წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რა არის ნათლობა?

რა არის ნათლობა?

ბიბლია გვპასუხობს:

ნათლობა ადამიანის წყალში სრულად ჩაძირვას ნიშნავს. * ამიტომ გასაგებია, რატომ მოინათლა იესო დიდ მდინარეში (მათე 3:13, 16). როგორც ჩანს, ეთიოპი საჭურისიც ღრმა წყალში მოინათლა. მან ნათლობა მაშინ ითხოვა, როცა ის და ფილიპე „წყალს მიადგნენ“ (საქმეები 8:36—40).

ნათლობის მნიშვნელობა

ბიბლიაში ნათლობა დამარხვასთან არის შედარებული (რომაელები 6:4; კოლოსელები 2:12). წყალში ნათლობა იმის სიმბოლოა, რომ ადამიანი კვდება წარსული ცხოვრებისთვის და იწყებს ახალ ცხოვრებას, როგორც ღვთისადმი მიძღვნილი ქრისტიანი. ნათლობისა და ნათლობამდე მიმყვანი ნაბიჯების მეშვეობით ღმერთი ადამიანს ეხმარება, ჰქონდეს სუფთა სინდისი. ამგვარი სინდისი ადამიანს იმ შემთხვევაში ექნება, თუ ის რწმენას გამოავლენს იესო ქრისტეს მსხვერპლის მიმართ (1 პეტრე 3:21). იესომ თავის მოწაფეებს მოუწოდა, მონათლულიყვნენ, რითაც აჩვენა, რომ ნათლობა მნიშვნელოვანია (მათე 28:19, 20).

გვათავისუფლებს ნათლობა ცოდვებისგან?

არა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ცოდვებისგან მხოლოდ ქრისტეს დაღვრილი სისხლი გვათავისუფლებს (რომაელები 5:8, 9; 1 იოანე 1:7). თუმცა ამისათვის ადამიანმა რწმენა უნდა გამოავლინოს იესოს მიმართ, თავისი ცხოვრება მის სწავლებებს შეუსაბამოს და მოინათლოს (საქმეები 2:38; 3:19).

ამართლებს ბიბლია ჩვილთა ნათლობას?

ჩვილთა ნათლობა ბიბლიაში საერთოდ არ არის ნახსენები. ზოგიერთ ეკლესიაში იმართება ცერემონია, რომლის დროსაც ჩვილს ნათლავენ (წყალს ასხურებენ ან თავზე ასხამენ) და სახელს არქმევენ. იმისათვის, რომ ადამიანი მოინათლოს, მან უნდა გაიგოს და ირწმუნოს „სასიხარულო ცნობა“ ღვთის სამეფოს შესახებ; ცხადია, ამისთვის შესაფერისი ასაკია საჭირო (საქმეები 8:12). ნათლობამდე ადამიანმა უნდა მოისმინოს ღვთის სიტყვა, გულით ირწმუნოს და მოინანიოს — რასაც ჩვილი ნამდვილად ვერ შეძლებს (საქმეები 2:22, 38, 41).

ბიბლიიდან აგრეთვე ვიგებთ, რომ ღვთის თვალში პატარა ბავშვები სუფთები და წმინდები არიან, თუ მათი მშობლები ღვთისადმი ერთგულებას ავლენენ (1 კორინთელები 7:14). ჩვილთა ნათლობა გამართლებული რომ ყოფილიყო, მათი განწმენდა მორწმუნე მშობლებზე აღარ იქნებოდა დამოკიდებული. *

მცდარი შეხედულებები ნათლობაზე

მცდარი შეხედულება: ნათლობისთვის აუცილებელი არ არის წყლით მთლიანად დაფარვა; ამისთვის წყლის მისხურება ან თავზე დასხმაც საკმარისია.

სინამდვილე: ბიბლიაში აღწერილი ნათლობის შემთხვევებიდან ჩანს, რომ ამ დროს ადამიანი მთლიანად წყლით იფარებოდა. მაგალითად, როდესაც ფილიპემ ეთიოპი საჭურისი მონათლა, ისინი „ჩავიდნენ წყალში“ და შემდეგ „წყლიდან ამოვიდნენ“ (საქმეები 8:36—39). *

მცდარი შეხედულება: ბიბლიაში არის ეპიზოდები, რომლებშიც ოჯახების ნათლობაა აღწერილი, მათ შორის პატარა ბავშვებისაც. მაგალითად, ფილიპელ ციხის ზედამხედველზე ნათქვამია: „ის და ყველა მისიანი დაუყოვნებლივ მოინათლნენ“ (საქმეები 16:31—34).

სინამდვილე: ციხის ზედამხედველმა და მათ, ვინც მასთან ერთად მოინათლა, ირწმუნეს „იეჰოვას სიტყვა“ და დიდად გაიხარეს (საქმეები 16:32, 34). ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ დროს ჩვილები არ მონათლულან, რადგან ისინი ვერ შეძლებდნენ იეჰოვას სიტყვის გაგებას.

მცდარი შეხედულება: იესო ჩვილთა ნათლობას უჭერდა მხარს, როცა თქვა, რომ მათნაირების იყო ღვთის სამეფო (მათე 19:13—15; მარკოზი 10:13—16).

სინამდვილე: იესო ამ სიტყვების წარმოთქმისას ნათლობაზე არ საუბრობდა. მას იმის თქმა უნდოდა, მას იმის თქმა სურდა, რომ ვისაც ღვთის სამეფოს დამკვიდრება უნდოდა, ბავშვებივით სწავლას მოწადინებული და თავმდაბალი უნდა ყოფილიყვნენ (მათე 18:4; ლუკა 18:16, 17).

^ აბზ. 3 ერთ-ერთი ლექსიკონის თანახმად, „ნათლობად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა, მომდინარეობს ზმნიდან „ჩაყვინთვა“ (Theological Dictionary of the New Testament, ტომი 1, გვ. 529).

^ აბზ. 10 ერთ-ერთი ბიბლიური ლექსიკონის თანახმად, ახალ აღთქმაში არაფერია მოხსენიებული ჩვილთა ნათლობის შესახებ. მასში აგრეთვე ნათქვამია, რომ ნათლობას არასწორი მნიშვნელობა მიანიჭეს, თითქოსდა მისი მეშვეობით ადამიანი ცოდვებისგან თავისუფლდებოდა. სწორედ ამ შეხედულების საფუძველზე დამკვიდრდა ჩვილთა ნათლობის ჩვეულება (The International Standard Bible Encyclopedia, ტომი 1, გვ. 416, 417).

^ აბზ. 13 „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „ფაქტია, რომ პირველი ეკლესიის წევრები ნათლობისას ადამიანს მთლიანად წყლით ფარავდნენ“ (ტომი 2, გვ. 59, ქვესათაური „ნათლობა (ბიბლიაში)“).

გაიგეთ მეტი

მონათვლა და ღმერთთან შენი ურთიერთობა

რა ნაბიჯები უნდა გადადგა მონათვლამდე? გაიგეთ, რისი სიმბოლოა და როგორ ხდება ნათლობა.