არჩეულ მასალაზე გადასვლა

რას ამბობს ბიბლია საკუთარი თავის სიყვარულზე?

ბიბლია გვპასუხობს:

არაფერია ცუდი იმაში, თუ ზომიერად გვეყვარება საკუთარი თავი; ეს აუცილებელიც კია. ასეთ სიყვარულში შედის საკუთარ თავზე გაწონასწორებულად ზრუნვა, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა და ღირსების გრძნობის ქონა (მათე 10:31). ბიბლია მოგვიწოდებს, რომ არ ვიყოთ პატივმოყვარენი და საკუთარ თავზე გაწონასწორებული შეხედულება გვქონდეს.

ვინ უნდა გვიყვარდეს ყველაზე მეტად?

  1. უპირველესად ღმერთი უნდა გვიყვარდეს მთელი გულით. ბიბლიის თანახმად, უდიდესი მცნებაა: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით“ (მარკოზი 12:28—30; კანონი 6:5).

  2. მეორე უდიდესი მცნებაა: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მარკოზი 12:31; ლევიანები 19:18).

  3. ბიბლია პირდაპირ არ საუბრობს საკუთარი თავის სიყვარულზე. მაგრამ მითითებიდან „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ ვხედავთ, რომ სავსებით ნორმალურია და საჭიროც კი, თუ ზომიერად გვექნება თავმოყვარეობა და ღირსების გრძნობა.

ვინ უყვარდა იესოს ყველაზე მეტად?

იესომ საკუთარი მაგალითით გვიჩვენა, როგორ გავაწონასწოროთ ღვთის, მოყვასისა და საკუთარი თავის სიყვარული და მოგვიწოდა, მის მაგალითს მივყვეთ (იოანე 13:34, 35).

  1. იესოს ყველაზე მეტად იეჰოვა ღმერთი უყვარდა და საკუთარი თავი მისი ნების შესრულებას მიუძღვნა. მან ასეთი სიტყვები თქვა: „იმისათვის, რომ ქვეყნიერებამ იცოდეს, რომ მამა მიყვარს, რაც მამამ დამიდო მცნებად, იმას ვაკეთებ“ (იოანე 14:31).

  2. იესოს უყვარდა მოყვასი და ეს იმით ცხადყო, რომ სხვების საჭიროებებზე ზრუნავდა. მან სიცოცხლეც კი გაიღო ადამიანებისთვის (მათე 20:28).

  3. იესოს ზომიერად უყვარდა საკუთარი თავი. ეს იქიდან გამოჩნდა, რომ იგი დროს გამოყოფდა დასვენებისთვის, საკვების მიღებისთვის და თავის მოწაფეებსა თუ სხვებთან ურთიერთობისთვის (მარკოზი 6:31, 32; ლუკა 5:29; იოანე 2:1, 2; 12:2).

ნაკლებად ბედნიერი იქნები ან შეგელახება ღირსების გრძნობა, თუ სხვები საკუთარ თავზე მეტად გეყვარება?

რა თქმა უნდა, არა! ჩვენ ღვთის ანარეკლად ვართ შექმნილი, რომლის უმთავრესი თვისებაც უანგარო სიყვარულია (დაბადება 1:27; 1 იოანე 4:8). ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია სხვების მიმართ სიყვარული გამოვავლინოთ. მართალია, საკუთარი თავი უნდა გვიყვარდეს, მაგრამ ყველაზე მეტად ბედნიერები მაშინ ვართ, როცა უპირველესად ღმერთი გვიყვარს და ვცდილობთ, სხვებს სიკეთე გავუკეთოთ. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).

დღეს ბევრს მიაჩნია, რომ თუ გინდა, ბედნიერი იყო, ყველაზე მეტად საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს. ასეთი ადამიანებისთვის მოყვასის სიყვარულზე მაღლა საკუთარი თავის სიყვარული დგას. დღეს ბევრი შემთხვევა ცხადყოფს, რომ უფრო ბედნიერები და ჯანმრთელები ის ადამიანები არიან, რომლებიც ითვალისწინებენ ბიბლიის ბრძნულ რჩევას: „თითოეულმა ის კი არ ეძებოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორინთელები 10:24).