არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

როგორ შეუძლია იესო ქრისტეს მსხვერპლს მრავალთა გამოსყიდვა?

როგორ შეუძლია იესო ქრისტეს მსხვერპლს მრავალთა გამოსყიდვა?

ბიბლია გვპასუხობს:

იესო ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის მეშვეობით ღმერთი ადამიანებს ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან იხსნის. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იესოს დაღვრილ სისხლში გამოსასყიდი იგულისხმება (ეფესოელები 1:7; 1 პეტრე 1:18, 19). ამიტომაც თქვა იესომ, რომ ის საკუთარ სიცოცხლეს გაიღებდა „მრავალთა გამოსასყიდად“ (მათე 20:28).

რატომ გახდა საჭირო მრავალთა გამოსყიდვა?

ღმერთმა პირველი მამაკაცი, ადამი, სრულყოფილი შექმნა. იგი უცოდველი იყო. მას შეეძლო მარადიულად ეცხოვრა, მაგრამ დაკარგა ეს შესაძლებლობა, რადგან არ დაემორჩილა ღმერთს (დაბადება 3:17—19). ადამის ცოდვის შედეგები მის ყველა შთამომავალზე გავრცელდა (რომაელები 5:12). სწორედ ამიტომ ამბობს ბიბლია, რომ ადამმა საკუთარი თავი და შთამომავლობა ცოდვასა და სიკვდილს მიჰყიდა (რომაელები 7:14). ვერც ერთი არასრულყოფილი ადამიანი ვერ შეძლებდა იმის საფასურის გადახდას, რაც ადამმა დაკარგა (ფსალმუნი 49:7, 8).

ღმერთს ებრალებოდა ადამის შთამომავლები, რომლებიც უიმედო მდგომარეობაში იყვნენ (იოანე 3:16). თუმცა ღვთის სამართლიანი ნორმებიდან გამომდინარე, ჩვენს შემოქმედს არ შეეძლო თვალი დაეხუჭა და ეპატიებინა ცოდვები ადამიანებისთვის ყოველგვარი საფუძვლის გარეშე (ფსალმუნი 89:14; რომაელები 3:23—26). ღმერთს უყვარს კაცობრიობა და ამიტომ კანონიერი საფუძველი შექმნა ცოდვების მისატევებლად და მათ სამუდამოდ წასაშლელად (რომაელები 5:6—8). სწორედ გამოსასყიდი გახდა ეს კანონიერი საფუძველი.

რას ნიშნავს გამოსასყიდი?

ბიბლიაში მოხსენიებულ სიტყვა „გამოსასყიდს“ სამი მნიშვნელობა აქვს:

  1. ის არის საფასური (რიცხვები 3:46, 47).

  2. მისი მეშვეობით ხდება ვიღაცის ან რაღაცის გათავისუფლება ან გამოსყიდვა (გამოსვლა 21:30).

  3. ის არის შესაბამისი საფასური, რომლითაც ფარავენ ან ანაზღაურებენ რაიმეს ღირებულებას. *

დაფიქრდით, როგორ შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ მნიშვნელობებს იესო ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლი.

  1. საფასური. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ქრისტეს მიმდევრები ფასით არიან ნაყიდნი (1 კორინთელები 6:20; 7:23). ამ საფასურში ქრისტეს დაღვრილი სისხლი იგულისხმება, რომელიც მან იმისთვის გაიღო, რომ, ასე ვთქვათ, ეყიდა „ადამიანები ღვთისთვის ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან“ (გამოცხადება 5:8, 9).

  2. გათავისუფლება. იესოს გამოსასყიდი გვათავისუფლებს ცოდვისგან (1 კორინთელები 1:30; კოლოსელები 1:14; ებრაელები 9:15).

  3. შესაბამისი საფასური. იესოს მიერ მსხვერპლად გაღებული სრულყოფილი სიცოცხლე ზუსტად შეესაბამება იმას, რაც ადამმა დაკარგა, სრულყოფილ სიცოცხლეს (1 კორინთელები 15:21, 22, 45, 46). ბიბლია ამბობს: „როგორც ერთი კაცის [ადამის] ურჩობით გახდა ბევრი ცოდვილი, ასევე ერთის [იესო ქრისტეს] მორჩილებით გახდება მრავალი მართალი“ (რომაელები 5:19). აქედან ნათლად ვხედავთ, როგორ შეუძლია ერთი ადამიანის სიკვდილს მრავალთა ცოდვების გამოსყიდვა. იესოს მსხვერპლი არის „შესაბამისი გამოსასყიდი“ ყველასთვის, ვინც საჭირო ნაბიჯებს გადადგამს, რათა მისით ისარგებლოს (1 ტიმოთე 2:5, 6).

^ აბზ. 11 ბიბლიის ორიგინალში გამოყენებული სიტყვები, რომლებიც „გამოსასყიდად“ ითარგმნა, მიუთითებს საფასურზე, რომელსაც იხდიან. მაგალითად, „გამოსყიდვად“ ნათარგმნი ებრაული ზმნა ქაფარ, ძირითადად, დაფარვას ნიშნავს (დაბადება 6:14). ჩვეულებრივ, მასში ცოდვების დაფარვა იგულისხმება (ფსალმუნი 65:3). მისი მონათესავე არსებითი სახელი ქოფერ ცოდვების დასაფარავად ან გამოსასყიდად გადახდილ საფასურს ნიშნავს (გამოსვლა 21:30). მსგავსად, ბერძნული სიტყვა ლიტრონ, რომელიც ხშირად გამოსასყიდად ითარგმნება, შესაძლოა აგრეთვე ნიშნავდეს გამოსყიდვისთვის გადახდილ საფასურს (მათე 20:28). ბერძენი მწერლები ამ სიტყვას ტყვეების გამოსასყიდად ან მონების გასათავისუფლებლად გადახდილი საფასურის აღსანიშნავად იყენებდნენ.

გაიგეთ მეტი

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

გამოსასყიდი ღვთის უძვირფასესი საჩუქარი

რა არის გამოსასყიდი? როგორ ემსახურება ის შენს კეთილდღეობას?