არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას ამბობს ბიბლია ნების თავისუფლებაზე? წინასწარ აქვს ღმერთს განსაზღვრული თქვენი მომავალი?

რას ამბობს ბიბლია ნების თავისუფლებაზე? წინასწარ აქვს ღმერთს განსაზღვრული თქვენი მომავალი?

ბიბლია გვპასუხობს:

ღმერთმა ნების თავისუფლებით დაგვაჯილდოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ღმერთი იღებს ჩვენ მაგივრად გადაწყვეტილებებს და არც ბედისწერა განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას. არჩევანს თავად ვაკეთებთ. განვიხილოთ, რას გვასწავლის ბიბლია:

  • ღმერთმა ადამიანები თავის ანარეკლად შექმნა (დაბადება 1:26). ცხოველებისგან განსხვავებით, რომლებსაც ძირითადად ინსტინქტი მართავს, ჩვენ შემოქმედის მსგავსად შეგვიძლია ისეთი თვისებები გამოვავლინოთ, როგორიცაა სიყვარული და სამართლიანობა. და როგორც ჩვენს შემოქმედს, ჩვენც გვაქვს თავისუფალი ნება.

  • მნიშვნელოვანწილად საკუთარ მომავალს თავად განვსაზღვრავთ. ბიბლია მოგვიწოდებს: „აირჩიე სიცოცხლე ... მოუსმინე მის [ღვთის] ხმას“ (კანონი 30:19, 20). ეს მოწოდება აზრს მოკლებული და მეტისმეტად მკაცრიც კი იქნება, თუ ღმერთი არ მოგვცემს არჩევნის უფლებას. ნაცვლად იმისა, რომ გვაიძულოს თავისი ნების შესრულება, ღმერთი გულთბილად გვეუბნება: „ო, ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით“ (ესაია 48:18).

  • ჩვენს წარმატებასა თუ წარუმატებლობას ნამდვილად არ განსაზღვრავს ბედისწერა. თუ გვინდა, რომ წარმატებული ვიყოთ, ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ ამისთვის. ბიბლიაში ვკითხულობთ: „რასაც ხელს მოჰკიდებ, აკეთე მთელი შენი ძალით“ (ეკლესიასტე 9:10). ღვთის სიტყვაში ასევე წერია: „მუყაითის გეგმები წარმატებულია“ (იგავები 21:5).

ნების თავისუფლება ღვთის ფასდაუდებელი ძღვენია, რადგან ჩვენ შეგვიძლია საკუთარი სურვილით „მთელი გულით“ შევიყვაროთ ღმერთი (მათე 22:37).

ნუთუ ღმერთი არ აკონტროლებს ყველაფერს?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა; არავის შეუძლია შეზღუდოს იგი გარდა იმ შემთხვევებისა, როცა თავად იკავებს თავს რაიმეს გაკეთებისგან (იობი 37:23; ესაია 40:26). მაგრამ ის არასდროს იყენებს თავის ძალას იმისათვის, რომ ყველაფერი აკონტროლოს. მაგალითად, ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთი „თავს იკავებდა“, როცა მის ხალხს ბაბილონელები, დაუძინებელი მტრები, ავიწროებდნენ (ესაია 42:14). მსგავსად, დღესაც ღმერთი მოთმინებას ავლენს მათ მიმართ, ვინც ბოროტად იყენებს ნების თავისუფლებას და სხვებს ზიანს აყენებს. მაგრამ იგი უსასრულოდ არ მოითმენს (ფსალმუნი 37:10, 11).