გამონაკლისი არა ხარ!

„ფილმებში თინეიჯერი გოგოები, ჩვეულებრივ, თავნება და ჭირვეულები არიან. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ყველა თინეიჯერი ერთნაირები ვართ, ყველაფრის გაზვიადება გვიყვარს და მარტო იმაზე ვფიქრობთ, სხვები რას იტყვიან ჩვენზე“ (ერინი).

„ფილმებსა და ტელეგადაცემებში თინეიჯერ გოგოებს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ და ჩაცმის, პოპულარობისა და ბიჭების გარდა არაფერი ადარდებთ“ (ნატალი).

«იშვიათია, ნახო „მაგარი გოგო“, რომელიც არ სვამს, ბიჭებთან სექსი არა აქვს და მშობლებს პროტესტს არ უცხადებს. თუ გოგო ასე არ იქცევა, მაშინ მას ან „ფანატიკოსს“ ეძახიან ან კიდევ „თვით პატიოსნებას“» (მარია).

ჰკითხე საკუთარ თავს: „ჩემი ჩაცმულობით, საქციელით და საუბრით ჩემს ინდივიდუალურობას ვუსვამ ხაზს თუ იმას, რომ მედიამ ჩამომიყალიბა სტერეოტიპები?“

რა უნდა იცოდე?

  •   ბევრი, ვისაც ჰგონია, რომ ორიგინალური და განსხვავებულია, სინამდვილეში სხვას ჰბაძავს. «ჩემი პატარა და ზუსტად ასეთია, — ამბობს ერთი გოგონა, სახელად კარენი. — ის ისე იქცევა, თითქოს ტანსაცმლისა და ბიჭების მეტი არაფერი აინტერესებს. სინამდვილეში კი ძალიან ჭკვიანია და ზუსტად ვიცი, რომ სხვა ინტერესებიც აქვს; უბრალოდ უნდა, რომ სულელი გამოჩნდეს, რადგან მისი აზრით, ყველა „ნორმალური გოგო“ ასეთია; არადა ის, სულ რაღაც, 12 წლისაა».

    ბიბლიაში ვკითხულობთ: „ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე“ (რომაელები 12:2).

  • ყველა თინეიჯერ გოგონას ნამდვილად არ უნდა, მედიაში წარმოდგენილ თინეიჯერებს ჰგავდეს. „ფილმებსა თუ შოუებში ისე ჩანს, რომ გოგოები ეგოისტები, ცანცარები, ქარაფშუტები და ზედაპირებული არიან, მაგრამ უმეტესობას ჭკუა ნამდვილად არ გვაკლია, — ამბობს 15 წლის ალექსისი. — მარტო სიმპატიურ ბიჭებზე კი არ ვოცნებობთ, ბევრი სხვა ინტერესიც გვაქვს“.

    ბიბლიაში ვკითხულობთ: „[მოწიფულები] იყენებენ აღქმის უნარს და გაწაფული აქვთ ის კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრაელები 5:14).

  • მედიის მიერ შექმნილი სტერეოტიპები მარკეტოლოგების ინტერესებს უფრო ემსახურება, ვიდრე თინეიჯერების. უნდა აღინიშნოს, რომ გოგოები ჯერ კიდევ მანამდე ხდებიან ცნობილი გამომცემლობების, მოდის სამყაროს, თანამედროვე ტექნოლოგიებისა თუ გართობის ინდუსტრიის სამიზნეები, სანამ თინეიჯერობის ასაკს მიაღწევენ. „სარეკლამო სააგენტოები ისეთ რეკლამებს ქმნიან, რომ თუ 10-დან 13 წლამდე გოგოები არ იქნებიან ბოლო მოდაზე ჩაცმულები, არ ექნებათ თანამედროვე სამკაულები, კოსმეტიკა და უახლესი ტექნიკა, თანატოლებს შორის ვერასდროს ისარგებლებენ პოპულარობით. ისინი გამუდმებით უყურებენ ასეთ რეკლამებს, არადა ისეთ ასაკში არიან, რომ ვერც კი ხვდებიან, სინამდვილეში რაზეა გათვლილი ეს რეკლამები“, — ნათქვამია ერთ წიგნში (12 Going on 29).

    ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია — ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი — მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა“ (1 იოანე 2:16).

დაფიქრდი: საბოლოოდ ვინ დარჩება მოგებული, თუ სულ იმაზე იფიქრებ, რომელი ბრენდის ტანსაცმელი ჩაიცვა? ან ვის მოუტანს სარგებელს, თუ უახლეს მობილურს მარტო იმიტომ იყიდი, რომ შენი თანატოლების თვალში მაგარი გოგო გამოჩნდე? ე. ი. რა გამოდის, ვის ინტერესებს ემსახურებიან მარკეტოლოგები — შენსას თუ თავისას?

როგორ უნდა მოიქცე?

  •   ბრმად ნუ ენდობი მედიის შემოთავაზებებს! წლების მატებასთან ერთად იმაზე მეტის დანახვას შეძლებ, ვიდრე დღეს ხედავ. კარგად დაფიქრდი, რა შედეგს მოგიტანს ის, თუ მედია ჩამოგიყალიბებს სტერეოტიპებს. «ფილმებსა თუ შოუებში თინეიჯერი გოგოები ნახევრად გახდილები არიან, მაკიაჟი კი საკმარისზე მეტი უსვიათ, — ამბობს 14 წლის ალანა. — ბევრი თინეიჯერი ვერც კი ხვდება, რომ სინამდვილეში ლამაზად კი არა, საშინლად გამოიყურება და „საცოდავის“ შთაბეჭდილებას ტოვებს».

  • თავად გადაწყვიტე, რა გზას დაადგები. კიდევ ერთხელ დაფიქრდი სტატიის დასაწყისში ჩამოთვლილ იმ თვისებებზე, რომლითაც გინდა, რომ გიცნობდნენ. კარგი იქნება, თუ ახლავე დაიწყებ იმაზე მუშაობას, რომ ან შეიძინო ეს თვისებები ან თუ გაქვს, უფრო დახვეწო. ბიბლიაში წერია: „შეიმოსეთ ახალი პიროვნებით, რომელიც საფუძვლიანი ცოდნის საშუალებით ახლდება მისი შემოქმედის პიროვნებისამებრ“ და არა რეკლამებში წარმოდგენილი სტერეოტიპებისამებრ (კოლოსელები 3:10).

  • ვის შეგიძლია მიჰბაძო? შეიძლება კარგი მისაბაძი მაგალითი შენს ოჯახშიც იპოვო, მაგალითად ეს შესაძლოა იყოს დედა ან დეიდა. შეგიძლია მოწიფულ მეგობარს ან ახლობელს მიჰბაძო. იეჰოვას მოწმეებს შორის ბევრი სამაგალითო ქრისტიანი ქალია (ტიტე 2:3—5).

რჩევა: წიგნში „მიჰბაძეთ მათ რწმენას“ შეგიძლია წაიკითხო ბევრი სამაგალითო ქალის, მაგალითად, რუთის, ხანას, აბიგაილის, ესთერის, მარიამისა და მართას ისტორია. ეს წიგნი იეჰოვას მოწმეების მიერაა გამოცემული და მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან www.jw.org.

 

გაიგეთ მეტი

მეტისმეტად ბევრს ხომ არ ვფიქრობ საკუთარ გარეგნობაზე?

თუ ფიქრობ, რომ უშნო აღნაგობა გაქვს, რა დაგეხმარება, გქონდეს გაწონასწორებული თვალსაზრისი საკუთარ გარეგნობაზე?