არჩეულ მასალაზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს

როგორ მოვიქცე, თუ ჩემი შვილი ბულინგის მსხვერპლია?

თქვენი ვაჟი გეუბნებათ, რომ სკოლაში ბულინგის მსხვერპლია. როგორ მოიქცევით? მოითხოვთ, რომ სკოლის ხელმძღვანელობამ დამნაშავე დასაჯოს? ასწავლით თქვენს შვილს, როგორ გადაუხადოს სამაგიერო მჩაგვრელს? სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები. *

 რა უნდა ვიცოდე ბულინგის შესახებ?

რა არის ბულინგი? ბულინგი არის ვინმესთვის მიზანმიმართულად და რეგულარულად ფიზიკური ან ემოციური ტკივილის მიყენება. თუმცა შეურაცხყოფის ან შევიწროების ყველა ფორმა ბულინგი არ არის.

რა უნდა ვიცოდეთ: ზოგი თვლის, რომ ნებისმიერი საქციელი, რაც სხვა ადამიანში წყენას იწვევს, ბულინგია. თუმცა ეს ასე არ არის. ამიტომ არ ღირს ყველა შემთხვევაში ჩარევა, როდესაც თქვენს შვილს ვინმე აწყენინებს. ამით ხელს შეუშლით მას, ისწავლოს კონფლიქტური სიტუაციების დამოუკიდებლად მოგვარება. ეს უნარი კი მას აუცილებლად სჭირდება ახლაც და დასჭირდება მომავალშიც.

ბიბლიური პრინციპი: „ნუ იჩქარის შენი სული განაწყენებას“ (ეკლესიასტე 7:9).

გახსოვდეთ: როდესაც თქვენს ბიჭს უსიამოვნებები აქვს, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა თქვენი ჩარევა აუცილებელი იყოს. მაგრამ თუ ყველა სიტუაციაში არ ჩაერევით, ამით მას შესაძლებლობას მისცემთ, ისწავლოს სირთულეების გადალახვა და გაუგებრობების დამოუკიდებლად მოგვარება (კოლოსელები 3:13).

თუმცა როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შვილი გეუბნებათ, რომ მას რეგულარულად და მიზანმიმართულად ავიწროებენ?

 როგორ შემიძლია დახმარება?

  • მოთმინებით მოუსმინეთ. შეეცადეთ, გაიგოთ: 1) რა ხდება სინამდვილეში და 2) რატომ ავიწროებენ თქვენს შვილს. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, სანამ ყველა ფაქტს არ გაეცნობით. გახსოვდეთ, მედალს ორი მხარე აქვს. სიტუაციის ობიექტურად შესაფასებლად უმჯობესი იქნება, თქვენი შვილის მასწავლებელს ან თანაკლასელის მშობლებს გაესაუბროთ.

    ბიბლიური პრინციპი: „მოსმენამდე პასუხის გაცემა უგუნურებაა და დამცირება“ (იგავები 18:13).

  • თუ თქვენი შვილი ბულინგის მსხვერპლია, დაეხმარეთ მას იმის დანახვაში, რომ მისმა პასუხმა შეიძლება სიტუაცია დაძაბოს ან განმუხტოს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს, მწარე სიტყვა კი რისხვას იწვევს“ (იგავები 15:1). მართლაც, სამაგიეროს გადახდა ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია; ეს დამნაშავეს უარესისკენ უბიძგებს.

    ბიბლიური პრინციპი: „ბოროტის გამკეთებელს სამაგიეროს ნუ გადაუხდით და მლანძღველს ლანძღვით ნუ უპასუხებთ“ (1 პეტრე 3:9).

  • აუხსენით შვილს, რომ სამაგიეროს გადახდაზე უარის თქმა მის სისუსტეზე არ მეტყველებს. პირიქით, ეს სიძლიერის ნიშანია, რადგან ის მჩაგვრელის ანკესზე არ წამოეგება. ამგვარად ისე დაამარცხებს ჩხუბისთავს, რომ თვითონ მისნაირი არ გახდება.

    თქვენმა შვილმა ეს რჩევა განსაკუთრებით მაშინ უნდა გაითვალისწინოს, თუ ის კიბერ-ბულინგის მსხვერპლია. თუ ინტერნეტში გაცხარებულ კამათში ჩაებმება, ის ამით მჩაგვრელს უბიძგებს, განაგრძოს მისი გაღიზიანება და დამცირება. თუ ასე მოიქცევა, შესაძლოა თავადაც დანაშაულის თანამონაწილედ ჩაითვალოს. ზოგჯერ იგნორირება საუკეთესო პასუხია. თუ თქვენი შვილი პასუხს არ გასცემს, მჩაგვრელი მიხვდება, რომ მისი მეთოდი არ ამართლებს და დიდი ალბათობით, შეწყვეტს დამამცირებელ და გამაღიზიანებელ ქმედებას.

    ბიბლიური პრინციპი: „შეშის გარეშე ცეცხლი ჩაქრება“ (იგავები 26:20).

  • ზოგ შემთხვევაში თქვენს ბიჭს შეუძლია თავი აარიდოს ისეთ ადამიანებს და ადგილებს, სადაც შეიძლება ბულინგის მსხვერპლი გახდეს. მაგალითად, როცა იცის, დაახლოებით სად შეიძლება გადაეყაროს ჩხუბისთავს, პრობლემას თავს აარიდებს, თუ დანიშნულების ადგილამდე სხვა გზით წავა.

    ბიბლიური პრინციპი: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება, გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს“ (იგავები 22:3).

შესაძლოა საჭირო გახდეს, თქვენი შვილის მასწავლებელთან ან თანაკლასელის მშობლებთან დალაპარაკება.

შეეცადეთ, ასე მოიქცეთ: დაეხმარეთ თქვენს შვილს, წინასწარ იფიქროს თავისი არჩევანის დადებით და უარყოფით მხარეებზე. მაგალითად:

  • რა შეიძლება მოხდეს, თუ ის ყურადღებას არ მიაქცევს მჩაგვრელს?

  • რა მოხდება, თუ ის მტკიცედ ეტყვის ჩხუბისთავს, რომ შეწყვიტოს მისი დამცირება?

  • რა იქნება შედეგი, თუ ის ბულინგის შესახებ სკოლის მასწავლებელს შეატყობინებს?

  • ხომ არ იქნება გამოსავალი იუმორის გრძნობა ან მეგობრული დამოკიდებულება დამნაშავის შესაჩერებლად?

მნიშვნელობა არ აქვს, სად გახდება თქვენი შვილი ბულინგის მსხვერპლი — პირისპირ თუ ინტერნეტში. ეცადეთ, მასთან ერთად ისეთი გამოსავალი იპოვოთ, რაც კონკრეტულ სიტუაციაში იქნება პრაქტიკული. აქ მოცემული რჩევების გამოყენებით, დაარწმუნეთ თქვენი შვილი თქვენს მხარდაჭერაში.

ბიბლიური პრინციპი: „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17).

^ აბზ. 3 მართალია ამ სტატიაში ბიჭებზეა საუბარი, მაგრამ აქ განხილული პრინციპები გოგონებთან მიმართებითაც პრაქტიკულია.