წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ უნდა მოვიქცე, თუ მჩაგრავენ?

როგორ უნდა მოვიქცე, თუ მჩაგრავენ?

თუ ვინმე გავიწროებს, თვალი არ დახუჭო ამაზე. ეს უბრალო რამე არ გეგონოს. ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ეროვნული მედიასაშუალებებით გაშუქებული ახალგაზრდების მიერ ჩადენილი თვითმკვლელობის ფაქტებიდან 40 პროცენტზე მეტი იმ ახალგაზრდებზე მოდის, რომელთაც გამუდმებით ჩაგრავდნენ.

 რა იგულისხმება ჩაგვრაში?

ჩაგვრა უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე მხოლოდ ფიზიკურ შეურაცხყოფას. ახლა გავიგოთ, კიდევ რას შეიძლება გულისხმობდეს ჩაგვრა:

  • სიტყვიერი შეურაცხყოფა. გოგონები ათასგვარი დამამცირებელი სიტყვებით მომმართავენ, — ამბობს 20 წლის სელინი. — დღემდე ვერ ვივიწყებ, რა დამამცირებელ ზედმეტსახელებს მარქმევდნენ და რა საშინელებებს მეუბნებოდნენ. თავი არარაობა და არაფრის მაქნისი მეგონა. მერჩივნა, თვალი ჩაელურჯებინათ ჩემთვის, ვიდრე ასეთი სიტყვები ეძახათ“.

  • გარიყვა. თანასკოლელები თავს მარიდებდნენ, — ამბობს 18 წლის ჰელი. — როდესაც სადილობდნენ, ისე ჯდებოდნენ მაგიდასთან, რომ ჩემი ადგილი აღარ დარჩენილიყო. მთელი წლის მანძილზე თვალცრემლიანს მარტოს მიწევდა ჭამა“.

  • კიბერ-ხულიგნობა. ინტერნეტში საკუთარ გვერდზე მხოლოდ რამდენიმე ბწკარის დაწერაც კი საკმარისია, რომ ვიღაცას რეპუტაცია შეულახო. ამით შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ დაასვა დაღი ვინმეს ცხოვრებას. ალბათ, ფიქრობთ, რომ ვაზვიადებ, მაგრამ ეს ასეა“. კიბერ-ხულიგნობად შეიძლება ჩაითვალოს მობილური ტელეფონით შეურაცხმყოფელი ფოტოებისა და მესიჯების გაგზავნა.

 რატომ ჩაგრავენ სხვებს?

არსებობს ამის რამდენიმე მიზეზი.

  • მათაც ჩაგრავენ. იმდენად ამომივიდა ყელში, რომ სულ მე მჩაგრავდნენ, გადავწყვიტე, მეც დამეჩაგრა სხვები და ჩემს შემავიწროებელთა თვალში მაგარი გამოვჩენილიყავი. მალე მივხვდი, რომ არასწორად ვიქცეოდი!“ — გვიყვება ანტონიო.

  • გარშემომყოფნი ცუდ მაგალითს აძლევენ. ხშირად ახალგაზრდები სხვებს იმიტომ ჩაგრავენ, რომ მათაც სწორად ასე ექცევიან თავიანთი მშობლები, უფროსი და-ძმები თუ ოჯახის სხვა წევრები“, — წერს ჯეი მაკგროუ თავის წიგნში (Life Strategies for Dealing With Bullies).

  • ისინი მხოლოდ ჩანან მაგრები, სინამდვილეში კი უმწეონი არიან. ასეთი ბავშვები ხშირად თავიანთ გულისტკივილსა და უსუსურობას სხვებზე ძალადობით ნიღბავენ“, — ამბობს თავის წიგნში ბარბარა კოლოროსო (The Bully, the Bullied, and the Bystander).

 განსაკუთრებით ვინ შეიძლება აღმოჩნდეს მსხვერპლი?

  • მარტოსულნი. ზოგიერთი ახალგაზრდა, რომელიც არაკომუნიკაბელურია, თავს არიდებს ურთიერთობებს და ამგვარად შესაძლოა ადვილად აღმოჩნდეს შემავიწროებელთა მსხვერპლი.

  • სხვებისგან განსხვავებულნი. ზოგ ახალგაზრდას შესაძლოა დასცინოდნენ გარეგნობის, ეროვნების, რელიგიისა თუ რაიმე ფიზიკური ნაკლის გამო.

  • ნაკლებად თავდაჯერებულნი. დამცინავები ხვდებიან, ვინ თვლის თავს უღირსად და ასეთები ხშირად მათ სამიზნედ იქცევიან, რადგან დაუცველები ჩანან.

  რა უნდა გააკეთო, თუ გჩაგრავენ?

  • ნუ გექნება რეაქცია. მათ, ვინც გჩაგრავს, სწორედ ის უნდათ, რომ თავი უღირსად იგრძნო. თუ მათ რეაგირების გარეშე დატოვებ, ისინი დაკარგავენ ხალისს და მეტად აღარ შეგაწუხებენ“, — ამბობს კაილი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ბრძენი ბოლომდე სიმშვიდეს ინარჩუნებს“ (იგავები 29:11).

  • ნუ მიუზღავ სამაგიეროს. თუ შურისძიებას გადაწყვეტ, მხოლოდ გაირთულებ ცხოვრებას. ბიბლია მოგვიწოდებს: „ნურავის გადაუხდით სამაგიეროს“ (რომაელები 12:17; იგავები 24:19).

  • ნუ აიტკიებ აუტკივარ თავს. მაქსიმალურად მოერიდე ადგილებს, სადაც შესაძლოა დამცინავთ გადაეყარო (იგავები 22:3).

  • მშვიდად გაეცი პასუხი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს“ (იგავები 15:1).

  • შეეცადე, იუმორით უპასუხო. თუ ვინმე დაგცინის და მსუქანს გიწოდებს, შენ შეგიძლია უთხრა: „რამდენიმე კილოს დაკლება მართლა არ მაწყენდა!“.

  • ნუ გაღიზიანდები. „თუ დამცინავს უპასუხოდ დატოვებ, ამით დაამტკიცებ, რომ მოწიფული და უფრო ძლიერი ხარ, — ამბობს 19 წლის ნორა. — ამით აჩვენებ, რომ გაქვს თავშეკავება, რაც ასე აკლია შენს დამცინავს“.

  • აიმაღლე ღირსების გრძნობა. „დამცინავები ყოველთვის გრძნობენ, როცა რამეზე ღელავ. ისინი სარგებლობენ ამით, რათა საერთოდ ფეხქვეშ გათელონ შენი ღირსების გრძნობა“.

  • დაელაპარაკე ვინმეს. ერთი გამოკითხვის თანახმად, მათ ნახევარზე მეტი, რომლებიც კიბერ-ხულიგნობის მსხვერპლი ხდებიან, არ ახმაურებენ პრობლემას. შესაძლოა ამის მიზეზი იყოს ის, რომ რცხვენიათ (ძირითადად ბიჭებს) ან ეშინიათ, რომ სამაგიეროს გადაუხდიან. მაგრამ გახსოვდეს, შენს დამცინავსაც სწორედ ამ ამბის მიჩქმალვა სურს. ამ კოშმარს რომ წერტილი დაუსვა, პირველ რიგში, ვინმეს უნდა დაელაპარაკო შენს პრობლემაზე.