წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რა არის ქრისტეს მოსვლა?

რა არის ქრისტეს მოსვლა?

ბიბლია გვპასუხობს:

ღვთის სიტყვაში ბევრ ადგილას არის ნახსენები, რომ მომავალში ქრისტე მოვა, როგორც მოსამართლე და განსჯის დედამიწაზე მცხოვრებ ხალხს. * მაგალითად, მათეს 25:31—33-ში ნათქვამია:

„როცა მოვა კაცის ძე [იესო ქრისტე] ანგელოზებთან ერთად თავისი დიდებით, მაშინ თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება. შეიკრიბება მის წინაშე ყველა ხალხი და გამოაცალკევებს ადამიანებს ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი აცალკევებს ცხვრებს თხებისგან. ცხვრებს მარჯვნივ დაიყენებს, თხებს კი — მარცხნივ“.

ეს გასამართლება „დიდი გასაჭირის“ დროს მოხდება, რომლის მსგავსიც არ ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში. დიდი გასაჭირი თავის კულმინაციას არმაგედონის ომში მიაღწევს (მათე 24:21; გამოცხადება 16:16). ქრისტეს მტრები, რომლებიც მის მიერ მოყვანილ მაგალითში თხებად არიან მოხსენიებულნი, „სასჯელად მარადიულ განადგურებას მიიღებენ“ (2 თესალონიკელები 1:9; გამოცხადება 19:11, 15). მათგან განსხვავებით, ღვთის ერთგული მსახურები, რომლებიც ცხვრებად არიან მოხსენიებულნი, „მარადიულად იცოცხლებენ“ (მათე 25:46).

როდის მოვა ქრისტე?

იესომ თქვა: „იმ დღესა და საათზე ... არავინ იცის“ (მათე 24:36, 42; 25:13). მიუხედავად ამისა, მან აღწერა არაერთი მოვლენის მომცველი ხილული ნიშანი, რაც მისი მოსვლის მიმანიშნებელი იქნებოდა (მათე 24:3, 7—14; ლუკა 21:10, 11).

ხორციელი სხეულით მოვა ქრისტე თუ სულიერით?

იესო სულიერი სხეულით აღდგა, ამიტომ ის სულიერი სხეულით მოვა და არა ხორციელით (1 კორინთელები 15:45; 1 პეტრე 3:18). სწორედ ამიტომ უთხრა იესომ სიკვდილამდე თავის მოციქულებს: „ცოტაც და ქვეყნიერება ვეღარ მიხილავს“ (იოანე 14:19).

გავრცელებული არასწორი შეხედულებები ქრისტეს მოსვლის შესახებ

არასწორი შეხედულება: როდესაც ბიბლიაში ნათქვამია, რომ ხალხი იხილავს „ცის ღრუბლებზე მომავალ“ იესოს, ეს იმას ნიშნავს, რომ იესო ხილულად მოვა (მათე 24:30).

სინამდვილე: ბიბლია ხშირად ღრუბლებს იმ კონტექსტში იხსენიებს, როცა რაღაც დაფარულია თვალთახედვის არიდან (ლევიანები 16:2; რიცხვები 11:25; კანონი 33:26). მაგალითად, ღმერთმა უთხრა მოსეს: „აი! შავ ღრუბელში მოვდივარ შენთან“ (გამოსვლა 19:9). მოსეს პირდაპირი გაგებით ღმერთი არ უხილავს. მსგავსად ამისა, ქრისტე იმ გაგებით მოდის ღრუბლებზე, რომ ხალხი მიხვდება მის მოსვლას, თუმცა ფიზიკური თვალებით ვერ დაინახავენ მას.

არასწორი შეხედულება: გამოცხადების 1:7-ში ჩაწერილი სიტყვები „დაინახავს მას ყოველი თვალი“, რომელიც ქრისტეს მოსვლას ეხება, პირდაპირი გაგებით უნდა გავიგოთ.

სინამდვილე: ბიბლიაში გამოყენებული ბერძნული სიტყვები, რომლებიც ქართულად ითარგმნება, როგორც „თვალი“ და „დანახვა“, ზოგჯერ რაღაცის მიხვედრის ან ჩაწვდომის მნიშვნელობით გამოიყენება და არა პირდაპირი გაგებით რაღაცის დანახვის მნიშვნელობით (მათე 13:15; ლუკა 19:42; რომაელები 15:21; ეფესოელები 1:18). * ბიბლიაში ნათქვამია, რომ მკვდრეთით აღმდგარი იესო „მკვიდრობს მიუწვდომელ სინათლეში, კაციშვილს არ უნახავს და ვერც ნახავს“ (1 ტიმოთე 6:16). ამგვარად სიტყვები „დაინახავს მას ყოველი თვალი“ იმას ნიშნავს, რომ ყველა მიხვდება, რომ სწორედ იესო არის ის, ვინც ღვთის განაჩენს აღასრულებს (მათე 24:30).

არასწორი შეხედულება: 2 იოანეს მე-7 მუხლში ჩაწერილი სიტყვებიდან ჩანს, რომ იესო ხორციელად მოვა.

სინამდვილე: ამ ბიბლიურ მუხლში ვკითხულობთ: „ბევრი მატყუარა გაჩნდა ქვეყანაზე, რომლებიც არ აღიარებენ, რომ იესო ქრისტე ხორციელად მოვიდა“.

მოციქულ იოანეს დღეებში ზოგი უარყოფდა, რომ იესო დედამიწაზე ხორციელად მოვიდა. ესენი იყვნენ გნოსტიკოსები. 2 იოანეს მე-7 მუხლი მათ მცდარ არგუმენტს აბათილებს.

^ აბზ. 3 მართალია, ბევრი, როცა ქრისტეს მოსვლაზე საუბრობს, იყენებს ისეთ გამოთქმას, როგორიცაა „მეორედ მოსვლა“, მაგრამ ეს და მსგავსი გამოთქმები ბიბლიაში არსად გვხვდება.

^ აბზ. 14 იხილეთ The New Thayer’s Greek-English Lexicon of the New Testament, 1981, გვერდები 451 და 470 (ინგლ.).

გაიგეთ მეტი

რა არის ღვთის სამეფო?

გაეცანი, რატომ არის ღვთის სამეფო სხვა ყველა მთავრობებზე აღმატებული

ნამდვილად „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?

დაფიქრდით: ადამიანთა საქციელი და აზროვნება ნამდვილად ამტკიცებს, რომ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებ „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ.