არჩეულ მასალაზე გადასვლა

რას ნიშნავს სიტყვები „პატივი ეცი მამას და დედას“?

რას ნიშნავს სიტყვები „პატივი ეცი მამას და დედას“?

ბიბლია გვპასუხობს:

ბიბლიაში არაერთ ადგილას ვხვდებით მოწოდებას „პატივი ეცი მამას და დედას“ (გამოსვლა 20:12; კანონი 5:16; მათე 15:4; ეფესოელები 6:2, 3). მშობლების პატივისცემა ოთხ მნიშვნელოვან მხარეს მოიცავს:

  1. დაფასება. მშობლების მიმართ პატივისცემას გამოავლენ, თუ მადლიერი იქნები იმ ყველაფრისთვის, რასაც ისინი შენთვის აკეთებენ. მადლიერებას იმით აჩვენებ, თუ მათ მითითებებს ითვალისწინებ (იგავები 7:1, 2; 23:26). როგორც ბიბლიაშია ნათქვამი მშობლები შვილებისთვის „მშვენება“ არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ შვილებმა უნდა იამაყონ მათით (იგავები 17:6).

  2. უფლებამოსილების აღიარება. დედ-მამას პატივს სცემ, თუ აღიარებ მათ უფლებამოსილებას, რომელიც ღვთისგან აქვთ ბოძებული. ასე მოქცევა განსაკუთრებით მოზარდებს მართებთ. კოლოსელების 3:20-ში წერია: „დაემორჩილეთ მშობლებს ყველაფერში, რადგან ეს მოსაწონია უფლისთვის“. პატარა იესოც კი სიხარულით ემორჩილებოდა თავის მშობლებს (ლუკა 2:51).

  3. ღირსეული მოპყრობა. (ლევიანები 19:3; ებრაელები 12:9). ხშირ შემთხვევაში ამაში იგულისხმება, რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ. ზოგჯერ შეიძლება მშობლების საქციელის გამო გაგიჭირდეთ მათ მიმართ პატივისცემის გამოვლენა. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი შვილები მშობლებს უპატივცემულოდ არ უნდა მოექცნენ და შეურაცხმყოფელი სიტყვებით არ უნდა მიმართონ (იგავები 30:17). ბიბლიის თანახმად, მშობლებისადმი ასეთი მოპყრობა სერიოზულ ცოდვად ითვლება (მათე 15:4).

  4. ზრუნვა. როცა მშობლები ასაკში შედიან, შესაძლოა მათ უფრო მეტად დასჭირდეთ დახმარება და მხარში დგომა. პატივისცემას გამოავლენ, თუ ყველაფერს გააკეთებ, რომ მშობლებს მზრუნველობა და ყურადღება არ მოაკლდეთ (1 ტიმოთე 5:4, 8). იესომ ამის კარგი მაგალითი მოგვცა. მან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე საყვარელ მოწაფეს დაავალა, ეზრუნა დედამისზე (იოანე 19:25—27).

მცდარი შეხედულებები მშობლების პატივისცემაზე

მცდარი შეხედულება: მშობლებს სრული უფლება აქვთ, ჩაერიონ წყვილის ოჯახურ ურთიერთობებში.

სინამდვილე: ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ცოლქმრული კავშირი ნებისმიერ ოჯახურ ურთიერთობაზე მაღლა დგას. დაბადების 2:24-ში ვკითხულობთ: „მიატოვებს კაცი მამას და დედას, [და] მიეკვრება ცოლს“ (მათე 19:4, 5). თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაქორწინებულ წყვილს შეუძლია ბევრი სასარგებლო რჩევა მიიღოს მშობლებისა თუ სხვა ნათესავებისგან (იგავები 23:22). მიუხედავად ამისა, წყვილს სრული უფლება აქვს, ნათესავებს არ მისცენ საშუალება, ზედმეტად ჩაერიონ მათ ოჯახურ ურთიერთობებში (მათე 19:6).

მცდარი შეხედულება: მშობლებს აბსოლუტური უფლებამოსილება აქვთ.

სინამდვილე: ღმერთმა მშობლებს ოჯახში გარკვეული უფლებამოსილება მიანიჭა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ აბსოლუტური უფლებები აქვთ, რადგან აბსოლუტური ძალაუფლება მხოლოდ ღმერთს გააჩნია. მაგალითად, როდესაც უმაღლესმა სასამართლომ იესოს მოწაფეებს ისეთი რამის გაკეთება უბრძანა, რაც ღვთის მითითებებს ეწინააღმდეგებოდა, მათ განაცხადეს: „ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“ (საქმეები 5:27—29). მსგავსად, შვილები მშობლებს ემორჩილებიან „უფალში“, — ყველაფერში, რაც ღვთის კანონებს არ ეწინააღმდეგება (ეფესოელები 6:1).

მცდარი შეხედულება: მშობლებისადმი პატივისცემა გვავალდებულებს, ჩვენც მათ რელიგიას მივეკუთვნებოდეთ.

სინამდვილე: ბიბლია მოგვიწოდებს, გამოვიკვლიოთ ჩვენი რელიგიური შეხედულებები და დავრწმუნდეთ, ჭეშმარიტია თუ არა ისინი (საქმეები 17:11; 1 იოანე 4:1). ვინც ასე იქცევა, შეიძლება ისეთი რელიგია აირჩიოს, რომელიც განსხვავდება მშობლების რელიგიისგან. ბიბლია მოიხსენიებს არაერთ ღვთის ერთგულ მსახურს, მაგალითად, აბრაამს, რუთსა და მოციქულ პავლეს, რომლებიც თავიანთი მშობლების რელიგიას არ იზიარებდნენ (იესო ნავეს ძე 24:2, 14, 15; რუთი 1:15, 16; გალატელები 1:14—16, 22—24).

მცდარი შეხედულება: მშობლების პატივისცემა ნიშნავს, მიჰყვე წინაპრების თაყვანისცემის ტრადიციას.

სინამდვილე: ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“ (ლუკა 4:8). ადამიანი, რომელიც თაყვანს სცემს წინაპრებს, ღვთის კეთილგანწყობას ვერ დაიმსახურებს. ბიბლია გვასწავლის, რომ „მკვდრებმა არაფერი იციან“. აქედან გამომდინარე, მათ არ შეუძლიათ დაეხმარონ ან ზიანი მიაყენონ ადამიანებს (ეკლესიასტე 9:5, 10; ესაია 8:19).