წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

აქვს ბიბლიაში მოყვანილ რიცხვებს სიმბოლური მნიშვნელობა? ეწინააღმდეგება ნუმეროლოგია ბიბლიას?

აქვს ბიბლიაში მოყვანილ რიცხვებს სიმბოლური მნიშვნელობა? ეწინააღმდეგება ნუმეროლოგია ბიბლიას?

ბიბლია გვპასუხობს:

რიცხვები ბიბლიაში ხშირად პირდაპირი მნიშვნელობითაა მოყვანილი, მაგრამ ხანდახან მათ სიმბოლური მნიშვნელობაც აქვთ. როგორც წესი, კონტექსტიდან ვიგებთ, ესა თუ ის რიცხვი პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ თუ გადატანითი მნიშვნელობით. მოდი, ვნახოთ რამდენიმე შემთხვევა, როცა ბიბლიაში მოყვანილ რიცხვებს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

  • ზოგჯერ რიცხვი 1 ერთიანობაზე მიუთითებს. მაგალითად, იესო თავის მიმდევრებზე ღმერთს ლოცვაში შესთხოვდა: „ყველანი ერთნი იყვნენ, როგორც შენ, მამა, ჩემთან ხარ ერთობაში, მე კი — შენთან“ (იოანე 17:21; მათე 19:6).

  • საქმის სამართლებრივი წესით განხილვის დროს 2 მოწმის ჩვენება იყო საჭირო (კანონი 17:6). მსგავსადვე, როდესაც ბიბლიაში მეორდება ერთი და იგივე ხილვა ან აზრი, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ის სარწმუნო და ჭეშმარიტია. მაგალითად, როდესაც იოსებმა ეგვიპტის ფარაონს აუხსნა სიზმარი, დასძინა: „ორჯერ რომ გაუმეორდა სიზმარი ფარაონს, ეს იმას ნიშნავს, რომ მტკიცედ არის გადაწყვეტილი ეს საქმე; ჭეშმარიტი ღმერთი მალე გააკეთებს ამას“ (დაბადება 41:32). დანიელის წინასწარმეტყველებაში მოცემული „ორი რქით“ წარმოდგენილია მიდია-სპარსეთის იმპერია, ორი პოლიტიკური ძალის თანამმართველობა (დანიელი 8:20, 21; გამოცხადება 13:11).

  • როგორც სიმართლის გამოსავლენად იყო საჭირო 3 მოწმის ჩვენება, ისე რაღაცის 3-ჯერ გამეორება ხაზს უსვამდა რაიმეს უტყუარობას (ეზეკიელი 21:27; საქმეები 10:9—16; გამოცხადება 4:8; 8:13).

  • რიცხვი 4 ყოვლისმომცველობის სიმბოლოა, რაც კარგად ჩანს შემდეგი ბიბლიური ციტატიდან: „დედამიწის ოთხივე კიდიდან“ (გამოცხადება 7:1; 21:16; ესაია 11:12).

  • რადგან რიცხვი 6 შვიდზე ერთით ნაკლებია, ხოლო შვიდი სისრულის სიმბოლოა, 6-ს საპირისპირო მნიშვნელობა აქვს — ის არასრულყოფილებისა და ნაკლოვანების სიმბოლოა. გარდა ამისა, ეს რიცხვი ღვთის მტრებთან დაკავშირებითაც გამოიყენება (1 მატიანე 20:6; დანიელი 3:1; გამოცხადება 13:18).

  • რიცხვი 7 ხშირად სისრულის სიმბოლოდ გამოიყენება. მაგალითად, ღმერთმა ისრაელებს დაავალა, რომ 7 დღის განმავლობაში ევლოთ იერიხონის გალავნის ირგვლივ, ხოლო მეშვიდე დღეს შვიდჯერ შემოევლოთ მისი გალავნისთვის (იესო ნავეს ძე 6:15). ბიბლიაში ბევრი შემთხვევაა, სადაც რიცხვი 7  სისრულის სიმბოლოდ გამოიყენება (ლევიანები 4:6; 25:8; 26:18; ფსალმუნი 119:164; გამოცხადება 1:20; 13:1; 17:10). როცა იესომ პეტრეს უთხრა, რომ თავისი ძმისთვის „შვიდჯერ კი არა, სამოცდაჩვიდმეტჯერ“ ეპატიებინა, ამ ციფრის ორჯერ გამეორებით იმას გაუსვა ხაზი, რომ ყოველ ჯერზე ანუ უსასრულოდ უნდა ეპატიებინა (მათე 18:21, 22).

  • რიცხვი 10 სისავსის, მთლიანობისა და ერთობლიობის სიმბოლოა (გამოსვლა 34:28; ლუკა 19:13; გამოცხადება 2:10).

  • რიცხვი 12, როგორც ჩანს, ღვთის სრულყოფილ მმართველობას უკავშირდება. მაგალითად, მოციქულმა იოანემ იხილა ქალაქი, რომლის გალავანს „საძირკვლად ჰქონდა თორმეტი ქვა ... თორმეტი მოციქულის თორმეტი სახელით“ (გამოცხადება 21:14; დაბადება 49:28). ამ მუხლში რიცხვი 12 მეორდება, რაც ხაზს უსვამს ღვთის სრულყოფილ მმართველობას (გამოცხადება 4:4; 7:4—8).

  • ბიბლიაში რიცხვი 40 ხშირად ღვთის მიერ გამოტანილ განაჩენთან მიმართებით გამოიყენება (დაბადება 7:4; ეზეკიელი 29:11, 12).

ნუმეროლოგია და გემატრია

მართალია, ზოგიერთ რიცხვს ბიბლიაში სიმბოლური დატვირთვა აქვს, მაგრამ ამას საერთო არაფერი აქვს ნუმეროლოგიასთან. ამ ასტროლოგიური მეცნიერების თანახმად, რიცხვებს აქვთ მაგიური მნიშვნელობა; ნუმეროლოგების აზრით, ციფრთა სხვადასხვა კომბინაციისა თუ ჯამის მიღმა სხვადასხვა სახის ინფორმაციაა დაშიფრული. მაგალითად, იუდეველი კაბალისტები ცდილობენ, ებრაული წერილები გემატრიის (ასოებისთვის რიცხვითი მნიშვნელობის მინიჭება და ამგვარად მომავლის წინასწარმეტყველება) მეშვეობით ახსნან, თუ რა ფარული მნიშვნელობაა ჩადებული ასოების შესაბამის რიცხვებში. ნუმეროლოგია მკითხაობის ერთ-ერთი ფორმა, რასაც ღმერთი გმობს (კანონი 18:10—12).