არჩეულ მასალაზე გადასვლა

რა იყო თავდაპირველი ცოდვა?

ბიბლიის თვალსაზრისი

ადამი და ევა იყვნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც შესცოდეს. ისინი არ დაემორჩილნენ ღმერთს და იგემეს „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან“, რითაც ჩაიდინეს ის, რასაც ბევრი „თავდაპირველ ცოდვას“ უწოდებს * (დაბადება 2:16, 17; 3:6; რომაელები 5:19). ადამსა და ევას ეკრძალებოდათ იმ ხიდან ჭამა, რადგან ის წარმოადგენდა ღვთის უფლებამოსილებას, თავად გადაეწყვიტა, რა იყო მათთვის სწორი და რა — არასწორი. აკრძალული ხიდან ჭამით, ადამმა და ევამ გადაწყვიტეს, თავად აერჩიათ სწორი და არასწორი. ამგვარი ქმედებით მათ უგულებელყვეს ღვთის მორალური უფლებამოსილება.

 როგორ იმოქმედა „თავდაპირველმა ცოდვამ“ ადამსა და ევაზე?

ცოდვის ჩადენის გამო ადამი და ევა დაბერდნენ, ბოლოს კი დაიხოცნენ. მათ გაიფუჭეს ღმერთთან ურთიერთობა და დაკარგეს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა (დაბადება 3:19).

 როგორ მოქმედებს ჩვენზე „თავდაპირველი ცოდვა“?

ადამმა და ევამ თავიანთ შთამომავლებს ცოდვა უმემკვიდრეს. ეს იმის მსგავსია, მშობლებმა თავიანთ შვილს გენეტიკური დაავადება რომ გადასცენ (რომაელები 5:12). მას შემდეგ ყველა ადამიანი ცოდვილი * იბადება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაბადებიდან ყველანი არასრულყოფილები ვართ და მიდრეკილნი ვართ არასწორი საქციელის ჩადენისკენ (ფსალმუნი 51:5; ეფესოელები 2:3).

მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის, ანუ არასრულყოფილების გამოა, რომ ავად ვხდებით, ვბერდებით და ვკვდებით (რომაელები 6:23). გარდა ამისა, ჩვენი თუ სხვისი არასწორი საქციელის შედეგებიც ცუდად მოქმედებს ჩვენზე (ეკლესიასტე 8:9; იაკობი 3:2).

 შეგვიძლია თავი დავაღწიოთ „თავდაპირველი ცოდვის“ შედეგებს?

დიახ. ბიბლია ამბობს, რომ იესო მოკვდა „შერიგების მსხვერპლად ჩვენი ცოდვების გამო“ (1 იოანე 4:10). იესოს მიერ გაღებულ მსხვერპლს შეუძლია გაგვათავისუფლოს მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის შედეგებისგან. ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ ის, რაც ადამმა და ევამ დაკარგეს — სრულყოფილი ჯანმრთელობა და მარადიული სიცოცხლე (იოანე 3:16). *

 „თავდაპირველი ცოდვის“ არასწორი ინტერპრეტაცია

მცდარი შეხედულება: „თავდაპირველი ცოდვის“ გამო სამუდამოდ ჩამოვშორდით ღმერთს.

სინამდვილე: ღმერთი ჩვენ არ გვდებს ბრალს იმაში, რაც ადამმა და ევამ ჩაიდინეს. მან იცის, რომ არასრულყოფილები ვართ და არ გვთხოვს იმაზე მეტის გაკეთებას, რაც ჩვენს ძალებს აღემატება (ფსალმუნი 103:14). მართალია, მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამო სავალალო მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ღმერთთან ახლო ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობა არ დაგვიკარგავს (იგავები 3:32).

მცდარი შეხედულება: ნათლობა გვათავისუფლებს „თავდაპირველი ცოდვისგან“, ამიტომ საჭიროა, ჩვილობაშივე მოინათლოს ადამიანი.

სინამდვილე: მართალია, ხსნის მისაღებად ნათლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ცოდვისგან ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ იმის რწმენა განწმენდს, რომ იესოს მსხვერპლს გამოსყიდვის ძალა აქვს (1 პეტრე 3:21; 1 იოანე 1:7). ნამდვილი რწმენა ცოდნაზე უნდა იყოს დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ახალშობილს რწმენა გააჩნდეს. ამიტომ ბიბლია მხარს არ უჭერს ჩვილთა ნათლობას. პირველი ქრისტიანების ისტორიიდან აშკარად შეიძლება ამის დანახვა. ისინი ჩვილები კი არ ინათლებოდნენ, არამედ „ქალები და კაცები“, რომელთაც ღვთის სიტყვისადმი რწმენა ჰქონდათ (საქმეები 2:41; 8:12).

მცდარი შეხედულება: ღმერთმა დაწყევლა ქალები, რადგან ევამ პირველმა იგემა აკრძალული ნაყოფი.

სინამდვილე: ღმერთმა ევა კი არ დაწყევლა, არამედ „ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია“ და რომელმაც ევას ცოდვა ჩაადენინა (გამოცხადება 12:9; დაბადება 3:14). უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ღმერთმა ჩადენილი ცოდვის გამო პასუხისმგებლობა ადამს დააკისრა და არა მის ცოლს (რომაელები 5:12).

რატომ თქვა ღმერთმა, რომ ადამი იბატონებდა თავის ცოლზე? (დაბადება 3:16). ამ განაცხადით ღმერთს ის კი არ უთქვამს, რომ მისთვის მისაღები იქნებოდა მსგავსი საქციელი, მან უბრალოდ იწინასწარმეტყველა ცოდვის სავალალო შედეგები. იეჰოვა მოითხოვს, რომ კაცს უყვარდეს ცოლი და პატივს სცემდეს მას. ღმერთს სურს, რომ, ზოგადად, მამაკაცები დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ მანდილოსნებს (ეფესოელები 5:25; 1 პეტრე 3:7).

მცდარი შეხედულება: „თავდაპირველ ცოდვაში“ სქესობრივი კავშირი იგულისხმება.

სინამდვილე: შემდეგი მიზეზების გამო შეუძლებელია „თავდაპირველი ცოდვა“ სქესობრივი კავშირი ყოფილიყო:

  • როდესაც ღმერთმა ადამს უთხრა, არ ეჭამა ბოროტებისა და სიკეთის შეცნობის ხიდან, ადამი მარტო იყო; მას ჯერ არ ჰყავდა ცოლი (დაბადება 2:17, 18).

  • ღმერთმა უთხრა ადამსა და ევას, გამრავლებულიყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შვილები უნდა ჰყოლოდათ (დაბადება 1:28). თუ ღმერთი მათ თავისივე მიცემული დავალების შესრულების გამო დასჯიდა, ეს ნამდვილად უსამართლობა იქნებოდა.

  • ადამმა და ევამ ცალ-ცალკე შესცოდეს. ჯერ ევამ, მოგვიანებით კი — მისმა ქმარმა (დაბადება 3:6).

  • ბიბლია არ განსჯის ცოლ-ქმარს შორის სქესობრივ ურთიერთობას (იგავები 5:18, 19; 1 კორინთელები 7:3).

^ აბზ. 3 გამოთქმა „თავდაპირველი ცოდვა“ ბიბლიაში არ გვხვდება. სიმართლე რომ ვთქვათ, პირველი ცოდვა, რომლის შესახებაც ბიბლია საუბრობს, არის სატანის ტყუილი, რომელიც მან ევას უთხრა (დაბადება 3:4, 5; იოანე 8:44).

^ აბზ. 11 ბიბლიაში სიტყვა „ცოდვა“ მხოლოდ არასწორ საქმეებზე კი არ მიუთითებს, არამედ არასრულყოფილ, ცოდვილ მდგომარეობაზე, რაც მემკვიდრეობით გადმოგვეცა.

^ აბზ. 14 იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის გამოსასყიდი და რა სიკეთის მოტანა შეუძლია მას ჩვენთვის, იხილეთ სტატია „როგორ გვიხსნის იესო?“.