წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ უნდა მოვიქცე, თუ ჩემზე ჭორაობენ?

როგორ უნდა მოვიქცე, თუ ჩემზე ჭორაობენ?

რატომ არის გულსატკენი?

ზოგი შეიძლება სიცრუეს ავრცელებს შენზე და განზრახ გითხრის ძირს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ უწყინარ ჭორებს გივრცელებენ, შეიძლება მაინც გეტკინოს გული, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჭორს ისეთი ვინმე გივრცელებს, ვისაც ახლობლად თვლი (ფსალმუნი 55:12—14).

„გავიგე, რომ ჩემი მეგობარი ჩემ ზურგს უკან ლაპარაკობდა, რომ, თითქოსდა, სხვების მიმართ გულგრილი ვიყავი. ამან ძალიან მატკინა გული! ვერ გამეგო, რაში დასჭირდა ეს“ (ეშლი).

 სინამდვილე: ვინც არ უნდა გივრცელებდეს ჭორს, იქნება ეს ახლობელი თუ სხვა, ნებისმიერ შემთხვევაში არასასიამოვნოა იმის გაგება, რომ ხალხი შენზე ცუდ რამეს ამბობს.

ცუდი ისაა, რომ ჭორებს ყოველთვის ვერ აირიდებ თავიდან

ადამიანები შეიძლება რამდენიმე მიზეზის გამო ჭორაობდნენ:

ცნობისმოყვარეობა: ადამიანები ინტერესდებიან ერთმანეთის ცხოვრებით. ამიტომ, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ერთმანეთზე ვლაპარაკობთ. ბიბლია მოგვიწოდებს კიდევაც, რომ „სხვების კეთილდღეობაზეც“ ვიფიქროთ (ფილიპელები 2:4).

„როგორც წესი, სხვებზე საუბარი ყველას ხიბლავს“ (ბიანკა)

„უნდა ვაღიარო, რომ მიყვარს სხვებზე მეტის გაგება და ამის სხვებთან გარჩევა. სიმართლე რომ ვთქვა, არც კი ვიცი რატომ — უბრალოდ ეს კარგი გასართობია“ (ქეთი)

უსაქმურობა: ბიბლიურ დროში იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც „თავისუფალ დროს მხოლოდ ახალი ამბების მოყოლასა და მოსმენაში ატარებდნენ“ (საქმეები 17:21). ეს დღესაც ასეა!

„როცა საინტერესო არაფერი ხდება, ხალხი თვითონ თხზავს ახალ ამბებს, რათა რაღაცაზე მაინც ჰქონდეს სალაპარაკო“ (ჯოანა).

ღირსების გრძნობის ამაღლება. ბიბლია არც თუ უსაფუძვლოდ გვაფრთხილებს, რომ ჩვენი თავი სხვას არ შევადაროთ (გალატელები 6:4). სამწუხაროდ, ზოგს ჰგონია, რომ თუ სხვებზე ჭორებს გაავრცელებს, ამით საკუთარი ღირსების გრძნობას აიმაღლებს.

„ჭორს ბევრი რამის თქმა შეუძლია მასზე, ვინც ამ ჭორს ავრცელებს. ხშირად ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჭორიკანას მათი შურს, ვისზეც ჭორაობს. ის ამით ცდილობს, საკუთარი თავი დაარწმუნოს, რომ ბევრად სჯობია მას, ვისზეც ჭორაობს“ (ფილი).

 სინამდვილე: მოგწონს ეს შენ თუ არა, ხალხი მაინც ილაპარაკებს ერთმანეთზე, მათ შორის შენზეც.

კარგი ისაა, რომ ჭორი ვერას დაგაკლებს

ყველა ჭორს ვერ აირიდებ თავიდან, თუმცა ის კი შეგიძლია, რომ საკუთარი თავი გააკონტროლო. თუ გაიგე, რომ ცუდი ხმები დაგიყარეს, სულ მცირე, ორი რამის გაკეთება შეგიძლია.

1) ყურადღებას ნუ მიაქცევ. ხშირ შემთხვევაში საუკეთესო იქნება, თუ არ მიაქცევ ყურადღებას განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ჭორი საგანგაშო არ არის. გაითვალისწინე ბიბლიური რჩევა: „ნუ იჩქარის შენი სული განაწყენებას“ (ეკლესიასტე 7:9).

„ჭორები დამიყარეს, რომ ერთ ბიჭს ვხვდებოდი, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი. გულიანად ვიცინე!“ (ელიზი).

„თუ კარგი რეპუტაცია გაქვს, ჭორი ვერას დაგაკლებს. მაშინაც კი, თუ ცუდი ხმები გაგივრცელეს, ძალიან ცოტა თუ დაიჯერებს ამ ჭორებს. მალე სიმართლეს ყველა გაიგებს!“ (ელისონი).

რჩევა: დაწერე — 1) რა თქვეს შენზე? 2) როგორ იმოქმედა ამან? თუ ამის შესახებ მხოლოდ „გულში იტყვით“, უფრო ადვილად დაივიწყებთ (ფსალმუნი 4:4).

2) დაელაპარაკე მას, ვინც ჭორი გაგივრცელა. ზოგჯერ შეიძლება ფიქრობ, რომ ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და უნდა დაელაპარაკო მის გამვრცელებელს.

„თუ მათ დაელაპარაკები, ვინც შენზე ჭორაობს, დაინახავენ, რომ ჭორმა შენს ყურამდეც მოაღწია. გარდა ამისა, ყველაფერს გაარკვევ და პრობლემასაც მოაგვარებ“ (ელიზი).

სანამ დაელაპარაკები მას, ვინც შენზე ჭორი გაავრცელა, დაფიქრდი ქვემოთ მოცემულ ბიბლიურ პრინციპებზე და საკუთარ თავს დაუსვი აქვე მოყვანილი კითხვები.

  • „მოსმენამდე პასუხის გაცემა უგუნურებაა და დამცირება“ (იგავები 18:13). ვიცი ყველა ფაქტი? იქნებ ვინც ამის შესახებ შემატყობინა, რაღაც სწორედ ვერ გაიგო?

  • „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში“ (იაკობი 1:19). შესაფერისი დროა ახლა, რომ მივიდე და დაველაპარაკო? დარწმუნებული ვარ, რომ ობიექტური ვიქნები? იქნებ უკეთესია, ცოტა დრო გავიდეს და დავმშვიდდე?

  • „როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12). მე რომ გამევრცელებინა ჭორი, როგორ მოპყრობას ვისურვებდი? როდის იქნებოდა საუკეთესო დრო, რომ ამ საკითხზე დამლაპარაკებოდნენ? როგორი მიდგომა იქნებოდა ჩემთვის ყველაზე მისაღები?

რჩევა: სანამ დაელაპარაკები მას, ვინც ხმებს გივრცელებს, დაწერე, რის თქმას აპირებ. შემდეგ ერთი ან ორი კვირა დაიცადე, თვალი გადაავლე დაწერილს და ნახე, იქნებ, რამის შეცვლა მოისურვო. აგრეთვე დაელაპარაკე მშობლებს ან მოწიფულ მეგობარს და რჩევა სთხოვე.

სინამდვილე: ბევრი სხვა რამის მსგავსად, ყოველთვის ვერ გააკონტროლებ იმას, თუ რას იტყვიან შენზე. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჭორმა არ დაგანგრიოს!