წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რა არის პატიება?

რა არის პატიება?

ბიბლია გვპასუხობს:

პატიება არის დამნაშავისთვის დანაშაულის მიტევება. ბიბლიაში „პატიებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა სიტყვასიტყვით ნიშნავს „გაშვებას“, „თავის დანებებას“; ეს შეიძლება გულისხმობდეს, მაგალითად, მევალისთვის ვალის პატიებას. იესომ ეს შედარება მაშინ გამოიყენა, როცა თავის მიმდევრებს ასწავლა, როგორ უნდა ელოცათ: „გვაპატიე ცოდვები, რადგან ჩვენც ვპატიობთ ყველა ჩვენს მოვალეს“ (ლუკა 11:4). მსგავსად, იესომ თავის იგავში, რომელიც უმოწყალო მონას ეხება, პატიება ვალის გაუქმებასთან გააიგივა (მათე 18:23—35).

ჩვენ ვპატიობთ სხვებს, როცა წყენას ვივიწყებთ, მიყენებული ზარალის გამო ბოღმას არ ვიდებთ გულში და არც ზარალის ანაზღაურებას მოვითხოვთ მწყენინებლისგან. ბიბლია გვასწავლის, რომ ნამდვილ პატიებას საფუძვლად უანგარო სიყვარული უნდა ედოს, რადგან ასეთი სიყვარული „განაწყენებას არ ითვლის“ (1 კორინთელები 13:4, 5).

პატიება არ ნიშნავს ...

  • დანაშაულის შეწყნარებას. ბიბლია სინამდვილეში განსჯის მათ, ვინც ამტკიცებს, რომ არასწორი საქციელი უწყინარი ან მისაღებია (ესაია 5:20).

  • სხვისთვის თავის ისე მოჩვენებას, თითქოს არაფერი მომხდარა. ღმერთმა მეფე დავითს სერიოზული ცოდვები აპატია, მაგრამ არასწორი საქციელის შედეგებისგან არ დაუცვია. ღვთის ნებით, მის სიტყვაშიც კი ჩაიწერა იმის შესახებ, თუ რა ცოდვები ჩაიდინა დავითმა (2 სამუელი 12:9—13).

  • უფლება მისცე სხვებს, ბოროტად ისარგებლონ შენი გულმოწყალებით. დავუშვათ, ვინმეს ფული ასესხე, მაგრამ მან გაფლანგა ეს თანხა და ვეღარ დაგიბრუნა. ის ძალიან წუხს ამაზე და ბოდიშს გიხდის. შენ შეიძლება აპატიო მას და გულში წყენა არ ჩაიდო მის მიმართ, არც გაუთავებლად შეახსენო ამ ვალის შესახებ და საბოლოოდ აღარც კი მოსთხოვო ვალის დაბრუნება. მაგრამ შენ შეიძლება მეტად აღარასდროს ასესხო მას ფული (ფსალმუნი 37:21; იგავები 14:15; 22:3; გალატელები 6:7).

  • აპატიო, როცა ამისთვის არ არსებობს საფუძვლიანი მიზეზი. ღმერთი არ პატიობს მათ, ვინც განზრახ სჩადის დანაშაულს, ბოროტი განზრახვით სცოდავს და არ სურს თავისი შეცდომების აღიარება, გამოსწორება და მათთვის ბოდიშის მოხდა, ვისაც ტკივილი მიაყენა (იგავები 28:13; საქმეები 26:20; ებრაელები 10:26). ასეთი მოუნანიებელი შემცოდველები ღვთის მტრები ხდებიან. ამიტომ ღმერთი არ მოითხოვს ჩვენგან, რომ ვაპატიოთ მათ, ვისაც თავად არ პატიობს (ფსალმუნი 139:21, 22).

    რა შეიძლება ითქვას, თუ სასტიკად მოგექცა ვინმე და არც კი ცდილობს, მოგიბოდიშოს ან აღიაროს თავისი დანაშაული? ბიბლია გვირჩევს: „მოეშვი რისხვას და მიატოვე ბრაზი“ (ფსალმუნი 37:8). მართალია, ამ დროს თვალი არ უნდა დახუჭო არასწორ საქციელზე, მაგრამ არც რისხვით უნდა აენთო მწყენინებლის მიმართ. დარწმუნებული იყავი, რომ ღმერთი თავის დროზე პასუხს მოსთხოვს მას (ებრაელები 10:30, 31). შენ აგრეთვე შეგიძლია თავი ინუგეშო იმით, რომ ღვთის დაპირებისამებრ, დადგება დრო, როცა მეტად აღარავინ მოგვაყენებს ტკივილს, რაც დღეს შეიძლება რთული სატარებელი ტვირთი იყოს (ესაია 65:17; გამოცხადება 21:4).

  • „აპატიო“ მაშინ, როცა გგონია, რომ შეურაცხყოფა მოგაყენეს. ზოგჯერ შეიძლება გგონია, რომ შეურაცხყოფა მოგაყენეს და უნდა აპატიო მწყენინებელს; მაგრამ ამ დროს კარგია, გულწრფელად დაფიქრდე, გქონდა თუ არა სინამდვილეში განაწყენების მიზეზი. ბიბლიაში ნათქვამია: „ნუ იჩქარის შენი სული განაწყენებას, რადგან განაწყენება სულელთა უბეში ბუდობს“ (ეკლესიასტე 7:9).

როგორ ვაპატიოთ სხვებს

  1. გახსოვდეს, რას ნიშნავს ნამდვილი პატიება. შენ არ ხუჭავ თვალს არასწორ საქციელზე და ისე არ იქცევი, თითქოს არაფერი მომხდარა; უბრალოდ „თავს ანებებ“ მწყენინებელს ანუ ივიწყებ წყენას.

  2. დაფიქრდი, რატომ არის კარგი პატიება. როდესაც გულში წყენას არ იდებ, სიმშვიდეს ინარჩუნებ, თავს კარგად გრძნობ და უფრო ბედნიერი ხარ (იგავები 14:30; მათე 5:9). რაც მთავარია, როცა სხვებს პატიობ, თავის მხრივ, ღმერთიც გპატიობს (მათე 6:14, 15).

  3. საკუთარი თავი სხვების ადგილზე დააყენე. ჩვენ ყველა არასრულყოფილები ვართ (იაკობი 3:2). როცა სხვები გვპატიობენ, ძალიან მადლიერნი ვართ მათი; მსგავსად უნდა მოვექცეთ ჩვენც სხვებს და ვაპატიოთ (მათე 7:12).

  4. იყავი გონიერი. როცა ვინმეზე უმნიშვნელო რამის გამო ვართ განაწყენებული, კარგი იქნება, თუ გამოვიყენებთ ბიბლიაში მოცემულ რჩევას: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლოსელები 3:13).

  5. სწრაფად იმოქმედე. უმჯობესია, რაც შეიძლება მალე აპატიო მწყენინებელს, ვიდრე ბრაზი გადმოანთხიო (ეფესოელები 4:26, 27).

გაიგეთ მეტი

რას ნიშნავს ნამდვილი გულმოწყალება

იესომ ქალს, რომელიც შესაძლოა მეძავი იყო, უთხრა, რომ ეპატია ცოდვები. ხომ არ მოწმობდა იესოს სიტყვები იმაზე, რომ ღვთის კანონის დარღვევით არაფერი შავდებოდა?!

როგორ ვაპატიოთ

რატომ არის ზოგჯერ პატიება რთული? გაიგეთ, როგორ გვეხმარება ბიბლიური რჩევები.