წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ არ მყავს მეგობრები?

რატომ არ მყავს მეგობრები?

კომპიუტერთან ზიხარ და არც ისე დიდი ხნის წინ გამართული წვეულების სურათებს ათვალიერებ ინტერნეტში. კადრებიდან ჩანს, რომ წვეულებაზე ყველა შენი მეგობარი იმყოფება და თანაც კარგ დროს ატარებენ. მაგრამ თვალში ვიღაც გაკლია, და ვინ არის ეს რა თქმა უნდა, შენ!

„ნეტავ, რატომ არ დამპატიჟეს?“ — გულში ფიქრობ.

გაკვირვებულს ნელ-ნელა სიმწრის ოფლი გასხამს და ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ გიღალატეს! თითქოს მეგობრობა სათამაშო კარტებისგან აგებული სახლივით ერთი სულის შებერვით დაინგრა. ამ დროს მარტოობის გრძნობა გშთანთქავს და საკუთარ თავს ეკითხები: „რატომ არ მყავს მეგობრები?“

 ტესტი

სწორია თუ არასწორი

  1. თუ ბევრი მეგობარი გყავს, არასდროს იგრძნობ თავს მარტოდ.

  2. თუ სოციალურ ქსელში ჩაერთვები, არასდროს იგრძნობ თავს მარტოდ.

  3. თუ ბევრ მესიჯს დაწერ, არასდროს იგრძნობ თავს მარტოდ.

  4. თუ სხვებისთვის რამეს გააკეთებ, არასდროს იგრძნობ თავს მარტოდ.

პასუხი ოთხივე შემთხვევაში უარყოფითია.

რატომ?

 რა არის სინამდვილეში მეგობრობა და რა იწვევს მარტოობის გრძნობას?

  • ბევრი მეგობრის ყოლა არ არის იმის გარანტია, რომ მარტოსულად არასდროს იგრძნობ თავს.

    „ყოველთვის ვზრუნავ ჩემს მეგობრებზე, მაგრამ ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მათგან სანაცვლოს არ ვიღებ. საშინელ მარტოობას განიცდი, როცა გარს მეგობრები გახვევია, მაგრამ მათგან ვერ გრძნობ ვერც სიყვარულს და ვერც იმას, რომ მათ სჭირდები“ (ენი).

  • სოციალურ ქსელში ჩართვა არ არის იმის გარანტია, რომ არასდროს იგრძნობ თავს მარტოდ.

    „ზოგი ისე აგროვებს მეგობრებს, როგორც კოლექციონერი მისთვის სასურველ საგნებს. მაგრამ ასეთი საგნებით რომც გადაავსო ოთახი, მაინც ვერ იგრძნობ თავს ბედნიერად. თუ არ გაქვს ვინმესთან აზრიანი ურთიერთობა, ინტერნეტით გაცნობილი მეგობრები ისეთივე მეგობრობას გაგიწევენ, როგორსაც ეს უსიცოცხლო საგნები“ (აილენი).

  • ბევრი მესიჯის წერა არ არის იმის გარანტია, რომ არასდროს იგრძნობ თავს მარტოდ.

    „ზოგჯერ, როცა მარტო ხარ, ხშირად ამოწმებ ტელეფონს, რომელიმე მეგობარმა მესიჯი ხომ არ გამოგიგზავნა. და როცა უკვე მართლა გრძნობ თავს მარტოდ და ხედავ, რომ არავინ ცდილობს შენთან დაკონტაქტებას, კიდევ უფრო საშინელი განცდა გეუფლება“ (სერენა).

  • სხვებისთვის რაღაცის კეთება არ არის იმის გარანტია, რომ არასდროს იგრძნობ თავს მარტოდ.

    „ყოველთვის ვცდილობ, ხელგაშლილი ვიყო მეგობრების მიმართ, მაგრამ ისინი იმავეს არ მიკეთებენ. რასაკვირველია, არ ვნანობ, რომ მათ მიმართ გულუხვობა გამოვავლინე, მაგრამ ცოტა არ იყოს მაკვირვებს ის, რომ სანაცვლოდ არასდროს მიკეთებენ სიკეთეს“ (რიჩარდი).

დასკვნა: მარტოობის გრძნობის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი ადამიანის აზროვნებაა. „ეს გრძნობა შიგნიდან მოდის და არა გარედან“, — ამბობს ახალგაზრდა ქალი, ჯანეტი.

რა უნდა გააკეთო, თუ თავს ისე გრძნობ, რომ სრულიად მარტო ხარ და არ გყავს მეგობრები?

 როგორ უნდა გაიმარჯვო საკუთარ თავთან ბრძოლაში?

აიმაღლე ღირსების გრძნობა

„სიმარტოვის შეგრძნებას ზოგჯერ უღირსობის გრძნობაც იწვევს. რთულია, პირველი ნაბიჯი გადადგა და დაუმეგობრდე ვინმეს, როცა თვლი, რომ შენ არ იმსახურებ სხვა ადამიანის ყურადღებას“ (ჯანეტი).

ბიბლიაში ვკითხულობთ: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (გალატელები 5:14). თუ გვინდა, რომ ნამდვილი მეგობრები გვყავდეს, უნდა ავიმაღლოთ ღირსების გრძნობა, ოღონდ ეს ეგოიზმში არ უნდა აგვერიოს (გალატელები 6:3, 4).

ნუ შეიცოდებ საკუთარ თავს!

„მარტოობის გრძნობა შეიძლება ჭაობს შევადაროთ. რაც უფრო ეფლობი მასში, მით უფრო ძნელია იქიდან ამოსვლა. რაც უფრო შეიცოდებ საკუთარ თავს, მით უფრო ნაკლებად მოისურვებენ სხვები შენთან ურთიერთობას და მით უფრო გშთანთქავს მარტოობის გრძნობა“ (ერინი).

ბიბლიაში ვკითხულობთ: „სიყვარული ... თავისას არ ეძებს“ (1 კორინთელები 13:4, 5). ფაქტია, რომ როდესაც მეტისმეტად ბევრს ვფიქრობთ საკუთარ თავზე, სხვების მიმართ ნაკლებად ვავლენთ თანაგრძნობას და, შესაბამისად, არც სხვები ინტერესდებიან ჩვენით (2 კორინთელები 12:15). ერთი რამ ცხადია: როცა შენი ბედნიერება სხვების საქციელზეა დამოკიდებული, შენ სრულ მარცხს განიცდი! ისეთი სიტყვებით, როგორიცაა „არავინ მირეკავს“ ან „არავინ არსად მეპატიჟება“, საკუთარი ბედნიერების სადავეებს სხვებს აძლევ. განა ამით მათ მეტისმეტად ბევრის უფლებას არ აძლევ?

ნუ იტყვი უარს საკუთარ პრინციპებზე

„ზოგს იმდენად სურს, მიიპყროს სხვისი ყურადღება, რომ აღარ ანაღვლებს, ვინ დაინტერესდება მისით. მას უბრალოდ სურს, რომ ვინმესთვის სასურველი გახდეს. ზოგმა შეიძლება გაგრძნობინოთ, რომ ძვირფასი ხართ მისთვის, მაგრამ სინამდვილეში თქვენი გამოყენება სურდეს. ასეთ დროს შეიძლება ისეთი საშინელი მარტოობის გრძნობა დაგეუფლოთ, როგორიც არასდროს განგიცდიათ“ (ბრაიანი).

ბიბლიაში ვკითხულობთ: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“ (იგავები 13:20). დამშეული ადამიანი თითქმის ყველაფერს, ჯანმრთელობისთვის მავნე საკვებსაც კი ჭამს. მსგავსად ამისა, ზოგი, ოღონდაც ვინმესთან დამეგობრდეს და, რა საშუალებას აღარ მიმართავს. ისინი საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობასაც კი არ ერიდებიან და ფიქრობენ, რომ ეს ურთიერთობა სავსებით ნორმალურია და რაღაც კარგს უქადით. ამგვარად შეიძლება ადვილად გახდნენ საშიში ადამიანების სამიზნე.

შეჯამება: დროდადრო მეტ-ნაკლებად ყველას ეუფლება მარტოობის გრძნობა. მართალია, ეს გრძნობა დამთრგუნველია, მაგრამ ის უბრალოდ გრძნობაა და მეტი არაფერი. ჩვენს გრძნობებს, როგორც წესი, ჩვენი ფიქრები იწვევს. მაგრამ ჩვენ ხომ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ჩვენი ფიქრები?!

გარდა ამისა, თვალი უნდა გავუსწოროთ სინამდვილეს და არ უნდა გვქონდეს არარეალური მოლოდინი. „ყველა ვერ იქნება მუდმივად შენი საუკეთესო მეგობარი, — ამბობს ზემოხსენებული ჯანეტი. — მაგრამ შენ ნამდვილად იპოვი ისეთ ადამიანებს, რომლებსაც გულწრფელად დააინტერესებ და მათთვის სულერთი არ იქნება შენი მდგომარეობა. ეს კი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ მარტოდ აღარ იგრძნო თავი!“

დახმარება ხომ არ გჭირდება? წაიკითხე  „შიშის გადალახვა, როცა საქმე მეგობრობის დაწყებას ეხება“. აგრეთვე ჩამოტვირთე ვებ-გვერდიდან PDF ფორმატი „მარტოობასთან გამკლავება“.

აგრეთვე იხილეთ

გაიგეთ მეტი

მარტოსული ხარ?

სამი რჩევა, რომელიც დაგეხმარება გაუმკლავდე მარტოობას და იპოვო ნამდვილი მეგობრები.

ვინ არის ნამდვილი მეგობარი?

ადვილი არ არის ნამდვილი მეგობრის პოვნა, მაგრამ როგორ შეგიძლია იპოვო ასეთი მეგობარი?