არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

მეგობრობა თუ სიყვარული? (ნაწილი 2) — რაზე მეტყველებს ჩემი საქციელი?

მეგობრობა თუ სიყვარული? (ნაწილი 2) — რაზე მეტყველებს ჩემი საქციელი?

მეგობრის მოსასმენად ნებისმიერ დროს მზად ხარ. მასთან საუბარი დიდხანს გიგრძელდება. საქმე ისაა, რომ ეს მეგობარი საპირისპირო სქესისაა. ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ, არწმუნებ შენს თავს და გგონია, რომ ისიც იმავეს ფიქრობს. ნამდვილად ასეა?

 რა შეიძლება მოხდეს?

ცუდი არაფერია იმაში, თუ საპირისპირო სქესის ადამიანთან მეგობრობ. მაგრამ რას იფიქრებს შენი მეგობარი, თუ მას სხვებთან შედარებით განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევ? ის ალბათ იფიქრებს, რომ მოგწონს.

გინდა, რომ მეგობარს ეს აფიქრებინო? დაფიქრდი იმაზე, რაც შენდა უნებურად შეიძლება დაგემართოს.

  • ვიღაცას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევ.

    „მართალია, სხვის გრძნობებს ვერ გააკონტროლებ, მაგრამ, როცა ამბობ, მხოლოდ მეგობრები ვართო და, ამავე დროს, მასთან ტელეფონით საათობით ლაპარაკობ, ასე შეიძლება მას გრძნობები აღუძრა“ (სიერა).

  • ვიღაც ძალიან დიდ ყურადღებას გაქცევს.

    „მესიჯების გაგზავნის ინიციატორი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ერთ გოგოს ყოველთვის ვპასუხობდი მესიჯებზე. მოგვიანებით მისთვის იმის ახსნა დამჭირდა, რომ ის ჩემთვის მხოლოდ მეგობარი იყო“ (რიჩარდი).

  • შენი საქციელით სხვის ყურადღებას იპყრობ.

    „ის, ვინც ფლირტაობს, სხვის გრძნობებზე თამაშობს და არ ფიქრობს სერიოზული ურთიერთობის დაწყებაზე. ასეთი რამ ხშირად ხდება და ერთი მხარე ყოველთვის გულნატკენი რჩება“ (თამარა).

გახსოვდეს: თუ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ხშირად საუბრობ და მის მიმართ ზედმეტ ყურადღებას ავლენ, აფიქრებინებ, რომ მოგწონს.

 რატომ ღირს დაფიქრება?

  • ფლირტით ადამიანს გულს ტკენ.

    ბიბლიაში ნათქვამია: „ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს“ (იგავები 13:12). რას ელი იმ ადამიანისგან, რომელიც გაგრძნობინებს, რომ მოსწონხარ?

    «არსებობს გამოთქმა „კაუჭზე გამობმული“. ეს იმას ნიშნავს, რომ დაიჭირო თევზი, მაგრამ კაუჭიდან არ მოხსნა. მსგავსად ამისა, თუ ადამიანთან სერიოზული ურთიერთობის დაწყება არ გსურს, მაგრამ არც თავს ანებებ, ასე ვთქვათ, თევზივით კაუჭზე გყავს გამობმული, რითაც დიდ ტკივილს აყენებ» (ჯესიკა).

  • ფლირტი ცუდ რეპუტაციას შეგიქმნის

    ბიბლიაში ნათქვამია: „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილიპელები 2:4). როგორ დაახასიათებდი ადამიანს, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს? როგორი რეპუტაცია ექნება ასეთ ადამიანს?

    „არასოდეს მომეწონება ბიჭი, რომელსაც გოგოებთან ფლირტი აქვს. საეჭვოა, რომ ასეთებმა მომავალში თავიანთ მეუღლეებს უერთგულონ. ისინი ეგოისტები არიან და ადამიანებს იმისთვის იყენებენ, რომ ღირსების გრძნობა აიმაღლონ“ (ჯულია).

გახსოვდეს: თუ ვინმესთან სერიოზული ურთიერთობის დაწყებას არ აპირებ, მაგრამ შენი საქციელით აფიქრებინებ, რომ მოგწონს, ამ ადამიანსაც დიდ ტკივილს მიაყენებ და შენს თავსაც.

 რა შეგიძლია გააკეთო?

  • ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ისე მოვექცეთ, როგორც ძმას, ახალგაზრდა ქალს კი — როგორც დას, მთელი სიწმინდით (1 ტიმოთე 5:1, 2). თუ ამ პრინციპს გაითვალისწინებ, მეგობართან ურთიერთობა არ გაგიფუჭდება.

    „დაქორწინებული რომ ვიყო, სხვის მეუღლესთან ფლირტს არ დავიწყებდი. დაუქორწინებლობის პერიოდი კარგი დროა იმისათვის, რომ ვისწავლო, მქონდეს გაწონასწორებული ურთიერთობა საპირისპირო სქესის ადამიანებთან“ (ლეა).

  • ბიბლიაში ნათქვამია: „ბევრი ლაპარაკისას ცოდვა გარდაუვალია“ (იგავები 10:19). ეს პრინციპი არა მხოლოდ საუბრის, არამედ მესიჯების მიწერ-მოწერის დროსაც უნდა გაითვალისწინო. დაფიქრდი, რამდენად ხშირად ემესიჯები მეგობარს და რა შინაარსის წერილებს უგზავნი.

    „საჭირო არ არის გოგოს ყველა წვრილმანზე მისწერო, თუ მასთან სერიოზული ურთიერთობის დაწყებას არ აპირებ“ (ბრაიანი).

  • ბიბლიაში ნათქვამია: „ზემოდან მომავალი სიბრძნე კი, პირველ ყოვლისა, წმინდაა“ (იაკობი 3:17). ჩახუტება შეიძლება ვიღაცისთვის მხოლოდ მეგობრული ჟესტი იყოს, ვიღაცისთვის კი მოწონების მიმანიშნებელი.

    „ვცდილობ, მეგობრული საუბრები ზომიერების ფარგლებს არ გასცდეს“ (მარია).

დასკვნა: კარგად დაფიქრდი, რა ურთიერთობა გაქვს საპირისპირო სქესის ადამიანთან. „კარგი მეგობრის პოვნა არც ისე ადვილია, — ამბობს ერთი ახალგაზრდა, სახელად ჯენიფერი. — ნამდვილად არ ისურვებდი მეგობართან ურთიერთობის გაფუჭებას, რაც აუცილებლად მოხდება, თუ მას აფიქრებინებ, რომ მოგწონს“.

 რჩევები

  •  ყურადღება მიაქციე, რას ამბობენ სხვები. თუ ვინმე გკითხავს, თქვენ ერთმანეთს ხომ არ ხვდებითო, ეს იმის ნიშანია, რომ მეტისმეტად დაუახლოვდი მეგობარს.

  •  ერთნაირი ურთიერთობა გქონდეს ყველა საპირისპირო სქესის ადამიანთან. მხოლოდ ერთს ნუ მიაქცევ განსაკუთრებულ ყურადღებას.

  •  დაუკვირდი, როდის, რამდენად ხშირად და რა შინაარსის წერილებს უგზავნი საპირისპირო სქესის ადამიანს. „რა საჭიროა, შუაღამემდე ემესიჯო ბიჭს?!“ — ამბობს ერთი ახალგაზრდა, სახელად ალისა.

აგრეთვე იხილეთ

გაიგეთ მეტი

ახალგაზრდების შეკითხვები

მეგობრობა თუ სიყვარული? (ნაწილი 1) — რას მივაწერო მისი საქციელი?

აქ მოცემული რჩევები დაგეხმარება, გაიგო პიროვნებას შენთან უბრალოდ მეგობრობა სურს, თუ სერიოზული ურთიერთობის დაწყება.