წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის ბიბლია მეცნიერებასთან?

წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის ბიბლია მეცნიერებასთან?

ბიბლია გვპასუხობს:

რა თქმა უნდა, არა. მართალია, ბიბლია არ არის სამეცნიერო ნაშრომი, მაგრამ თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ის ზუსტად აშუქებს მეცნიერულ საკითხებს. მოდი, განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი, საიდანაც დავინახავთ, რომ ბიბლია ნამდვილად არ მოდის წინააღმდეგობაში მეცნიერებასთან და მასში ისეთი მეცნიერული ფაქტებია ჩაწერილი, რომელთა შესახებაც ბიბლიურ დროში მცხოვრებ ბევრ ადამიანს წარმოდგენაც არ ჰქონდა; მეტიც, მათი შეხედულებები მკვეთრად განსხვავდებოდა ბიბლიაში ჩაწერილი ინფორმაციისგან.

  • ბიბლიის თანახმად, სამყაროს დასაწყისი ჰქონდა (დაბადება 1:1). ძველად გავრცელებული ლეგენდების მიხედვით, სამყარო ღმერთმა კი არ შექმნა, არამედ ქაოსმა წარმოშვა. ბაბილონელებს სჯეროდათ, რომ ღმერთები, რომელთაც, მათი აზრით, სამყაროს მისცეს დასაბამი, ორმა დიდმა ოკეანემ წარმოშვა. სხვა ლეგენდის თანახმად კი, სამყარო გიგანტური კვერცხისგან წარმოიშვა.

  • ბიბლიის თანახმად, სამყაროს ფიზიკური კანონები მართავს და არა ღვთაებები (იობი 38:33; იერემია 33:25). არაერთ ქვეყანაში გავრცელებული მითების მიხედვით, ადამიანები სრულიად უსუსურნი და დაუცველნი არიან სასტიკი და მეტად უცნაური ღვთაებების წინაშე.

  • ბიბლიის თანახმად, დედამიწას არა აქვს საყრდენი (იობი 26:7). ძველად ხალხს სჯეროდა, რომ დედამიწა ბრტყელი იყო და ის ბუმბერაზებს ეჭირათ ან კიდევ კუზე ან სპილოზე იდგა.

  • ბიბლიის თანახმად, მდინარეები იმ წყლით საზრდოობენ, რომელიც ოკეანეებიდან ორთქლდება და ნალექის სახით, იქნება ეს წვიმა, თოვლი თუ სეტყვა, უკან ბრუნდება (იობი 36:27, 28; ეკლესიასტე 1:7; ესაია 55:10; ამოსი 9:6). ძველად ბერძნებს სჯეროდათ, რომ მდინარეები მიწისქვეშა წყლებით საზრდოობდნენ; საზოგადოებაში ეს აზრი მე-18 საუკუნემდე იყო გავრცელებული.

  • იქ, სადაც ერთ დროს მთები იყო წამომართული, დღეს მათ კვალსაც ვეღარსად ნახავთ; ჩვენ თვალწინ გოროზად აზიდულ მთებს ერთ დროს ოკეანის წყლები ფარავდა (ფსალმუნი 104:6, 8). ზოგი მითის თანახმად კი, მთებს დასაბამი და ფორმა თავად ღვთაებებმა მისცეს.

  • ჰიგიენური ნორმების დაცვა კარგ ჯანმრთელობას უწყობს ხელს. ისრაელისთვის მიცემული კანონიდან ჩანს, რომ ებრაელებს ჰიგიენის ნორმების დაცვა მოეთხოვებოდათ; მაგალითად, მათ გვამის შეხების შემდეგ უნდა გაერეცხათ ტანსაცმელი და დაებანათ; უნდა განეცალკევებინათ ისინი, ვისაც გადამდები დაავადებები ჰქონდათ; აგრეთვე მიწაში უნდა ჩაეფლოთ ექსკრემენტები (ლევიანები 11:28; 13:1—5; კანონი 23:13). გაგიკვირდებათ და, მაშინ, როდესაც ისრაელებს ეს მითითებები მიეცათ, ეგვიპტელები ადამიანის ექსკრემენტებს ღია ჭრილობების სამკურნალოდ იყენებდნენ.

მეცნიერულად დაუსაბუთებელი ინფორმაციაა მოცემული ბიბლიაში?

თუ ბიბლიას კარგად გამოვიკვლევთ, მივხვდებით, რომ ეს ასე არ არის. ქვემოთ დაპირისპირებულია სიმართლე სიცრუესთან:

სიცრუე: ბიბლიაში წერია, რომ სამყარო ღმერთმა ექვს 24-საათიან დღეში შექმნა.

სიმართლე: ბიბლიაში სამყაროს შექმნის კონკრეტული თარიღი არ არის დასახელებული (დაბადება 1:1). დაბადების პირველ თავში მოხსენიებული შემოქმედებითი დღეები დროის გარკვეულ პერიოდზე მიუთითებს, რომლის ხანგრძლივობაც არ არის დაკონკრეტებული. დაბადების 2:4-ში კი მთლიანად შემოქმედებით პერიოდს ეწოდება „დღე“.

სიცრუე: ბიბლიაში წერია, რომ ღმერთმა ჯერ დედამიწის მცენარეული საფარი შექმნა და შემდეგ მზე, რაც ფოტოსინთეზის პროცესს შეუწყობდა ხელს (დაბადება 1:11, 16).

სიმართლე: ბიბლიის თანახმად, ჯერ ცა შეიქმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მზე სხვა ვარსკვლავებთან ერთად მანამდე შეიქმნა, სანამ დედამიწაზე მცენარეული საფარი გაჩნდებოდა (დაბადება 1:1). პირველი შემოქმედებითი დღის განმავლობაში სინათლემ ნელ-ნელა დაიწყო შემოღწევა დედამიწის ატმოსფეროში; მესამე შემოქმედებით დღეს კი მზის სინათლე იმდენად კაშკაშა გახდა, რომ ეს სრულიად საკმარისი იყო ფოტოსინთეზის პროცესისთვის (დაბადება 1:3—5, 12, 13). ამის შემდეგ კიდევ გარკვეული ხანი გავიდა, სანამ დედამიწიდან მზის დანახვა გახდებოდა შესაძლებელი (დაბადება 1:16).

სიცრუე: ბიბლიის თანახმად, მზე დედამიწის გარშემო ბრუნავს.

სიმართლე: ეკლესიასტეს 1:5-ში ნათქვამია: „მზე ანათებს, მზე ჩადის და კვლავ იმ ადგილისკენ ისწრაფვის, საიდანაც უნდა გამოანათოს“. ამ სიტყვებით აღწერილია ის, თუ როგორ აღიქმება დედამიწიდან მზის მოძრაობა. დღესაც კი, როცა ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ დედამიწა ტრიალებს მზის გარშემო, ბევრი მაინც ამბობს: „მზე ჩავიდა“ ან „მზე ამოვიდა“.

სიცრუე: ბიბლიაში წერია, რომ დედამიწა ბრტყელია.

სიმართლე: ბიბლია იყენებს ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „დედამიწის კიდეები“, რაც დედამიწის უკიდურეს წერტილებზე მიანიშნებს; მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედამიწა ბრტყელია ან პირდაპირი გაგებით კიდეები აქვს (საქმეები 1:8). ასე რომ, ფრაზა „დედამიწის ოთხი კიდე“ გადატანითი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ; ეს იგივეა, რომ გვეთქვა: „მთელი დედამიწის ზურგზე“. გადატანითი მნიშვნელობით მსგავსი აზრის მატარებელ სიტყვებს ადამიანები დღესაც იყენებენ, მაგალითად, როდესაც ამბობენ: „კომპასს ოთხი მიმართულება აქვს“ (ესაია 11:12; ლუკა 13:29).

სიცრუე: ბიბლია მხარს უჭერს იმ აზრს, რომ წრეწირის გარშემოწერილობა ზუსტად სამჯერ აღემატება მის დიამეტრს, არადა როგორც დადგენილია, დაახლოებით 3,1416-ჯერ (პი [π]) უნდა აღემატებოდეს.

სიმართლე: 1 მეფეების 7:23-სა და 2 მატიანეს 4:2-ში წერია, რომ „მრგვალი ზღვის“ „ერთი კიდიდან მეორემდე 10 წყრთა იყო“, ხოლო „გარშემო 30 წყრთა თოკი შემოსწვდებოდა“. ეს შესაძლოა დამრგვალებული ზომებია. აგრეთვე ისიც დასაშვებია, რომ მრგვალი ზღვის გარშემოწერილობა და დიამეტრი აუზის შიდა და გარეთა ზომებზე მიუთითებდეს.

გაიგეთ მეტი

კრეაციონისტები ხართ?

იცოდით თუ არა, რომ კრეაციონისტების ზოგიერთი მოსაზრება ეწინააღმდეგება ბიბლიას?

ბიბლია წიგნი ღვთისგან

როგორ დაგეხმარება ბიბლია პრობლემებთან გამკლავებაში? რატომ შეგიძლია ენდო ბიბლიაში ჩაწერილ წინასწარმეტყველებებს?