არჩეულ მასალაზე გადასვლა

როგორ გაჩნდა სიცოცხლე?

როგორ დაასრულებდით შემდეგ წინადადებას?

სიცოცხლე გაჩნდა …

  1. ევოლუციის გზით

  2. შემოქმედების გზით

ზოგის აზრით, ის, ვისაც მეცნიერებასთან აქვს შეხება, იტყოდა, რომ სიცოცხლე ევოლუციის გზით გაჩნდა, ხოლო რელიგიური ადამიანი იტყოდა, რომ სიცოცხლე შემოქმედების ნაყოფია.

თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის.

სინამდვილეში, ბევრი განათლებული ადამიანი, მათ შორის ბევრი მეცნიერი, ეჭვქვეშ აყენებს ევოლუციის თეორიის სანდოობას.

დავფიქრდეთ ენტომოლოგიის პროფესორის, ჯერარდის სიტყვებზე, რომელიც უნივერსიტეტში ევოლუციას სწავლობდა. ის ამბობს: „გამოცდებზე პროფესორებს მათთვის სასურველ პასუხებს ვცემდი, მაგრამ საერთოდ არ მჯეროდა იმის, რასაც მასწავლიდნენ“.

რატომ ხდება, რომ ზოგჯერ მათაც კი, ვისთვისაც მეცნიერება ავტორიტეტია, უჭირთ იმის დაჯერება, რომ სიცოცხლე ევოლუციის გზით გაჩნდა? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, დავფიქრდეთ ორ კითხვაზე, რომელიც ბევრ მკვლევარს საგონებელში აგდებს: 1) როგორ მიეცა სიცოცხლეს დასაბამი? 2) როგორ განვითარდნენ ცოცხალი ორგანიზმები?

როგორ მიეცა სიცოცხლეს დასაბამი?

რას ამბობს ზოგი. სიცოცხლე თავისით გაჩნდა უსიცოცხლო მატერიისგან.

რატომ არ აკმაყოფილებს ზოგს ეს პასუხი? მეცნიერებმა დღეს გაცილებით მეტი იციან ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე ქიმიურ პროცესებსა და მათ მოლეკულურ აგებულებაზე, ვიდრე ოდესმე; მაგრამ დანამდვილებით მაინც არ შეუძლიათ იმის თქმა, თუ რა არის საერთოდ სიცოცხლე. უსიცოცხლო მატერიასა და უმარტივეს ცოცხალ უჯრედს შორის უსაშველოდ დიდი უფსკრულია.

მეცნიერებს მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეუძლიათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა პირობები იყო დედამიწაზე მილიარდობით წლის წინათ. სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით მათ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მაგალითად, ზოგი ფიქრობს, რომ სიცოცხლე ვულკანში ან ოკეანის სიღრმეში გაჩნდა. სხვა თეორიის მიხედვით, სიცოცხლისთვის საჭირო მატერია თავდაპირველად კოსმოსში შეიქმნა და შემდეგ მეტეორების მეშვეობით მოხვდა დედამიწაზე. თუმცა არც ეს თეორია სცემს პასუხს კითხვაზე, როგორ გაჩნდა სიცოცხლე. იგი უბრალოდ იმაზე მიანიშნებს, რომ სიცოცხლეს სადღაც დედამიწის გარეთ მიეცა დასაბამი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ უნდა ეარსება მოლეკულებს, რომლებმაც განაპირობა დღეს ჩვენთვის კარგად ცნობილი გენეტიკური მასალის წარმოქმნა. მათი ვარაუდით თვითწარმოქმნის უნარის მქონე ეს მოლეკულები უსიცოცხლო მატერიისგან შემთხვევით გაჩნდნენ. მაგრამ მეცნიერებმა ასეთი მოლეკულების არსებობის ვერანაირ მტკიცებულებას ვერ მიაგნეს და ვერც ლაბორატორიაში შეძლეს თუნდაც ერთი მათგანის შექმნა.

ცოცხალ ორგანიზმებს ინფორმაციის შენახვისა და გადამუშავების უნიკალური უნარი გააჩნიათ. უჯრედებს გადააქვთ ინფორმაცია, შიფრავენ მას და მოქმედებენ გენეტიკურ კოდში ჩადებული ინსტრუქციების მიხედვით. ზოგი მეცნიერი გენეტიკურ კოდს კომპიუტერულ პროგრამას ადარებს, ხოლო უჯრედის ქიმიურ აგებულებას — კომპიუტერის კორპუსს. მაგრამ ევოლუცია ვერ ხსნის, თუ საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია გენეტიკურ კოდში.

უჯრედის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ცილის მოლეკულები. ცილის მოლეკულა შეიცავს გარკვეული თანმიმდევრობით დაჯგუფებულ ასობით ამინომჟავას. გარდა ამისა, ცილა გამოსადეგი რომ იყოს, ის უნდა ჩამოყალიბდეს უნიკალურ სამგანზომილებიან სტრუქტურად. ზოგი მკვლევრის დასკვნით, იმის ალბათობა, რომ თუნდაც ერთი ცილის მოლეკულა თავისით წარმოქმნილიყო, უკიდურესად დაბალია. ფიზიკოსი პოლ დეივისი წერს: „რადგანაც უჯრედის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ათასობით სხვადასხვა სახის ცილა, შეუძლებელია იმ აზრის დაშვება, რომ ის შემთხვევით გაჩნდა“.

დასკვნა. ფაქტობრივად, მეცნიერების ყველა დარგში ათეულობით წლის განმავლობაში წარმოებული კვლევების შემდეგ ყველა ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ სიცოცხლე სიცოცხლისგან წარმოიშვა.

როგორ განვითარდა ცოცხალი ორგანიზმები?

რას ამბობს ზოგი. პირველი ცოცხალი ორგანიზმი მუტაციისა და ბუნებრივი გადარჩევის შედეგად თანდათან გარდაიქმნა სხვადასხვა სახის ცოცხალ ორგანიზმად, მათ შორის, ადამიანის ორგანიზმად.

რატომ არ აკმაყოფილებს ზოგს ეს პასუხი? ზოგ უჯრედს საკმაოდ რთული აგებულება აქვს. ერთი ნაშრომის თანახმად, ის თუ როგორ განვითარდა შედარებით მარტივი უჯრედებიდან უფრო რთული უჯრედები, „ხშირად განიხილება, როგორც მეორე ევოლუციური საიდუმლო სიცოცხლის წარმოშობის შემდეგ“.

სწავლულებმა თითოეულ უჯრედში აღმოაჩინეს ცილის მოლეკულებისგან შემდგარი რთული მოლეკულური მექანიზმები, რომლებიც ერთმანეთთან თანამშრომლობენ და საკმაოდ რთულ პროცესებს ასრულებენ, მაგალითად ისეთებს, როგორიცაა: საკვები ნივთიერების გადატანა და მისი ენერგიად გარდაქმნა, უჯრედის ზოგიერთი ნაწილის აღდგენა და ინფორმაციის გადაცემა მთელ უჯრედში. განა შესაძლებელი იქნებოდა მუტაციისა და ბუნებრივი გადარჩევის გზით შეკრებილიყო და ამოქმედებულიყო ასეთი რთული და დახვეწილი კომპონენტები? ბევრს უჭირს ამ აზრის დაჯერება.

ცხოველებიც და ადამიანებიც განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან ვითარდებიან. ემბრიონში ხდება უჯრედების დაყოფა, თანდათანობით უჯრედები გადანაწილდება და სპეციალიზირდება ფუნქციების მიხედვით. იწყება ორგანოების ჩამოყალიბების პროცესი. ევოლუციონისტები ვერ ხსნიან, საიდან „იცის“ უჯრედმა, რომელ ორგანოდ გარდაიქმნას და ორგანიზმში რომელ ადგილას განლაგდეს.

მეცნიერები მიხვდნენ, რომ ერთი სახეობის ცხოველი სხვა სახეობის ცხოველად რომ გარდაიქმნას, უჯრედში მოლეკულურ დონეზე უნდა წარიმართოს ასეთი ცვლილებები. რადგან ერთი მეცნიერული ფაქტიც კი ვერ ამტკიცებს იმას, რომ ევოლუციით თუნდაც „უმარტივესი“ უჯრედის შექმნაა შესაძლებელი, განა დასაჯერებელია ის აზრი, რომ მუტაციისა და ბუნებრივი გადარჩევის გზით შეიქმნა სხვადასხვა სახეობის ცხოველი ჩვენს პლანეტაზე? ცხოველების აგებულებაზე დაკვირვების შედეგად ბიოქიმიის მეცნიერებათა პროფესორმა მაიკლ ბიჰიმ დაასკვნა, რომ „მათი საოცარი და წარმოუდგენლად რთული აგებულება ჩიხში აქცევს მეცნიერებს და ვერ გაუგიათ, როგორ შეიძლება, ამგვარ რთულ სტრუქტურაზე პასუხისმგებელი არაინტელექტუალური პროცესები ყოფილიყო“.

ადამიანს აქვს სინდისი და თვითშეფასების უნარი, შეუძლია ფიქრი და ლოგიკური მსჯელობა, ფლობს ისეთ თვისებებს, როგორიცაა, გულუხვობა და თავგანწირვა; მას შეუძლია სწორისა და არასწორის ერთმანეთისგან გარჩევა. მუტაცია და ბუნებრივი გადარჩევის თეორია ვერ ხსნის, საიდან აქვს ადამიანს ასეთი უნიკალური თვისებები.

დასკვნა. მაშინ როცა, ბევრს მტკიცედ სჯერა, რომ სიცოცხლეს დასაბამი ევოლუციამ მისცა, სხვებს არ აკმაყოფილებს სიცოცხლის წარმოშობასა და განვითარებასთან დაკავშირებული ეს თეორია.

პასუხი, რომელზეც ღირს დაფიქრება

ფაქტების განხილვის შემდეგ ბევრი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სიცოცხლე უმაღლესი ინტელექტის ნაყოფია. მაგალითად, ფილოსოფიის პროფესორი ანტონი ფლუ ერთ დროს ათეიზმს ქადაგებდა, მაგრამ როდესაც შეისწავლა სიცოცხლის უაღრესად რთული პროცესები და სამყაროში არსებული ფიზიკური კანონები, შეხედულება შეიცვალა. ძველ დროში მცხოვრები ფილოსოფოსების შეხედულებებზე მსჯელობისას, მან დაწერა: „ფაქტებს იქით უნდა წავყვეთ, საითაც წაგვიყვანს“. ფაქტებმა პროფესორი ფლუ შემოქმედის არსებობამდე მიიყვანა.

შესავალ სტატიაში მოხსენიებული ჯერარდიც ანალოგიურ დასკვნამდე მივიდა. დიდი ცოდნისა და მეცნიერული მიღწევების მიუხედავად, მან აღნიშნა: „ვერსად ვნახე იმის მტკიცებულება, რომ სიცოცხლე შემთხვევით გაჩნდა უსიცოცხლო მატერიისგან. ცოცხალი ორგანიზმების ურთულესმა და მოწესრიგებულმა აგებულებამ დამარწმუნა, რომ უნდა ეარსება ამ ყველაფრის შემოქმედსა და ორგანიზატორს“.

მხატვრის ტილოზე დაკვირვება გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ავტორზე. გარე სამყაროზე დაკვირვებით ჯერარდს ღვთის თვისებებზე შეექმნა წარმოდგენა. მან დრო იმისთვისაც გამოყო, რომ გადაეშალა ბიბლია — წიგნი, რომლის ავტორიც შემოქმედია (2 ტიმოთე 3:16). ამ წიგნში მან დამაკმაყოფილებელი პასუხები იპოვა ადამიანის წარმოშობაზე და იმაზე, თუ როგორ გადავჭრათ პრაქტიკულად დღეს არსებული ყოფითი პრობლემები. ის იმაშიც დარწმუნდა, რომ ბიბლიაც უმაღლესი ინტელექტის ნაყოფია.

ჯერარდმა დაინახა, რომ ღირს ბიბლიურ პასუხებზე დაფიქრება. კარგი იქნება, თუ ამაზე თქვენც დაფიქრდებით.