წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

ადრე ხომ არ არის ჩემთვის პაემანზე სიარული?

ადრე ხომ არ არის ჩემთვის პაემანზე სიარული?

 რას შეიძლება ეწოდოს პაემანი?

  • შეიძლება ხშირად ხვდები საპირისპირო სქესის ადამიანს. ნიშნავს ეს იმას, რომ მასთან პაემანი გაქვს?

  • თქვენ შეიძლება ერთმანეთი გიზიდავთ. დღეში რამდენჯერმე ერთმანეთს მესიჯებს უგზავნით ან ტელეფონით ელაპარაკებით. ნიშნავს ეს იმას, რომ მასთან პაემანი გაქვს?

  • ყოველთვის, როცა მეგობრებთან ერთად დროს ატარებ, ყველაზე დიდ დროს სწორედ ამ ადამიანს უთმობ. ნიშნავს ეს იმას, რომ მასთან პაემანი გაქვს?

შეიძლება პირველ კითხვას ადვილად გასცე პასუხი, მაგრამ მეორე და მესამე კითხვაზე შეიძლება ცოტა შეყოვნდე. მაშ, რას შეიძლება ეწოდოს პაემანი?

პაემნად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი შეხვედრა, როცა მთელ შენს ყურადღებას საპირისპირო სქესის წარმომადგენელს უთმობ.

ასე რომ, ყველა ზემოთ მოყვანილ კითხვაზე პასუხი დადებითია. თუ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან პირისპირ, ტელეფონით, ინტერნეტით, მალულად ან ღიად საუბრობ პირად გრძნობებზე და ამას ხშირი ხასიათი აქვს, ეს უკვე პაემანია.

 რა არის პაემანზე სიარულის მიზანი?

პაემანი ღირებულ მიზანს უნდა მოემსახუროს — ქალ-ვაჟმა ამ დროს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სურთ თუ არა ცხოვრების ერთმანეთთან დაკავშირება და ოჯახის შექმნა.

მაგრამ ზოგი ახალგაზრდა ასე სერიოზულად არ უყურებს ამ საკითხს. როგორც ჩანს, მათ უბრალოდ უნდათ საპირისპირო სქესის მეგობარი, რომელთანაც განსაკუთრებული სიახლოვე ექნებათ და მათი შეხვედრების მიზანი არ არის დაქორწინება. ზოგისთვის კი ეს საკუთარი ღირსების საკითხია და როცა საზოგადოებაში საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ჩნდება, ეს ერთიორად უმაღლებს ღირსების გრძნობას.

ხშირად ასეთი ზედაპირული ურთიერთობები ხანმოკლეა. ერთი გოგონა, სახელად ჰიზერი, ამბობს: „ბევრი ახალგაზრდა ერთმანეთს ერთ-ორ კვირაში შორდება. მათთვის ეს ურთიერთობა დროებითია, რაც ქორწინებით კი არა, დაშორებით მთავრდება“.

უდავოა, რომ თუ ვინმეს ხვდები, მას შეიძლება შენ მიმართ გრძნობები გაუჩნდეს. ამიტომ, დაფიქრდი, რამდენად წრფელი მოტივები გამოძრავებს (ლუკა 6:31).

თუ ვინმეს ხვდები, მაგრამ არ აპირებ მასზე დაქორწინებას, იმ ბავშვივით იქცევი, რომელსაც სათამაშო მოსწყინდა და მოისროლა.

დაფიქრდი: გინდა, რომ ვინმემ ითამაშოს შენს გრძნობებზე ისევე, როგორც ბავშვს სჩვევია, სათამაშოთი მცირე ხნით გართობა და შემდეგ მისი მოსროლა? თუ არ გინდა, რომ ასე მოგექცნენ, ნურც შენ მოექცევი სხვას ამგვარად! ბიბლიაში ნათქვამია, რომ „სიყვარული ... უწესოდ არ იქცევა“ (1 კორინთელები 13:4, 5).

ერთი გოგონა, ჩელსი, ამბობს: „გაორებული ვარ: ერთი მხრივ კი მინდა, რომ პაემნებზე სიარულით გავერთო, მაგრამ ამავდროულად ვხდები, რომ სულაც არ არის უწყინარი გართობა, როცა ერთ ადამიანს უჩნდება გრძნობები, მეორეს კი — არა“.

რჩევა: თუ გინდა, რომ მზად იყო პაემნებზე სიარულისთვის და შემდეგ დაქორწინებისთვის, წაიკითხე 2 პეტრეს 1:5—7 და დაფიქრდი, აქ ჩამოთვლილი თვისებებიდან რომელზე გჭირდება მუშაობა. ერთი თვის შემდეგ გამოიკვლიე საკუთარი თავი და შეამოწმე, რამდენად შეძელი ამ თვისების გამომუშავება.

 ადრე ხომ არ არის ჩემთვის პაემანზე სიარული?

  •  შენი აზრით, რა ასაკში უნდა დაიწყო პაემანზე სიარული?

  •  დაუსვი ეს კითხვა შენს მშობლებს.

შესაძლოა თქვენი პასუხები ერთმანეთს არ დაემთხვას ან დაემთხვას კიდეც. შენ შეიძლება იმ ახალგაზრდების კატეგორიას მიეკუთვნები, რომლებიც პაემანზე სიარულის დაწყებას არ ჩქარობენ.

აი, რას ამბობს 17 წლის დანიელა: „რასაც ორი წლის წინ ვაფასებდი საპირისპირო სქესის ადამიანში, დღეს სრულიად სხვა მოთხოვნებს ვუყენებ მათ. თუმცა, არც დღეს ვარ საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ მზად ვარ ამისთვის. როცა მივხვდები, რომ პიროვნულად ჩამოვყალიბდი და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ არ შემეცვლება გემოვნება, მაშინ ვიფიქრებ ვინმესთან შეხვედრაზე“.

არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ არის გონივრული, არ აჩქარდე. ბიბლიაში გამოყენებული ფრაზა „ახალგაზრდული ვნებები“ აღწერს იმ პერიოდს, როცა ახალგაზრდული ვნებები მოზღვავებულია და საპირისპირო სქესისადმი ძლიერი გრძნობა არაა დამცხრალი (1 კორინთელები 7:36). თუ ახლო ურთიერთობა გაქვს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან მაშინ, როცა სისხლი გიდუღს, ასეთმა გრძნობებმა შეიძლება უზნეობის ჩადენამდე მიგიყვანოს.

შესაძლოა ეს დიდად არ აღელვებს შენს თანატოლებს. ალბათ, ბევრს ერთი სული აქვს, გემო გაუსინჯოს სექსს. მაგრამ შენ მათგან განსხვავებით მეტი გამჭრიახობა მოგეთხოვება (რომაელები 12:2). ბიბლია მოგვიწოდებს: „გაექეცით სიძვას“ (1 კორინთელები 6:18). თუ დაიცდი ახალგაზრდული ვნებების დაცხრომამდე, თავიდან აირიდებ უბედურებას (ეკლესიასტე 11:10).

 რატომ არ უნდა აჩქარდე?

თუ ადრეულ ასაკში დაიწყებ პაემნებზე სიარულს, ეს იმის მსგავსია, რომ საბოლოო გამოცდაზე გახვიდე ისეთ საგანში, რომლის შესწავლაც ახლახან დაიწყე. რასაკვირველია, ეს უგუნურება იქნება! შენ დრო დაგჭირდება, რომ საგანი კარგად შეისწავლო და როცა გამოცდის ჩაბარება მოგიწევს, წარმატებით ჩააბარო.

იმავეს თქმა შეიძლება პაემანზეც.

პაემნებზე სიარული ხელწამოსაკრავი არაა. სანამ ერთი კონკრეტული ადამიანით დაინტერესდები, უნდა შეისწავლო გაცილებით მნიშვნელოვანი „საგანი“ — როგორ დაუმეგობრდე სხვებს.

მოგვიანებით, როცა სასურველ ადამიანს გაიცნობ, შენ უკვე მზად იქნები, მასთან მყარ ურთიერთობას ჩაუყარო საფუძველი. ბედნიერი ქორწინება ხომ ორი მეგობრის კავშირია!

თუ მოიცდი, ამით ნამდვილად არ დაკარგავ თავისუფლებას. პირიქით, უფრო მეტი თავისუფლება გექნება, რომ გაიხარო „ახალგაზრდობის წლებით“ (ეკლესიასტე 11:9). იმის დროც გექნება, რომ პიროვნულად ჩამოყალიბდე და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გახდე სულიერად მოწიფული (გოდება 3:27).

მანამდე კი შეგიძლია ურთიერთობა გქონდეს საპირისპირო სქესის ადამიანებთან. როგორი ურთიერთობა იგულისხმება ამაში? თქვენ ერთმანეთთან ურთიერთობა სულიერად მოწიფული მეგობრების გარემოცვაში შეგიძლიათ. ერთი გოგონა, სახელად თამი, ამბობს: „ჩემთვის ასეთი ურთიერთობა უფრო სასიამოვნოა. რა ჯობია ბევრი მეგობრის ყოლას!“ მონიკაც ეთანხმება ამ აზრს: „მეგობრების წრეში ურთიერთობა მართლა კარგია. რადგან სხვადასხვა ადამიანს ეცნობი“.

თუ აჩქარდები და მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანზე გადაიტან მთელ შენს ყურადღებას, დიდ ტკივილს მიაყენებ საკუთარ თავს. ამიტომ, ნუ აჩქარდები! სანამ დაუქორწინებელი ხარ, ისწავლე, როგორ დაუმეგობრდე სხვებს და შეინარჩუნო მათთან მეგობრობა. მოგვიანებით, როცა გადაწყვეტ ვინმესთან პაემანზე სიარულს, უკვე კარგად გეცოდინება, რა გინდა და რა თვისებების დანახვა გსურს შენს მომავალ მეუღლეში.

 

გაიგეთ მეტი

როგორ შეგიძლია გაიგო, შეგეფერება თუ არა შენი რჩეული?

როგორ შეგიძლია მხოლოდ ზედაპირულად არ შეხედო შენ რჩეულს და გაიგო, ნამდვილად შეგეფერება თუ არა?