არჩეულ მასალაზე გადასვლა

როგორ გვიხსნის იესო?

ბიბლიის თვალსაზრისი

იესოს საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად გაღებით ღვთის ერთგულთათვის ხსნა მოაქვს (მათე 20:28). სწორედ ამიტომ მოიხსენიებს ბიბლია იესოს „ქვეყნიერების მხსნელად“ (1 იოანე 4:14). მასში აგრეთვე ნათქვამია: „სხვა არავისში არ არის ხსნა, რადგან არ არსებობს ცის ქვეშ ადამიანებისთვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით“ (საქმეები 4:12).

იესომ „სიკვდილი იგემა ყველას გულისთვის“, ვინც რწმენას ავლენს მის მიმართ (ებრაელები 2:9; იოანე 3:16). მაგრამ „ღმერთმა ის მკვდრეთით აღადგინა“, რის შემდეგაც იესო ზეცაში დაბრუნდა როგორც სულიერი ქმნილება (საქმეები 3:15). „ამიტომ მას შეუძლია სრულად იხსნას ისინი, ვინც მისი მეშვეობით უახლოვდებიან ღმერთს, რადგან ის მარად ცოცხალია, რათა უშუამავლოს მათ“ (ებრაელები 7:25).

რატომ გვჭირდება იესოს შუამავლობა?

ყველანი ცოდვილები ვართ (რომაელები 3:23). ცოდვა, რომლის საზღაურიც სიკვდილია, გვაშორებს ღმერთს (რომაელები 6:23). მაგრამ იესო ეხმარება მათ, ვინც მისი მსხვერპლისადმი რწმენას ავლენს (1 იოანე 2:1). იესო გვშუამავლობს ღმერთთან, ანუ ევედრება მას, რომ მოუსმინოს ჩვენს ლოცვებს და გვაპატიოს ცოდვები მისი მსხვერპლის საფუძველზე (მათე 1:21; რომაელები 8:34). ღმერთი ასეც იქცევა, რადგან იესოს სათხოვარი მის ნებას შეესაბამება. ღმერთმა იესო დედამიწაზე იმისთვის გამოგზავნა, „რომ მისი მეშვეობით გადარჩენილიყო ქვეყნიერება“ (იოანე 3:17).

საკმარისია გადასარჩენად იესოს მიმართ რწმენა?

არა. ხსნის მისაღებად საკმარისი არ არის, გვწამდეს იესო (საქმეები 16:30, 31). ბიბლიაში ნათქვამია: „როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ისე რწმენაა მკვდარი საქმეების გარეშე“ (იაკობი 2:26). ხსნის მისაღებად საჭიროა:

  • მივიღოთ ცოდნა იესოსა და მისი მამის, იეჰოვას შესახებ (იოანე 17:3).

  • განვივითაროთ რწმენა მათ მიმართ (იოანე 12:44; 14:1).

  • დავემორჩილოთ მათ მითითებებს და ამგვარად ცხადვყოთ, რომ გვაქვს რწმენა (ლუკა 6:46; 1 იოანე 2:17). იესომ თქვა, რომ ყველა არ გადარჩებოდა, ვინც მას „უფალოთი“ მიმართავდა, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც მისი მამის ნებას შეასრულებდა (მათე 7:21).

  • განვაგრძნოთ რწმენის გამოვლენა სირთულეების მიუხედავად. ამას იესომაც გაუსვა ხაზი, როდესაც თქვა: „ბოლომდე მომთმენი გადარჩება“ (მათე 24:13).