არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

უნდა იცავდნენ ქრისტიანები შაბათს?

უნდა იცავდნენ ქრისტიანები შაბათს?

ბიბლია გვპასუხობს:

ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ ყოველკვირეულად შაბათის დაცვა. ისინი „ქრისტეს კანონს“ ექვემდებარებიან, რომელიც არ ითვალისწინებს შაბათის დაცვას (გალატელები 6:2; კოლოსელები 2:16, 17). რის საფუძველზე შეიძლება ამის თქმა? თავდაპირველად განვიხილოთ, საიდან იღებს სათავეს შაბათის დაცვის ჩვეულება.

რა არის შაბათი?

„შაბათი“ ებრაული სიტყვაა და ნიშნავს „დასვენებას, შეჩერებას“. ამის შესახებ ბიბლიაში პირველად მაშინ არის ნახსენები, როცა ღმერთმა ისრაელ ერს მითითებები და მცნებები მისცა (გამოსვლა 16:23). მაგალითად, ათი მცნებიდან მეოთხეში ნათქვამია: „გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმინდა ჰყო იგი, იმუშავე და ექვს დღეს აკეთე შენი საქმეები; მეშვიდე დღე კი შენი ღვთის, იეჰოვას შაბათია. არანაირი საქმე არ გააკეთო“ (გამოსვლა 20:8—10). შაბათი იწყებოდა პარასკევს, მზის ჩასვლის შემდეგ და გრძელდებოდა შაბათს, მზის ჩასვლამდე. ამ დროის განმავლობაში ისრაელებს არ უნდა დაეტოვებინათ თავიანთი ადგილი, არ უნდა დაენთოთ ცეცხლი, არ უნდა შეეგროვებინათ შეშა და არ უნდა ეტარებინათ ტვირთი (გამოსვლა 16:29; 35:3; რიცხვები 15:32—36; იერემია 17:21). ის, ვინც შაბათს დაარღვევდა, სიკვდილით უნდა დასჯილიყო (გამოსვლა 31:15).

იუდაურ კალენდარში შაბათი სხვა დღეებსაც ეწოდებოდა, აგრეთვე მე-7 და 50-ე წელსაც. „შაბათის წელს“ ისრაელებს არ უნდა დაემუშავებინათ მიწა და არ უნდა დაეძალებინათ მოძმისთვის ვალის გადახდა (ლევიანები 16:29—31; 23:6, 7, 32; 25:4, 11—14; კანონი 15:1—3).

იესოს მსხვერპლმა შაბათის კანონი გააუქმა

რატომ არ მოეთხოვებათ ქრისტიანებს შაბათის კანონის დაცვა?

შაბათის კანონი მხოლოდ იმ ხალხზე ვრცელდებოდა, ვინც მოსეს კანონს ემორჩილებოდა (კანონი 5:2, 3; ეზეკიელი 20:10—12). ღმერთს სხვა ხალხისგან არასდროს მოუთხოვია, დაეცვა შაბათი და დაესვენა ამ დღეს ყველანაირი საქმისგან. ისიც აღსანიშნავია, რომ იესო ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის საფუძველზე თავად იუდეველებიც კი გათავისუფლდნენ ამ კანონისგან, მათ შორის ათი მცნებისგან, რომელიც ღმერთმა მისცათ (რომაელები 7:6, 7; 10:4; გალატელები 3:24, 25; ეფესოელები 2:15). ქრისტიანები ამ კანონს კი არ უნდა მიჰყვნენ, არამედ „სიყვარულის კანონს“, რომელიც ყველა სხვა დანარჩენს აღემატება (რომაელები 13:9, 10; ებრაელები 8:13).

გავრცელებული მცდარი შეხედულებები შაბათზე

მცდარი შეხედულება: ღმერთმა მაშინ დააწესა შაბათი, როცა მეშვიდე დღეს დაისვენა.

სინამდვილე: ბიბლიაში წერია: „აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისგან, რასაც ქმნიდა ღმერთი და აკეთებდა“ (დაბადება 2:3, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ამ მუხლში იმაზე კი არ მიდის საუბარი, რომ ღმერთმა კანონი მისცა ადამიანს, არამედ იმაზე, თუ როგორ მოიქცა ღმერთი მეშვიდე შემოქმედებით დღეს. ბიბლიაში არ არის ნახსენები, რომ ვინმე შაბათს იცავდა იმ დრომდე, სანამ მოსეს მეშვეობით ღმერთმა ისრაელს კანონი მისცა.

მცდარი შეხედულება: ისრაელებს მანამდეც მოეთხოვებოდათ შაბათის კანონის დაცვა, ვიდრე ღმერთი მათ მოსეს მეშვეობით კანონს მისცემდა.

სინამდვილე: მოსემ ისრაელებს უთხრა: „იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა, შეთანხმება დაგვიდო ხორებთან (სინას მთის ირგვლივ მდებარე რეგიონი)“. ამ შეთანხმებაში შაბათის კანონიც შედიოდა (კანონი 5:2, 12). ის, რომ შაბათის კანონი ისრაელებისთვის ახალი იყო, ამაზე ბევრი რამ მოწმობს. მაგალითად, თუ ისრაელები ოდითგანვე, ეგვიპტეში ყოფნის დროსაც კი იცავდნენ შაბათის კანონს, მაშინ როგორ შეახსენებდა მოგვიანებით ეს დღე მათ იმას, რომ ღმერთმა ისინი ეგვიპტის მონობისგან დაიხსნა? (კანონი 5:15). ან რატომ დასჭირდა მოსეს მათთვის იმის თქმა, რომ მეშვიდე დღეს მანანა არ უნდა შეეგროვებინათ? (გამოსვლა 16:25—30). ან რატომ არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ მაშინ, როცა ისრაელში პირველად დაირღვა შაბათი? (რიცხვები 15:32—36).

მცდარი შეხედულება: შაბათი მარადიული შეთანხმებაა და ამიტომ დღემდე მოგვეთხოვება მისი დაცვა.

სინამდვილე: ბიბლიის ზოგ თარგმანში შაბათზე ნათქვამია, რომ სამარადისო აღთქმა ანუ მარადიული შეთანხმებაა (გამოსვლა 31:16, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). მაგრამ საინტერესოა, რომ ებრაული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია, როგორც „სამარადისო“ ან „მარადიული“, შესაძლოა აგრეთვე მიუთითებდეს პერიოდზე, რომელიც განუსაზღვრელი დროით გრძელდება და აუცილებელი არ არის, რომ ეს უსასრულობას გულისხმობდეს. მაგალითად, ბიბლიაში იგივე სიტყვაა გამოყენებული ისრაელში მღვდელმსახურებასთან მიმართებითაც, რაც ღმერთმა დაახლოებით 2 000 წლის წინ გააუქმა (გამოსვლა 40:15; ებრაელები 7:11, 12).

მცდარი შეხედულება: ქრისტე იცავდა შაბათს, ამიტომ ქრისტიანებმაც უნდა დაიცვან.

სინამდვილე: იესო შაბათს იმიტომ იცავდა, რომ ის იუდეველი და დაბადებიდან მოსეს კანონს დაქვემდებარებული იყო (გალატელები 4:4). იესოს სიკვდილის შემდეგ კანონის შეთანხმება, მათ შორის შაბათის კანონი, გაუქმდა (კოლოსელები 2:13, 14).

მცდარი შეხედულება: პავლე მოციქული, რომელიც ქრისტიანი იყო, იცავდა შაბათს.

სინამდვილე: პავლე შაბათობით სინაგოგაში შედიოდა ხოლმე, მაგრამ არა იმიტომ, რომ იუდეველთა ტრადიციები დაეცვა (საქმეები 13:14; 17:1—3; 18:4). სინამდვილეში იმ დროს არსებული ჩვეულების თანახმად, ის სასიხარულო ცნობას ქადაგებდა სინაგოგებში, რაც შეიძლება იმას ჰგავდეს, რომ ღვთის თაყვანსაცემად შეკრებილებს ვინმე ეწვიოს და მათ წინაშე სიტყვით გამოვიდეს (საქმეები 13:15, 32). პავლე ყოველდღე ქადაგებდა და არა მხოლოდ შაბათს (საქმეები 17:17).

მცდარი შეხედულება: ქრისტიანები „შაბათს“ კვირა დღეს უნდა იცავდნენ.

სინამდვილე: ბიბლიაში არანაირი მითითება არ არის მოცემული, რომ ქრისტიანებმა კვირა დღე უნდა გამოყონ დასვენებისა და თაყვანისცემისთვის. პირველი ქრისტიანებისთვის კვირა დღე სხვა დღეების მსგავსად ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. ერთ-ერთ ბიბლიურ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „კვირა დღეს შაბათის დაცვასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებების გამოყენება მეოთხე საუკუნიდან დაიწყეს, მას შემდეგ, რაც კონსტანტინემ (წარმართი რომაელი იმპერატორი) კვირაობით გარკვეული სახის საქმეების კეთება აკრძალა“ (The International Standard Bible Encyclopedia). *

მაგრამ რის თქმა შეიძლება ბიბლიის იმ მონაკვეთებზე, რომლის წაკითხვის დროსაც ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ კვირა განსაკუთრებული დღე იყო? ბიბლიაში წერია, რომ პავლე მოციქული თანამორწმუნეებთან ერთად საჭმელად შეიკრიბა „კვირის პირველ დღეს“ ანუ კვირას. მაგრამ ამ სიტყვების კითხვის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამას ლოგიკური ახსნა მოეძებნება, რადგან პავლე მომდევნო დღეს წასვლას აპირებდა იქიდან, სადაც იმყოფებოდა (საქმეები 20:7). აღსანიშნავია, რომ პირველ საუკუნეში ზოგ კრებას მიეცა მითითება, სხვების დასახმარებლად თანხა „კვირის პირველ დღეს“ გადაედოთ, მაგრამ ეს მითითება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მიეცათ, რომ ასე მოქცევა პრაქტიკული იყო. თანაც არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ შესაწირავები მათ სახლში უნდა შეენახათ; მათ არ მოეთხოვებოდათ, რომ ის იმ ადგილას მიეტანათ, სადაც შეხვედრები იმართებოდა (1 კორინთელები 16:1, 2).

მცდარი შეხედულება: არასწორია, თუ ვინმეს ყოველკვირეულად ერთი კონკრეტული დღე აქვს გამოყოფილი დასვენებისა და თაყვანისცემისთვის.

სინამდვილე: ბიბლიის თანახმად, ეს თითოეული ქრისტიანის პირადი არჩევანია (რომაელები 14:5).

^ აბზ. 21 აგრეთვე იხილეთ „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“, მეორე გამოცემა, მე-13 ტომი, გვ. 608 (ინგლ.).