წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

უნახავს ვინმეს ოდესმე ღმერთი?

უნახავს ვინმეს ოდესმე ღმერთი?

ბიბლია გვპასუხობს:

პირდაპირი გაგებით ადამიანთაგან არავის არასდროს უხილავს ღმერთი (გამოსვლა 33:20; იოანე 1:18; 1 იოანე 4:12). ბიბლიის თანახმად, „ღმერთი სულია“ და ამიტომ ადამიანის თვალისთვის უხილავია (იოანე 4:24; 1 ტიმოთე 1:17).

ანგელოზებს შეუძლიათ ღვთის დანახვა, რადგან ისინი სულიერი ქმნილებები არიან (მათე 18:10). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ზოგი ადამიანიც იხილავს ღმერთს; ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სიკვდილის შემდეგ ზეცაში სულიერი სხეულს იღებენ (ფილიპელები 3:20, 21; 1 იოანე 3:2).

რა გაგებით შეგვიძლია დღეს „დავინახოთ“ ღმერთი?

ბიბლიაში ხშირად სიტყვა „დანახვას“ გადატანითი მნიშვნელობა აქვს და რაღაცის გაგებაზე ან აღქმაზე მიუთითებს (ესაია 6:10; იერემია 5:21; იოანე 9:39—41). აქედან გამომდინარე, ადამიანს დღესაც შეუძლია ღვთის დანახვა „გულის თვალებით“. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს რწმენა ეხმარება, გაიცნოს ღმერთი და გაიგოს, როგორი თვისებები აქვს მას (ეფესოელები 1:18). ბიბლიიდან ვიგებთ, როგორ შეგვიძლია განვივითაროთ ასეთი რწმენა.

  • თუ მეტს გაიგებთ იმის შესახებ, როგორ ავლენს ღმერთი ისეთ თვისებებს, როგორიცაა სიყვარული, სიკეთე, სიბრძნე და ძლიერება, რომლებიც შემოქმედებიდანაც კარგად ჩანს, შეძლებთ დაუახლოვდეთ მას (რომაელები 1:20). როცა ღმერთმა ერთგული მსახური იობი თავის დიდებულ საქმეებზე დააფიქრა, მას ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ღმერთი მის თვალწინ იდგა (იობი 42:5).

  • თუ კარგად გაეცნობით ბიბლიას, უფრო დაუახლოვდებით მის ავტორს. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს: „თუ ძებნას დაუწყებ მას [ღმერთს], თავს გაპოვნინებს“ (1 მატიანე 28:9; ფსალმუნი 119:2; იოანე 17:3).

  • თუ ღვთის ძის, იესოს ცხოვრებას დაუკვირდებით, კარგად დაინახავთ, თუ როგორია ღმერთი, რადგან ის სრულყოფილად ირეკლავდა თავისი მამის, იეჰოვა ღმერთის თვისებებს. იესომ ასეთი სიტყვებიც კი თქვა: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოანე 14:9).

  • თუ ღვთისმოსაწონად იცხოვრებთ, ღმერთი გზასავალს გაგისწორებთ და სიკეთეს არ მოგაკლებთ. იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან სუფთა გულისანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ“. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ზოგი ადამიანი, რომელიც ღვთის ნებას ასრულებს, ზეცაში აღდგება და საკუთარი თვალით „იხილავს ღმერთს“ (მათე 5:8; ფსალმუნი 11:7).

მოსემ, აბრაამმა და ღვთის სხვა მსახურებმა ხომ იხილეს ღმერთი?!

ზოგიერთი ბიბლიური მუხლის წაკითხვის შემდეგ შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნათ, რომ ღვთის ბევრმა მსახურმა პირდაპირი გაგებით იხილა ღმერთი, მაგრამ თუ ამ მუხლების კონტექსტს დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ ამ ადამიანებს ღვთის წარგზავნილი ანგელოზები ეცხადებოდნენ ან ისინი ხილვას ხედავდნენ.

ანგელოზები.

ძველად, როდესაც ღმერთს სურდა, რაიმე ცნობა გადაეცა ადამიანებისთვის, თავის ანგელოზებს გზავნიდა მათთან, რათა მისი სახელით ელაპარაკათ (ფსალმუნი 103:20). მაგალითად, ერთხელ მოსეს ღვთის ხმა ალმოდებული ბუჩქის შუაგულიდან მოესმა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „სახე დაიფარა მოსემ, რადგან ეშინოდა, არ დაენახა ჭეშმარიტი ღმერთი“ (გამოსვლა 3:4, 6). მოსეს პირდაპირი გაგებით არ უხილავს ღმერთი, რადგან კონტექსტიდან ჩანს, რომ მას „იეჰოვას ანგელოზი“ ელაპარაკებოდა (გამოსვლა 3:2).

ზემოხსენებულის მსგავსად, არც ის ბიბლიური მუხლი უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით, სადაც წერია: „ელაპარაკებოდა იეჰოვა მოსეს პირისპირ“; ეს სიტყვები ღმერთსა და მოსეს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობაზე მიუთითებს (გამოსვლა 4:10, 11; 33:11). სინამდვილეში მოსეს არც ამჯერად უხილავს ღვთის სახე, რადგან ის ღვთისგან ცნობას „ანგელოზების მეშვეობით“ იღებდა (გალატელები 3:19; საქმეები 7:53). მიუხედავად ამისა, მოსეზე მაინც შეიძლება ითქვას, რომ „თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია“, რადგან ის დიდი რწმენით გამოირჩეოდა (ებრაელები 11:27).

ღმერთი აბრაამსაც ანგელოზების მეშვეობით ესაუბრებოდა. ბიბლიის კითხვის დროს ერთი შეხედვით შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩეთ, რომ აბრაამმა პირდაპირი გაგებით იხილა ღმერთი (დაბადება 18:1, 33). თუმცა ამ შემთხვევაშიც კონტექსტი ნათელს ჰფენს იმას, რომ „სამი მამაკაცი“, რომლებიც აბრაამმა იხილა, ღვთის წარგზავნილი ანგელოზები იყვნენ. აბრაამი მიხვდა, რომ ისინი ღვთის მიერ იყვნენ გამოგზავნილები და ამიტომ ისე მიმართა მათ, თითქოს პირადად იეჰოვას ესაუბრებოდა (დაბადება 18:2, 3, 22, 32; 19:1).

ხილვები.

ღმერთი ადამიანებს აგრეთვე ეცხადებოდა ხილვებში — სხვადასხვა სცენებს წარმოუსახავდა გონებაში და თავის დიდებას აჩვენებდა. მაგალითად, პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები, რომ მოსემ და სხვა ისრაელებმა „დაინახეს ისრაელის ღმერთი“, რადგან შემდეგ მუხლებში ვკითხულობთ: „იხილეს მათ ხილვაში ჭეშმარიტი ღმერთი“ (გამოსვლა 24:9—11). მსგავსად ამისა, როგორც ბიბლიიდან ვხედავთ, ზოგი წინასწარმეტყველიც ამბობდა: „ვიხილე იეჰოვა“ (ესაია 6:1; დანიელი 7:9; ამოსი 9:1). თითოეულ შემთხვევაში კონტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ მათ პირდაპირი მნიშვნელობით კი არ იხილეს ღმერთი, არამედ მისგან ხილვებს ხედავდნენ (ესაია 1:1; დანიელი 7:2; ამოსი 1:1).

გაიგეთ მეტი

ჭეშმარიტება ღვთის შესახებ

შენი აზრით, პირადად შენზე ზრუნავს ღმერთი? გაეცანი მის პიროვნებას და გაიგე, როგორ შეგიძლია დაუახლოვდე მას.

შემოქმედება ცოცხალი ღვთის არსებობას გვამცნობს

გაიგეთ, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს, ირწმუნონ ჭეშმარიტება შემოქმედის შესახებ და ამავე დროს თავადაც გავიძლიეროთ მისადმი რწმენა.

ხილვებში ნანახი უხილავი სულიერი სამყარო

რას გვიმჟღავნებს წმინდა წერილები იეჰოვა ღმერთზე, იესო ქრისტესა და ერთგულ ანგელოზებზე?